ქალის დანახვაზე გაოცებით და საყვედურით გაშალა ხელები, სად დაიკარგეო, წამოდგა და სკამი გამოუჩოჩა, მერე სიტყვიერადაც ჰკითხა:

– სად დაიკარგე?

– ტყეში.

– მგელი შეგხვდა?

– ჰო.

– შეგეშინდა?

– ჰო, რატომ არ წამოხვედი, შალვას ეძებდი? – ნიკო კი არა, თავისი თავი დაგესლა ქალმა და მაშინვე სინანულით იგრძნო, თუ რა მწარედ ეტკინა კაცს ეს შეკითხვა.

– ჰო, ვეძებდი. – წყნარად, ბოდიშის მომხდელად უთხრა მან.

– რაო მერე? – ნაძალადევი ინტერესით ჰკითხა ქალმა.

ნიკო შეყოვნდა, იმ გესლიანი შეკითხვის მოჯიბრე ბოროტი სიხარულით აფართხალებულ გულს ჩაცხრობა აცალა და დინჯად უთხრა:

– აღმოვაჩინე. – ეგონა ქალი არ დამიჯერებს და ისევ მიკბენსო, მაგრამ თინა მიხვდა, რომ კაცი ტყუილს არ ამბობდა და წინასწარ მომზადებული ცინიკურად თანამგრძნობელი ღიმილი სახეზე შეეყინა.

– სად?

– აქ.

– როგორ?

– ისე. ვიკითხე და მითხრეს, სადაც არის: ოღონდ შალვა კი არა ლადო ჰქვია, ვლადიმერი, და აქ კი არ მუშაობს, რესტორან “სამთასში” თუ “სამთავისში”. უკან უნდა დავბრუნდეთ.

– უკან? – თინა თითქმის მექანიკურად აძლევდა შეკითხვებს, რადგან ჯერ კიდევ ვერ მისწვდენოდა მის შეგნებას, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო.

– ჰო, უკან. თურმე გამოგვივლია და ვერ შეგვინიშნავს. უკეთესი არაა?

– კი, თავი დაუქნია ქალმა. – უკეთესია, რა თქმა უნდა…

ნიკო მიხვდა, თუ რა იფიქრა ქალმა ამ უკან დაბრუნებაზე: მან უცებ იაზრა, რომ კაცმა გადაიიფიქრა გზის გაგრძელება, ხელი აიღო თავის განზრახვაზე, შინ დაბრუნება გადაწყვიტა და ეს გამორჩენილი რესტორანი და იქ ბობრი კაცის ყოფნა ამის საბაბად მოიგონა. მიხვდა ამას და გამომცდელად შეხედა ქალს, უნდოდა გამოეცნო, გაუხარდა თუ ეწყინა ეს ამბავი, მაგრამ თინას არც სიხარული ეტყობოდა და არც წყენა, რაღაც სულ სხვა განცდა ეხატა სახეზე: მას უცებ შვილი გაახსენდა! მთელი გზის განმავლობაში თითქმის პირველად წარმოუდგა თვალწინ მისი მომლოდინე, გზას მიციცქირებული სახე და გული დაეთუთქა, მაშინვე ისიც გაისაცნაურა, რომ ბოლოს და ბოლოს მართლა უნდა დაბრუნებულიყო შინ, სულ ერთია, წინ წავიდოდნენ თუ უკან, მართლა ნახავდნენ თუ არა იმ კაცს, შალვა იყო თუ ლადო, ბოლოს მაინც სახლში უნდა მისულიყო, რადგან სხვაგან ვერსად წავიდოდა, სხვა გზა არ ჰქონდა, ავად თუ კარგად, სადმე შეწყდებოდა ეს მოგზაურობა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ნიკოს სიტყვების სიმართლეში კი ეჭვიც არ შეჰპარვია – ეს ვერ გამოიცნო კაცმა – ეჭვიც არ შეჰპარვია, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რას შეიტყობდნენ იმ რესტორანში, რამე ისეთს გაიგებდნენ, რაც დაკარგული ქმრის აღმოჩენაში დაეხმარებოდა, თუ მის არყოფნაში დაარწმუნებდა, მთავარი ის იყო, რომ ნიკოს უნდა დაშორებოდა და შინ დაბრუნებულიყო, რათა მერე მარტო ქმარზე კი არ ეფიქრა, მარტო მისი სიყვარული კი არ ეტარებინა აუტანელ ტვირთად, ნიკოსთან გატარებული დღეების ხსოვნაც ამ ტვირთისათვის მიემატებინა, იმაზეც უნდა ეტეხა თავი, თუ რა იყო, ეს წუთიერი გატაცება თუ ნამდვილი გრძნობა, ერთმანეთისთვის შეედარებინა: ის – ტლანქი და ველური, ყველაფრის წამრთმევი და დამთრგუნველი, თავისი მტაცებელი სიმართლით მომნუსხავი და ეს – თვინიერი და მორჩილი, შეგუებული აზრებითა და ნატიფი საქციელით სანდო, უბრალო და ადამიანური სიხარულის მომცემი, რომელიც მუდამ ენატრებოდა და აწი უფრო მოენატრება, რაკიღა ერთხელ იგემა მასთან ზიარების მშვიდი და ნათელი ბედნიერება.

