ყურადღების მიპყრობა უნდოდა, – უთხრეს კიდეც ეს დაყვავებით, მამაშვილურად, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, – თორემ თავისთავად ის უეჭველი სიმართლე იმდენად აინტერესებდა, რამდენადაც უბრალოდ სიმართლე იყო და სხვა არაფერი და დათმო, იოლად, უსინანულოდ, საკუთარი თავის წინაშე ვალის მოხდის შეგნებით, სულარსებულ და შეჩვეულ სიმშვიდეში დაბრუნების მტანჯველი წყურვილით, ორიოდე კვირის შემდეგ კი გაზეთის პირველ გვერდზე იხილა თავისი მოქმედების საშინელი შედეგი: უშველებელი ფოტოსურათიდან იღიმებოდნენ და საზეიმო დაპირებებს იძლეოდნენ ისინი, ვინც ციხეში უნდა ყოფილიყვნენ! “როცა ხედავ, როგორ ეკიდება ცეცხლი შენს მიწაზე აშენებულ სახლს, შენს ხეს, შენს სოფელს…” ვერა, ვერასოდეს გადააბიჯებს იმ ნაოცნებარ მომავალში, სადაც გულისგულამდე ღვიძლი და ბუნებრივი იქნება ამ სიტყვების სისხლისმიერი სიმართლე. რამდენი რამაა ჩახერგილი აქეთკენ მომავალ გზაზე – ახლა ხვდება ამას, ამ პატარა ბარათის თვალისამხელ სინათლეში – რამდენი მიუხვედრელი და განუცდელი რამ: ჯარისკაცურფორმიანი მომღიმარი მამის სურათი, საქარგავზე თავდახრილი დედის ნერვული თითები, სტადიონისაკენ მიმავალ ხალხში დანახული სტუმრის სახე, უკაცრიელ სათიბში მიმყოლი გოგოს გავარვარებული დუმილი, საწოლიდან გადმოვარდნილი ბავშვის “ვაი”, სარკმელთან მშვიდად მძინარე ქალი, რომელსაც მკერდსა და სახეზე აფენია უჩინარი მთვარის შორეული ნათელი – რატომ ცოცხლდება ახლა ეს ყველაფერი ასეთი მომასწავებელი აზრით და რატომ ჯგუფდება და ირაზმება პასუხის თხოვნით და რატომ არ ეშვება ვიღაც მოურეველი და მოძალადე, რატომ ახედებს უკან ამ გამოვლილი და ნაცნობი წვრილმანებისკენ და რატომ ავალებს, რომ თავიდან განიცადოს და შეიგრძნოს ყოველი მათგანი და ყველაფერი ერთად, რატომ არ ანებებს თავს არასოდეს, არც ადრე და არც ახლა და არც ამ ხელის გაწვდენაზე მოახლოებულ მომავალში, რომლისკენაც მიაქროლებს ეს საკუთარ ნებაზე მიშვებული ავტომობილი? – ეს მოძალადე შენი ქმარია! – კინაღამ დაუყვირა ნიკომ ფიქრებში წასულ ქალს. – ის მიხმობდა ყოველთვის თავისი უმოწყალო სიმართლის სიმაღლეზე, რომ იქიდან გადმომეხედა ჩემი უბადრუკი კეთილგონიერებითა და ფუტურო კმაყოფილებით ამოქოლილ უფსკრულში; ის წამომაგდებდა ხოლმე შუაღამისას, ისევე, როგორც მაშინ, ჩვენი მეგობრობის წლებში, როცა უბოდიშო და ანგარიშგაუწეველი თავხედობით შემომიხტებოდა სახლში, საბანს გადამხდიდა და ფაცხაფუცხით ჩამაცმევდა, რომ მძინარე ქალაქში კრისტალურ სიწყნარეში ჩასაფრებული ჭეშმარიტებების საძებნელად წავეყვანე, წამომაგდებდა შუაღამისას, საწოლზე ჩამომიჯდებოდა და ჩვეული გატაცებით მახსენებდა ჩემსავე წარსულს, შეხარბებული სილამაზით მიხატავდა მომავალს, რომელიც ახლა ასე გამპარტახებელი სინანულით გაცხადებულია დღევანდელ დღეში. აწმყოში ჩაგუბებულა და ჩამყაყებულა, როგორც ანკარა ნაკადული სადინარგადასილულ ტბაში. ის და მხოლოდ ის ჩამრჩებოდა სულში და გაფაციცებით დაეძებდა იქ სიცოცხლის მცირეოდენ ნიშატს, რომ სული ჩაებერა და გაეცოცხლებინა, რომ სამუდამო სიბრმავისაგან ეხსნა ჩემი თვალი, რომ სმენა გამხსნოდა მიწიერ ხმათა მოსასმენად, რომ ერთმანეთისაგან