– დამშვიდდით ქალბატონო… – როგორც იქნა, მოახერხა ნიკომ სიტყვის ჩაგდება და მაშინვე ინანა, რომ აქამდე არ ქნა ეს, რადგან ქალმა, თითქოს მხოლოდ ამას ელოდაო, იმ წამსვე ენა გადაყლაპა და ნიკოს მიაციცქირდა.

– გეყოფა ახლა, ჰო, ნუ გადარიე ეს უცხო კაცი… – გაუბედავად წამოეშველა ნიკოს დახლიდარი. – მთელი ქვეყანა შევძარით და ვერაფერი გავიგეთ. მაგ ადამიანმა რა უნდა ქნას მეტი, თუ ღმერთმა ქნა და ცოცხალია, თავისით გამოჩნდება ადრე თუ გვიან, ან მიაგნებენ სადმე, ძებნა კი არ შეუწყვეტიათ. თუ არა და, იმასაც გავიგებთ. ამ დროში ასე კაცის გაქრობა არ გამიგონია მე, ნემსი ხომ არაა, ადამიანია. რავა შეიძლება წინასწარ თავის მოკვლა, ვინ მიხედავს მერე მის ანგელოზ ცოლ-შვილს, იმ ბავშვს გაზრდა ხომ უნდა! შეუძახე თავს, ვაჟკაცი არ ხარ?

– ვინაა ვაჟკაცი და ვინ არა, დავინახე მე მაგი! – ისევ იფეთქა ქალმა. – ლაჩრებით და დედაკაცებით რომაა სავსე ქვეყანა, იმიტომ ვარ ახლა ამ დღეში. ღმერთო, ყველას წაამწარე და არმად უქციე, რაც ჩემი ბიჭისაგან და ჩემი ოჯახიდან სიკეთე მიუღიათ, ღმერთო! – ხელისგულებით მოასირსვალა ქალმა ყველა, ვისაც გულისხმობდა ამ თავგადაკლულ და ღვარძლიან ვედრებაში.

– გაჩუმდი ახლა, ლუბა, გაჩუმდი! ეშველება მაგით იმ ბიჭს რამე თუ? – შეუწყრა ქალს ფეხზე მდგომი აყლაყუდა კაცი, რომელსაც ნიკო პირველად ხედავდა და აქამდე შემთხვევით შემოხეტებული გამვლელი ეგონა.

– ჰოი, შენ მაინც იცი, რომ არ იყო ჩემი ბიჭი მაგის ჩამდენი, მაგრამ კაცს რომ ერთხელ სახელს გაუტეხენ, მერე არავის არ სჯერა მისი, მთლად ანგელოზიც რომ იყოს.

– ანგელოზის რა მოგახსენო, მაგრამ მაგაში მართალი ხარ, – თქვა აყლაყუდამ და თავისი გაბედულებით კმაყოფილმა თავმომწონედ მიმოიხედა ირგვლივ. – იმ ამბის მერე ჭიანჭველასთვისაც რომ დაედგა ფეხი, მკვლელობად ჩაუთვლიდნენ, არ იცი მაგი?

– რა ამბის? – ჰკითხა ნიკომ უფრო იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა და მოჩვენებითი ინტერესით შეენიღბა თავისი გულგრილობა იმის მიმართ, რაც აქ ხდებოდა. უკვე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ქალს მხოლოდ და მხოლოდ მეზობლების თვალში შვილის გამართლების სურვილი ამოძრავებდა და მისი საქციელი იმდენად ყალბ და თვალთმაქცური გულწრფელობით გათამაშებულ წარმოდგენად ეჩვენა, რომ უკვე არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა უფრო გულდასმით ჩასწვდენოდა ქალის მწუხარებას და მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე იოლად გამომძვრალიყო ამ საქმიდან. ამიტომ იკითხა ყასიდი ინტერესით, რა ამბისო, და როცა არავინ ხმა არ გასცა და როცა მძიმე, შიშით დანაღმულ მდუმარება, გამეფდა ირგვლივ, უკვე მართლა ცნობისწადილით გაიმეორა თავისი საბედისწერო შეკითხვა, მაგრამ ქალმა უხმოდ, დამნაშავის მომბოდიშებელი გამომეტყველებით წამოხვეტა მაგიდაზე გაშლილი ქაღალდები, ძლივძლივობით წამოითრია წელი და სამრეცხაოსკენ წაბაჯბაჯდა, სხვები კი ერთხანს ისევ მდუმარედ ისხდნენ, მერე ნელ-ნელა შეაქციეს ზურგები ნიკოს, ერთმანეთს დაუბრუნდნენ და ტაატით დაძრეს ადგილიდან ლუბას მოულოდნელი თავგადასავლის გამო შეწყვეტილი საუბრები.

