როდის უამბო ნიკოს ეს ამბავი? განა შეიძლება ასეთი რამ უთხრას ქალმა უცხო მამაკაცს? მაგრამ უამბო ერთხელ, პირველი უნდობლობისა და ეჭვების დაძლევის შემდეგ მოსულ დაუვიწყარ საღამოს, როცა ჩამავალი მზის სხივებში მოლაპლაპე ზღვას გასცქეროდნენ ან სანაპიროს ქვიშრობში დასეირნობდნენ – მართლა არის ამ მკვრივ, თბილი პულსით მფეთქავ ქვიშაში ველური ვნების წამქეზებელი ძალა – და ქალი ვითომ მშვიდად, მაგრამ მაინც შეუნიღბავი მღელვარებით უყვებოდა ქმრის ამბავს და მისი ასაკისა და გარეგნობისათვის შეუფერებლად სიღრმისეულ და სანუკვარი განცდებით მდიდარ ხმას გარეთ გამოჰქონდა არა მარტო წარსულის საზეიმო ნაღველი, არამედ აუხდენელი ოცნების სევდაც. თინა ისე ყვებოდა ქმრის თავგადასავალს, თითქოს ყველაფერი მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობდა, მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო და არც ის ადამიანი ყოფილა ოდესმე, ასე თავდავიწყებით რომ უყვარდა, ამიტომ ნიკოს თავდაპირველად ისიც კი მოეჩვენება, რომ ქალს ქედმაღლურად, საკუთარი ღირსების შეულახავად შეჰყავდა იგი თავისი ოცნებებისა და სურვილების სამყაროში და სითამამისაკენ აქეზებდა, მაგრამ თანდათანობით მიხვდა, რომ სწორედ წარსულისადმი ასეთი უცნაური დამოკიდებულება იყო ის ზღუდე, რომელსაც იგი ჯერ მხოლოდ ქალური გუმანით ნაგრძნობ მომავლის წინაშე აღმართავდა და ამით თავის თავსაც და ნიკოსაც აკრძალული ურთიერთობისაკენ მიმავალ გზას უღობავდა. მას უნდოდა მიეხვედრებინა ნიკო, რომ ქმარი მარტო საყვარელი ადამიანი კი არ იყო, არამედ მთელი მისი წარმოდგენა სიცოცხლის აზრზე და ამას ისეთი დამაჯერებელი გულწრფელობით ახერხებდა, რომ ბოლოს და ბოლოს ნიკოსაც გადაედო მისი განწყობილება, უკვე თვითონაც ყველაფერს მათი თვალებით უყურებდა და აღიქვამდა: ცდილობდა წარმოედგინა, როგორ ჩადიოდა მზე იმ საღამოს, როცა ისინი მდინარის შესართავთან გაყვითლებულ გორაკზე ისხდნენ და თინამ პირველად უთხრა, რომ შვილი გაუჩნდებოდათ; ცდილობდა დაენახა და განეცადა ის თოვლჭყაპი და კუნაპეტი ღამე, როცა მან, მთელი დღის ნაჯაფმა და დაღლილ-დაქანცულმა, თბილი ლოგინი მიატოვა, სახლიდან უჩუმრად გაიპარა და მთელი ღამე მარტოდმარტო აკეთებდა გაფუჭებულ ხიდს, რადგან თინას მშობიარობის დრო მოწევნილი იყო და დღე-დღეზე მოუწევდათ მისი სამშობიაროში გადაყვანა; ცდილობდა დაენახა მისი გაფოთებული, თვალებად ქცეული სახე და