გამერჩია ყალბი და ნამდვილი, ის და მხოლოდ ის მაეჭვებდა მუდამ თავისი ჯიუტი ჩიჩინით ჩემი სურვილებისა და მიზნების სინაღდეში, ჩემი საზომების სისწორეში და ეს აუტანელი იყო, რადგან სიმართლეს ჰგავდა, ისეთ სიმართლეს, რომლის შეცნობა და აღიარება არასდიდებით არ შემეძლო; ის და მხოლოდ ის მაიძულებდა სასოწარკვეთით მეძებნა ჩემს თავში ისეთი ძალა, რაც დაუდგებოდა ამ საძულველ სიმართლეს, ამ ძალით ცხონებას, ამ არამკითხე მოამბის სულთამხუთავ მზრუნველობას, რომელსაც ერთხელ უკვე რის ვაი-ვაგლახით დავუძვერი ხელიდან. არავინ იცის, თუ რა ძნელი იყო ეს, ვერავინ მიხვდება, თინას გარდა, ვერავინ წარმოიდგენს, თუ რა გააფთრებული იმედითა და ქიშპით ავიღებდი ხოლმე კალამს, რომ დამეწერა რამე ისეთი, რაც მას დააჯერებდა, დაუცხრობდა სისხლიმსმელი სიმართლის წყურვილს და დამიხსნიდა ამ ყოფისაგან. წერა იყო ერთადერთი ხსნა და საშველი, რადგან ნებისმიერი სხვა საქციელი, რითაც მასთან გათანაბრებას ვცდილობდი, მხოლოდ მისივე უბადრუკი მიბაძვა იყო, მისი მაგნეტიზმის წრეში მატრიალებდა და კიდევ უფრო მსრესდა საკუთარი უმწეობისა და ნაკლოვანების შეგრძნებით. და მეც ვწერდი და ვწერდი, დღესა და ღამეს ვასწორებდი დამოუკიდებლობის მოპოვების ჯიბრიანი იმედით, მოშუღლე სიხარულითა და გაბოროტებით და ვერ ვხვდებოდი, რომ ყოველი ფრაზა თუ აზრი, რაც თავში მომდიოდა, ყოველი ამბავი, მისი შეხედულებების თარგზე იყო გამოჭრილი, მის იდეებსა და მრწამსს გამოხატავდა, ბგერებსაც კი მისი ხმით ვჩურჩულებდი და ვამოწმებდი, თითქოს ცალ-ცალკე შეძლებოდათ რაიმე აზრის გადმოცემა. ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ თვითონაც იქვე იყო, თავზე მადგა და თითოეულ სიტყვას მკარნახობდა, ყოველი ასოს დაბადებას განიცდიდა, გაოცებული მითვალთვალებდა, თუ როგორ ამომქონდა ქაღალდზე აქამდე მისთვის უცნობი სულის სიღრმეში ჩამარხული სიმდიდრე, თითქოს უძველესი სამარხის გახსნას ესწრებოდა და გაოგნებული იყო იმით, თუ რა ძვირფასი განძი ყოფილა ჩამარხული იმ ადგილას, სადაც უთვალავჯერ დაუდგამს ფეხი და გულგრილად გადაუვლია. და მეც თრთოლვით, შიშის კანკალით ველოდი ამ მიწის გულიდან ამოღებული განძის მთელი ბრწყინვალებით გამოფენას, წინასწარ ვტკბებოდი იმ წუთის ღვარძლიანი სიხარულით, როცა თავიდან ბოლომდე წავუკითხავდი ჩემი გააფთრებული შემოქმედების ნაყოფს და მოზეიმე დუმილით დაველოდებოდი მის თავზარდაცემულ აღტაცებას, მაგრამ ის ცნობისმოყვარეობით და თანაგრძნობით მოისმენდა ჩემს მღელვარე, უზენაესი ჭეშმარიტების მოღაღადე ხმას, გასამხნევებლად დამკრავდა მხარზე ხელს და სხვა რამეზე გადაიტანდა საუბარს, ქალაქგარეთ წასვლას ან ღვინის დალევას შემომთავაზებდა და ამით თავგანწირვით ვეკვეთებოდი კალამს და ზეგარდმო ნათლით მოსილი ვხატავდი ფაქიზი სულის ადამიანს, რომელიც საკონცერტო დარბაზში იჯდა, დიდი კომპოზიტორის სიმფონიას უსმენდა და მუსიკის ფრთებით აღტაცებული მიფრინავდა თავის მონატრებულ ბავშვობაში და უკვე მუსიკას კი არ უსმენდა, იმ მონატრებულ ბავშვობაში დატანტალებდა ერთდროულად ბავშვიც და მოხუციც, ერთდროულად მომავალიც და მიმავალიც და ყოველი ბგერა,

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39