ადამიანის კი არა, ადამიანების! “იგი მკვლელია” – ამბობდნენ მასზე და ამით ყველაფერს ამოწურავდნენ, საუბარს წერტილს უსვამდნენ, ყველა სხვა სიტყვას ზედმეტად მიიჩნევდნენ ამ ერთი, განსაკუთრებული აზრით აღსავსე სიტყვის შემდეგ. მაგრამ ნიკო არასოდეს ჩაფიქრებია მის ნამდვილ მნიშვნელობას, ყოველთვის ისე წარმოედგინა, რომ ეს სიტყვა მხოლოდ იურიდიული ტერმინი იყო და სხვა არაფერი, ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ დანაშაულის სახეს მიანიშნებდა და სხვას არაფერს. და უცებ ერთადერთი და ზუსტი შინაარსით გაცოცხლდა ეს სიტყვა, თავისი მარადიული აზრით შეიმოსა და თავზარი დასცა, მკვლელი! ნუთუ მართალია ეს! – ჰკითხა თინას და შენიშნა, როგორ შეკრთა ის, უცებ მოსცილდა და მოიბუზა. გავიდა ერთი, ორი, სამი წუთი, სანამ თინა რაიმეს თქმას გაბედავდა, ბოლოს ნიკომ გაიგონა სუსტი, მღელვარებითა და გაურკვევლობით დამხრჩვალი ხმა: – არ ვიცი… ძნელი სათქმელია… მაშინ, როცა… ალბათ…

კარგი, ჰო, თინას პასუხს ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ასეთებს ყველაფერი შეუძლიათ: სიყვარულიც და სიძულვილიც, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ ამაზე, ისინი მოქმედებენ. შემზარავი სანახაობა იყო აღბეჭდილი შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოსურათებზე, გამომძიებელმა რომ აჩვენა: კლდეზე მიჭეჭყილ მსუბუქ ავტომობილში ეგდო დაფლეთილი და გასისხლიანებული გვამი. სურათები სულ სხვადასხვა რაკურსით გადაეღოთ – მთლიანად, ნაწილ-ნაწილ, შირიდან, ახლოდან, შიგნიდან, გარედან და ნიკოს ახლაც დეტექტიური კინოფილმის ეპიზოდებივით ელანდებოდა ეს მალიმალ მონაცვლე კადრები. გამომძიებლის ნიშნის მომგები დუმილიც ყურებში უდგას და მისი გულგრილი კომენტარებიც: “აი, ხომ ხედავთ, დაჯახება უკანიდანაა მომხდარი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე მანქანა ერთი მიმართულებით მიდიოდა. თვითმცლელი დიდი სისწრაფით წამოეწია, უკანა გვერდითა მხრიდან დაარტყა, ოც მეტრზე ათრია და კლდეს შეანარცხა, შემდეგ კი ვეღარც თვითონ დაიმაგრა საჭე და ხრამში გადაეშვა”.

სხვა ფოტოსურათებზე თვალნათლივ ჩანდა გადაგლეჯილი ბორდიური, ჩარღვეული გზისპირი და ხრამში ვეებერთელა მკვდარ ხოჭოსავით ამოტრიალებული თვითმცლელი – ესეც შორიდან, ახლოდან, ნაწილ-ნაწილ და მთლიანად, მაგრამ მძღოლი არც ერთ ფოტოზე არ ჩანდა, – არც მკვდარი, არც ცოცხალი. “გადაჩეხვამდე გადმოხტა და მიიმალა, – თქვა გამომძიებელმა ყველა სხვა ვერსიის გამომრიცხავი ტონით. – მგონი თქვენთვისაც ყველაფერი ნათელია, არა?”

