განწყობა და გამომეტყველება გამოიცვალა, საგანგებოდ გაუუცხოვდა ნიკოს, თანდათან მიატოვა და ვიღაც უფრო საიმედო და ნაცად მფარველს ჩაბარდა – ქმარს! ეს აშკარა იყო – ქმრის სული გამოიხმო, გვერდით ამოიყენა, მის ბუნებასა და ძლიერებას შეეხიზნა და იქიდან გახედა მოქეიფე კაცების მიძუძგურებულ ყურადღებას, ცბიერი ქალური განზრახვით და ფრთხილი მედიდურობით მიუჩოჩდა, თითქმის ისე, როგორც უფროსი ძმის სიახლოვით გულმოცემული ბიჭი წაეყინჩება მასზე უფრო დიდსა და ღონიერ ბიჭს და ნიკო მიხვდა, რომ აქ დამთავრდა მისი მეუფება, რადგან უკვე თვითონაც ისეთივე უცხო და შემთხვევითი მამაკაცი იყო თინასათვის, როგორც ესენი და თვითონაც იმდენივე უფლება ჰქონდა მასზე, როგორც ამათ, უფრო სწორად, არც მას და არც ამათ არავითარი უფლება არ ჰქონდათ, რადგან ქალი მთელი თავისი გარეგნობით, ლამის გამომწვევი სითამამითა და აშკარა გადაწყვეტილებით სხვას ეკუთვნოდა, მათზე ნაღდსა და სანდოს და ამ კუთვნილების შეგნებით იყო ამაყი და თავისუფალი და თუ უნდოდა, ასე სველ კაბაში გამოკვალთული და გამაღიზიანებელი კი არა, მთლად შიშველი დაჯდებოდა ამ მთვრალი კაცებისა და ნიკოს წინაშე და, საერთოდ, როგორც მოეპრიანებოდა, ისე მოიქცეოდა – ქალი უკვე ემზადებოდა ამ თავისუფლებისათვის, თავისი ჭკვიანი და აწონილ-დაწონილი გრძნობებით დაქანცული და გაბეზრებული ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბახუსის საუფლოში თავაშვებული კაცების მაცთურ სილაღეს და უკან მოუხედავად შორდებოდა ნიკოს, ამან კი აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რამე ეთქვა და გაეკეთებინა ისეთი, რაც ქალს გონიერებისაკენ მოუხმობდა და ამ სადღაც მიმავალ გზას გადაუღობავდა, თუ ამის უფლებაც აღარ ჰქონდა ახლა, როცა სადმე აქ უნდა ყოფილიყო ის ბობრი კაცი და აგერ-აგერ უნდა შეეტყოთ ის ამბავი, რაც ყველაფერს დაასრულებდა, ბოლოს მიუღებდა მის უფლებებს და ქალს კანონიერ პატრონს დაუბრუნებდა, სულ ერთია, მკვდარი იქნებოდა ეს პატრონი თუ ცოცხალი; მაგრამ ბობრი კაცი ჯერჯერობით არ ჩანდა, არც მომსახურე პერსონალისაგან ჩანდა ვინმე, ამიტომ ნიკომ აქეთ-იქით თვალის ცეცება და ოფიციანტის ძებნა დაიწყო, რომ ამით მაინც შეენიღბა თავისი გასაჭირი და თინას ყურადღებაც მიეპყრო, მაგრამ ქალზე ადრე ერთმა მოქეიფემ შენიშნა მისი წრიალი, ფეხზე წამოხტა და მთელი ხმით დასჭექა:

– ოფიციანტ, სტუმრებს მიმიხედეთ!

მაშინვე ერთი კაფანდარა კაცი გამოცუხცუხდა კედელში დატანებული ჭრილიდან, ღიმილით და თავის კანტურით მიეხლა დამძახებელს, იმან კი რაღაც უჩურჩულა, მხარზე ხელი დაჰკრა და გაუშვა.