საჭეს ჩაფრენილი ნერვული ხელები, ამ თვალებითა და ნერვებით შეეგრძნო შუქფარების ცოფიანი ჭავლებით გაბურღული წკვარამი, ამ წკვარამიდან ამოგლეჯილი გაუთავებელი გზის ყოველი მტკაველი, ყოველი ქვა და ორმო, ყოველი ლაქა გზატკეცილის ასფალტზე, როცა თავზეხელაღებული სითამამით მიაქროლებდა ვიღაც გამვლელი მგზავრისათვის ძალით წართმეულ ავტომობილს, რადგან გვერდით მწუხარებისაგან გაოგნებული უცნობ ქალს კალთაში სიცხით გათანგული და მუცლის ტკივილით გაწამებული ბავშვი ესვენა და საჭირო იყო მათი ქალაქის საავადმყოფოში ჩაყვანა. “ქალაქში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს თავის დასახსნელად, – ჰყვებოდა თინა – არც ის, რომ მანქანის პატრონმა უარი თქვა დახმარებაზე, რადგან სხვაგან მიდიოდა და ამიტომ იძულებული შეიქმნა, ძალით ჩამოეგდო ძირს, ბავშვს კი მაინც ვერ უშველეს. შემდეგ ესეც დააბრალეს, ამხელა გზაზე რომ არ ეჯაყჯაყებინა, იქნებ კიდევ გადარჩენილიყოო, უბედურმა დედამაც ეს მიატირა, ხალხიც ამას აყვედრიდა და ისე უყურებდნენ, როგორც მკვლელს” და ნიკო ცდილობდა წარმოედგინა, რას განიცდიდა ბავშვის მკვლელი, მთელი ნებისყოფის დაძაბვით ლამობდა, რომ ოდვავ მაინც შეხებოდა საკუთარი გულის სიღრმეში მთვლემარე ჭეშმარიტების ნატამალს და თითქოს წამიერად ეხებოდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში ისე ეჩვენებოდა, რომ რაღაც ამის მსგავსი მასაც განეცადა. ოდესღაც ენახა და დავიწყებოდა, სახე ეცვალა და სხვის ცხოვრებაში შესახლებულიყო და ეს სხვა ახლა გვერდით ედგა, საყვარლად ნაცნობი და მშობლიურად ღვიძლი, თავისმომაბეზრებლად მოუშორებელი და მოძალადე და სახელოზე ქაჩავდა, უკან ახედებდა, რაღაც სამარცხვინოსა და გულის გამტიალებელს ახსენებდა – დამღრალი, გაბურძგნული, გაფიჟვინებული ლოთი საფრთხობელასავით ატუზულა კართან და ნიკოს გაღვიძებას ელოდება, სავარძელში თვალმილულული ნიკო კი მის ყოველ მოძრაობას გრძნობს და ხედავს და გული სიბრალულით უკვდება, რადგან იცის, რომ ამ კაცს უნდა სითბო და სიმყუდროვე და ადამაინის ხმის გაგონება და შია და სწყურია, მაგრამ ნიკო სავარძელში თვლემს და დასაწერ მოთხრობაზე ფიქრობს და ვერ ამჩნევს ამ კაცს, რადგან ახლა რომ ყურადღება მიაქციოს, მოუსმინოს, დააპუროს და შეიჩვიოს, მერე ვეღარ მოიშორებს და სად სცალია ამდენი. ისიც კმარა მისგან, რომ ერთხელ ძველი პალტო აჩუქა, ახლა სხვამ მიხედოს, ყოველ შემთხვევაში.