– წავიდეთ. რაღას ველოდებით, – უთხრა კაცს და წამოდგა. – დროს ნუღარ დავკარგავთ.

– რა გეჩქარება?

ქალმა არ უპასუხა, ოღონდ ისეთი სახით შეხედა, რომ ყველაფერი ნათელი იყო: უკვე აზრი აღარ ჰქონდა ამ ერთმანეთის მომფრთხილებელ და თვალთმაქცურ თამაშს. ამიტომ კარგა ხანს უხმოდ ისხდნენ მანქანაში და თითქმის უფიქრო და გულგაწვრილებული მოლოდინით შეჰყურებდნენ კოკისპირული წვიმით ანიაღვრებულ გარემოს: შუქფარების ჭავლი ორიოდე ნაბიჯზე ჰკვეთდა ჩამობურულ სივრცეს, წვიმის ფარდაზე ირეკლებოდა და ჭუპრის პარკივით ეხვეოდა ირგვლივ შხუილითა და ჭაპანწყვეტით მიმავალ მანქანას. ნიკო გაფაციცებით მისჩერებოდა გზას და ყოველ შენობას ყურადღებით აკვირდებოდა, რადგან უკვე, მისი ვარაუდით, მიზნის სიახლოვეს უნდა ყოფილიყვნენ და ცდილობდა, ისევ არ გამოჰპარვოდა რესტორნის არსებობის მაუწყებელი რაიმე ნიშანი, თან იმაზე ფიქრობდა, რომ ამ მერეხში გზის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა და ღამის გასათევზეც უნდა ეზრუნა, მით უმეტეს, რომ მთლად გაწამებული და თავმობეზრებული თინა სავარძელში მოკუნტულიყო, ჟაკეტი მხრებზე მოეფუთნა და დაქანცულობისაგან ილულებოდა.

– სადაცაა მივალთ, – შეეხმიანა ნიკო. – ეს ამინდიც რაღა ახლა გადაირია, არაფერი არ ჩანს.

– სად მივალთ? – ჰკითხა ქალმა.

– რესტორანში. ამისთვის არ მოვბრუნდით?

ხელმარცხნივ, მოხრეშილი მოედნის სიღრმეში მთის კალთას მიკრული განათებული შენობა იდგა.

– მოვსულვართ, – თქვა ნიკომ და გულში ყინულივით ცივი, გამდნარი სიმძიმე ჩაეღვარა. – თუ დაკეტილი არ არის.

მაგრამ რესტორანი ღია იყო. აქედანვე მოჩანდა გამჭვირვალე ფარდებს იქით ბუნდოვნად მორიალე ლანდები.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39