– მეგობარო, მეგობარო! – მიაძახა შეწუხებულმა ნიკომ, მაგრამ ოფიციანტი უკანმოუხედავად გაუჩინარდა იმავე ჭრილში. ნიკო წამოდგა და გამოდევნება დააპირა, მაგრამ თინას მარტო დატოვებაც ვერ გაბედა და ისევ დაჯდა, თან უხერხულად გაუღიმა ეშმაკური ჩანაფიქრით მომზირალ კაცს, რომელიც ხელებით რაღაცას ანიშნებდა და აიმედებდა და სანამ ნიკო ამ ნიშნებს ამოიცნობდა, ოფიციანტმა უშველებელი ლანგარი მოარბენინა, თავაზიანად მიესალმა და სუფრის გაწყობას შეუდგა, ცქაფად, მარჯვედ ალაგებდა მაგიდაზე ათასნაირი დელიკატესით სავსე თეფშებს, მეორე გზობაზეც ერთი იმდენი მოიტანა, თან ოთხი ბოთლი შავი ღვინო და ორი შამპანური მოაყოლა და გაოგნებული ნიკოს თვალწინ დახსნა.

– კი მაგრამ, რა ამბავია ამდენი ხორაგი, რომელი დევები ჩვენ გვნახე?! – უთხრა ოფიციანტს რაღაცაში დაეჭვებულმა და გულშემოყრილმა.

– მიბრძანეს, ბატონო, – მოქეიფეებზე ანიშნა ოფიციანტმა.

– რა საჭიროა, – წამოდგა ნიკო, მაგრამ თინამ სახელოზე მოქაჩა და დასვა.

– შეეშვი, – უთხრა წყნარად, – მაინც ვერაფერს გახდები.

ნიკო მიხვდა, რომ ქალი მართალი იყო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გაღმიდან მოჩიჩინებულ კაცს ხელების გაშლით ანიშნა, რა არის, რას ჰგავს ეს ყველაფერიო. ის კი წამოდგა, ღვინიანი ჭიქა აიღო და მათკენ გამოემართა.

– ნება მიბოძეთ, სუფრა დაგილოცოთ, – თავაზიანად და ამაყად თქვა მოსულმა – იცოცხლეთ, ქალბატონო, – თავი დაუკრა თინას, შემდეგ ფეხზე წამომდგარ ნიკოს მიმართა: – კარგად ბრძანდებოდეთ, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. ღმერთმა შეგარგოთ ეს მშვენიერი სუფრა.

– გაგიმარჯოთ. დიდი მადლობა, მაგრამ რა საჭირო იყო, რატომ წუხდებოდით… – უთხრა ნიკომ და ჭიქა მიუჭახუნა.

– მაგას ნუ მიწყენ! – თითის აწევით გააფრთხილა კაცმა.- ქართველები ვართ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. გარდა ამისა, დღევანდელი დღე ჩვენ გვეკუთვნის, – ხელით ანიშნა თანამეინახეებზე.

– დღეს ზეიმი გვაქვს და ამიტომ მასპინძლობაც ჩვენზეა. ისე, თუ გვიკადრებთ და შემოგვიერთდებით…

– არა, გმადლობთ. ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. – უთხრა ნიკომ.

– დიდი მადლობა.

– ა, ქალბატონი რას იტყვის? – ახლა თინას მიეხაფაციცა კაცი და თვალებით შეჭამა.

– არა, არა, დიდი მადლობა, – უთხრა თინამაც. – კარგად ბრძანდებოდეთ. – და შამპანური მოსვა.

– ბოდიში, აბა, – თავი დაუკრა კაცმა, თავაზიანად გაეცალა, ორიოდე ნაბიჯის შემდეგ, მუსიკაო, იღრიალა, ხელები გაშალა და აგრიალებული დაფა-ზურნის ხმაზე დაუარა.

– მაგარი ვინმეები ჩანან, – უთხრა ნიკომ თინას: – რა ვქნათ ახლა?

– რა უნდა ვქნათ, ვიქეიფოთ, – თქვა ქალმა და ისევ აიღო ღვინით სავსე ჭიქა, – გაგვიმარჯოს, ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს.

– გაუმარჯოს, – გაეცინა ნიკოს. – იმედია, აწი არ დავკარგავთ ერთმანეთს.

– იმედია… – თქვა თინამ. – ხომ იცი, ღვინოში გაცნობილი ადამიანი…

– დალიე, ცოტას შეგათბობს, თორემ მთლად სველი ხარ, გაცივდები. – ნიკომ უკვე ამ პირმოთნე და ლაქუცა მზრუნველობის გამოჩენითღა ცდილობდა ქალის შეჩერებას, თითქმის ევედრებოდა და თავს აბრალებდა, ესღა დარჩენოდა ერთადერთ იმედად, მაგრამ თინა ულმობელი იყო:

– არ გავცივდები, – თქვა მან. – გავშრი უკვე, – ჭიქა კი მაინც გამოცალა.

ნიკო მიხვდა, რომ ყველაფერი ამაო იყო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39