ყველაფერი ნათელია, მაგრამ არაფერი არ არის ნათელი: ტრაგედიის მონაწილენი აღარ არსებობენ და აღარავის შეუძლია იმის ახსნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ან რატომ მოხდა ეს ყველაფერი. კაცი, რომელიც ჩამონგრეული გვირაბის საქმეს იკვლევდა, მკვდარია, მთავარი დამნაშავე უგზოუკვლოდ დაიკარგა, მაგრამ არსებობს ვიღაც მესამე, თინამ რომ დალანდა პალატიდან გამომავალ სუსტ შუქზე, ვიღაც ბობრი კაცი, სადღაც, გზის პირას, რომელმაც რამე უნდა იცოდეს, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც, თუ სად იყო ამ ავბედით ღამეს თინას ქმარი და იჯდა თუ არა თვითმცლელის საჭესთან ავარიის დროს. არაფერი არ არის ნათელი, არც ის, თუ რაზე ჩურჩულებდნენ დუქანში თავმოყრილი მუშები ასეთი შიშითა და სიფრთხილით, რატომ უშვებდნენ ნიკოს ჩაკირკიტებულ შეკითხვას ყურიდან ყურში და რატომ მიურბოდათ თვალები კარისკენ, თითქოს წუთი წუთზე ელოდნენ იმის მოსვლას, ვის წინაშეც თავიანთი სიფრთხილისა და შიშის გამო პასუხი უნდა ეგოთ. ჰო, ყველაფერი ნათელია: მკვლელი უკვე მკვლელობამდე აღარ არსებობდა, იგი სადღაც იყო მიუკვლეველად დამარხული და განადგურებული და შემდეგ გათამაშდა ეს საზარელი ტრაგედია დამნაშავის გაუჩინარებით და ყველაფრით და ეს გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან მოეშორებინათ ერთადერთი და მოუსყიდველი მოწმე, განემუხტათ ასაფეთქებლად შეწკიპული ნაღმი და დამშვიდებულიყვნენ, და თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა, მაშინ ნიკოც გულარხეინად ივლის ამ ქვეყანაზე, მაშინ საფიქრალი და საწუხარიც არაფერი ექნება და თამამად დაასრულებს სიმართლის მძებნელი კაცის როლს, მაშინ თავსაც დაირწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად დაეძებს თავის მკვლელს, რათა მის წინაშე პასუხი აგოს ყველაფრისათვის: წარსულის, აწმყოს, მომავლისთვის; მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მკვლელი მართლა იმალებოდეს სადმე, არის თუ არა დამნაშავე, იჯდა თუ არა იმ საიდუმლოებით მოცულ ღამეს თავისი მანქანის საჭესთან, იქნებ მართლა გაქცეულიყო და გადაკარგულიყო, რადგან მაინც ვერ დაამტკიცებდა თავის სიმართლეს და პასუხისგება არ ასცდებოდა – ეს ვერსია ყველაზე უფრო სარწმუნოდ ეჩვენებოდა, თავისი უეჭველი შესაძლებლობით აფრთხობდა და აფორიაქებდა – გავა დრო და ისევ გამოჩნდება. რათა პასუხი მოსთხოვოს ყველას, ვინც საკუთარი სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის თვალი დაივსო და ყური დაიყრუა მაშინ, როცა ის მარტოდმარტო გრძნობდა და ხედავდა და ამბობდა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ასე არ შეიძლება, რომ ბოროტებაა ეს ყველაფერი! არა, – ცუდს არაფერს ჩაიდენს – ეს იცის ნიკომ – ცუდს არაფერს ჩაიდენს, მაგრამ მოვა და თავისი სიმშვიდის წამრთმევი და ხიწვივით ზედმეტი არსებობით დააეჭვებს ყველას საკუთარი ბრძნული წონასწორობისა და დაქირავებული კეთილდღეობის სრულფასოვნებაში, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ, როცა ის მთლად გასისხლიანებული და ტალახში ამოთხაპული შემოვიდა ოთახში და დამნაშავის ღიმილით გაუღიმა, თითქოს პატიებას სთხოვდა თავისი უმსგავსი საქციელისათვის და იმისთვის, რაც აწი უნდა ჩაედინა: – “ჩუ!” – თქვა სიმწრის ღიმილით და გამაფრთხილებლად შემართა ორი გადაყვლეფილი თითი. – “განგაში არაა საჭირო. ყმაწვილმა თავისი კუთვნილი მიიღო”. – ცერი მკერდზე მიიდო და თვალი ჩაუკრა, შემდეგ სარკე აიღო და გახეთქილი ნიკაპი შეათვალიერა – რატომღაც არავინ ახსენებს ამ ჭრილობას, არც თინას უთქვამს, რომ ნიკაპზე ნაიარევი ემჩნეოდა, უცნაური კია, ასეთი ჭრილობა უკვალოდ არ ქრება. – “ყოჩაღ, მაგრად უმუშავნიათ, რას ერჩი!” – და გადაიხარხარა, როგორც იცოდა ხოლმე, როცა რაიმე ძალიან უხაროდა ან, სწყინდა, გულიანად, ჩაბჟირებით, თითქოს იმ წყენის ან სიხარულის გულიდან ამოღლეტას ლამობსო, – ეს თინამაც უთხრა ერთხელ, რაღაც უამბო ამის მაგვარი, როცა მის თავგადასავლებს უყვებოდა – და ნიკოს არ უკითხავს, რა მოხდაო, თუმცა ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ახლა იწყებოდა მისი მორიგი გამოცდა და შიშისაგან ენა გაუხევდა. უხმოდ ამოიღო ბალიშის ქვეშ ამოკეცილი სუფთა ცხვირსახოცი და გაუწოდა. იგი ეზოში გავიდა, ონკანზე ხელპირი ჩამოიბანა და შემობრუნდა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39