თავისი შეკითხვის პასუხი კი ნიკომ გამომძიებელთან პირველივე შეხვედრაზე მიიღო, როცა მისი მიკიბულ-მოკიბული და საკუთარ უფლებამოსილებაში დაეჭვებული ლაპარაკით გაბეზრებულმა მართლმსაჯულების მსახურმა, ბოლოს და ბოლოს, უცერემონიო პირდაპირობით ჰკითხა:

– თქვენ გსურთ დაამტკიცოთ გამოძიების მიკერძოება, ასე არ არის?

– თითქმის… – ყოყმანით უპასუხა ნიკომ. – თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მე მინდა ვიცოდე, პირადად თქვენ დარწმუნებული ხართ თუ არა მის დანაშაულში.

გამომძიებელმა შუბლი შეიჭმუხნა, რატომღაც გულმოდგინედ დაქაჩა ტანზე ისედაც კოხტად მორგებული ძვირფასი კოსტიუმის სახელოები, შემდეგ დაჯდა, საფუძვლიანად მოერგო სავარძელს, ხელები მაგიდაზე დააწყო, თითები საგანგებო ნერვიულობით აათამაშა და ცერად ახედა ნიკოს, კარგა ხანს უყურა ასე დაკვირვებით და ორაზროვნად, მერე სახეზე ირონიულთან ერთად, შემწყნარებელი ღიმილის გამოხატა და თითქოს გულგრილად ჰკითხა:

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მწერალი გახლავართ, – ნიშნის მოგებით უთხრა ნიკომ, რადგან მაშინვე დაიჭირა გამომძიებლის პროფესიული ირონია და იმით გათამამებულმა, რომ ზუსტად შესაფერის დროს მიეცა ამის თქმის საშუალება, საზეიმო კილოთი დაუმატა: – აქ დასასვენებლად და სამუშაოდ ვარ ჩამოსული. ეს ამბავი შემთხვევით გავიგე.

გამომძიებელმა ღირსეული თავდაჭერილობით მიიღო ეს მოულოდნელი დარტყმა და უკვე სულ სხვა კილოზე ჰკითხა:

– რა გვარი ბრძანდებით, თუ შეიძლება? – და როცა პასუხი მიიღო, უხერხულად შეიშმუშნა, ავადმყოფურად შესივებული სახე ხელისგულებით მოისრისა, ეტყობოდა, რომ უცებ გადაავლო თვალი მისთვის ცნობილ მწერალთა გვარებს, მაგრამ ასეთი ვერავინ გაიხსენა და გაწბილებულმა და რაღაცაში დაეჭვებულმა მაინც ინტიმური გულითადობით უთხრა:

– და როგორც მწერალს, დაგაინტერესათ ამ შემთხვევის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურმა ასპექტმა, არა? გასაგებია, გასაგები…

ნიკომ ორაზროვნად აიჩეჩა მხრები.

– მაგაში მართალი ბრძანდებით, – თითქოს დასტური მიიღოო, ისე თქვა გამომძიებელმა. – ეს საქმე მართლაც საინტერესოა. რაიმეს დაწერას ხომ არ აპირებთ?

– ვნახოთ, როგორ წავა საქმე, – უკვე ნიკოს დაეტყო ოდნავი ირონია. გამომძიებელმა მაშინვე იგრძნო ეს.

– დანაშაული აშკარაა, – საქმიანად და მკაცრად, ამ ნაგრძნობი ირონიის დასათრგუნავად თქვა მან. – ამას არაფერი ეშველება. გამოძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ შეცდომა გამორიცხულია?

– ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ. ეს არ იყო ისეთი საქმე, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა. საკმარისად ნათელი და მარტივი იყო ყველაფერი. გამოძიებაზე დიდი ჯაფა არ დახარჯულა.

– საქმეც მაგაშია…

– რაში? – ყურები ცქვიტა გამომძიებელმა.

– მაგაში და კიდევ იმაში, რომ დამნაშავე ვერ იპოვეთ, გაგექცათ.

– სად გაგვექცა! – გაბრაზდა გამომძიებელი. – ვინ გითხრათ, რომ გაგვექცა არსადაც არ გაქცეულა!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39