დღეს სხვა გზა მონახოს და ნუ უყურებს ასეთი მავედრებელი თვალებით, ნუ ცმუკავს, ნუ ოხრავს ნიკოს გასაღვიძებლად, თორემ მასაც ხომ გული აქვს, ეცოდება ეს ოხერი ლოთი და იცის, რომ უნდა ადგეს, დაელაპარაკოს, ლუკმა გაუყოს, ანუგეშოს და თანაუგრძნოს, თორემ ვინ იცის, სად წავა დარდიან გულზე, რომელ დუქანში შეეხეტება ჭიქა არყის სამათხოვროდ. იცის ეს ნიკომ, გულით გრძნობს, მოთხრობაშიც გამოადგება როდისმე, უფრო მეტს იტყვის, ვიდრე ახლა გრძნობს და ხვდება, რადგან მთელი არსებით აქვს განცდილი და მისხალი სიყალბეც არ გაეპარება – ეს კი ყველაზე მთავარია – მაგრამ ახლა თავი გაანებოს, წავიდეს, როგორმე გაათრიოს დღევანდელი დღე და მერე სხვანაირად მოიქცევა, ოღონდ ახლა შეეშვას და კაციც მიდის, ხელის კანკალით აღებს კარს და ნიკოს ეუფლება მძიმე, გამტიალებელი სინანული და სიბრალული იმის გამო, რომ ქუჩაში გააგდო საცოდავი ადამიანი, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ ესმის მისი, ებრალება და თანაუგრძნობს და ეს არაა უბრალო საქმე, კაცმა რომ თქვას, მთავარიც ესაა, საჭმელი კი რა მოხდა, აჭმევს ვინმე, ბოლოს და ბოლოს, რა დიდი მჭამელი ისაა, ორი ლუკმა ყოფნის, და დგება, საწერ მაგიდასთან მიდის და კალამს იღებს და არ იცის, რომ იმ საღამოს გალეშილ კაცს ვაგზლის მოედანზე მანქანა ეჯახება და მთელი დღე უპატრონოდ გდია საავადმყოფოს მორგში, ახლა აღარ ახსოვს, რა გრძნობა დაეუფლა მაშინ, მისი დაღუპვის მბავი რომ გაიგო, ალბათ ის წუთი გაახსენდა, მილულულ ქუთუთოებში რომ უყურებდა კართან ატუზულ კაცს – და ისევ შეეცადა წარმოედგინა, თუ რას განიცდიდა ბავშვის მკვლელი, როცა სამგლოვიარო ძაძებით შემოსილ ოთახში დადგმულ პატარა კუბოს ხედავდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაბა ერთმანეთს გულისგულში აღძრული ზოგადი, უფორმო, უსხეულო ტკივილი, ტკივილის იდეა, ტკივილის სურვილი, ტკივილის იმედი და თვით ტკივილი – ნამდვილი. ხელშესახები, ხორციელი ტკივილი, რომელიც უნდა არსებობდეს სადღაც მასში, აუცილებლად უნდა იყოს, რაკი არსებობს ეს სიცარიელის ქავილი, ეს უდაბნოს წყურვილი. ეს ახალშობილის შიმშილი – საკუთარი სიმართლით შეძრწუნებული მკვლელი ბავშვის კუბოსთან! სხვისთვის თავგანწირული მკვლელი თავისი სიმართლის მსხვერპლთა დასახიჩრებული გვამების წინაშე! “უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. მაშინვე მიხვდა, რომ ყველაფერი მას დაბრალდებოდა და დაბრალდა კიდეც. კაცმა რომ თქვას, არ იყო მისი ბრალი თუ?” და ნიკო ცდილობდა წარმოედგინა, როგორ იდგა ის გვირაბის შესასვლელთან და როგორ ყვიროდა: “არ შეხვიდეთ, უბედურება მოხდება, ჩამოინგრევა ეს გვირაბი!” და როგორ შევარდა მანქანის კაბინაში, როგორ ჩართო ძრავა და გვირაბში შეგრიალდა – “და საშინელი ქუხილი გაისმა, – ყვებოდა თინა, – მთელი დასახლება შეაზანზარა ჰაერის ტალღამ და ავარდნილმა მტვერმა ქვეყანა ჩამოაბნელა. ერთი საათი მაინც გავიდა, სანამ მტვერი დაწდა და გვირაბში შესვლა შესაძლებელი შეიქმნა. როცა გამოიყვანეს, სისხლში თავ-პირი არ უჩანდა, გამოსვლისთანავე გაითავისუფლა თავი და ბარბაცით ჩამიარა გვერდით. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ისე წავიდა შინისაკენ და ზედ ჭიშკართან დაკარგა გონება. მაშინ არ იცოდა, რომ ნანგრევებში ადამიანი დაიღუპა. ეს ერთი თვის შემდეგ გაიგო, როცა საავადმყოფოდან გამოვიდა. ხმა არ ამოუღია.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39