სასაუზმე გაუქმებული შარაგზის პირას, ეკლიანი მავთულით შემოხლართულ ეზოში იდგა. შარაგზა ასიოდე ნაბიჯს იქით ახალთახალ გზატკეცილს უერთდებოდა და ფანჯრებთან მიმსხდარი მუდმივი კლიენტები ბამბუკის რაყაში გამავალი ძველი გზისა და მთავარი მაგისტრალის შენაყარზე კინოფილმივით უყურებდნენ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ავტომანქანების ქროლვას და იმ დღეებზე ნაღვლობდნენ, როცა სასაუზმე ამ აწრიალებული და მუდამ მშფოთვარე ცხოვრების შუაგულში იყო მოქცეული და დასანაყრებლად ჩამომსხდარი მგზავრების აურზაურზე ყურმიდებული სინჯავდა წუთისოფლის ნერვულ მაჯისცემას. ახლა კი კანტიკუნტად თუ შემოივლიდნენ უცნობი ადამიანები, ისიც ისინი, ადრეც რომ უწევდათ ამ ადგილებში გამოვლა და ჯერ კიდევ კეთილად ახსოვდათ ოდესღაც მთავარი გზის მასპინძელი უბრალო და იაფი სასაუზმე, მისი ენაწყლიანი გამგე და ცხელი კერძების ყუათიანი ოხშივარი. ერთხანობას უკვე ზარალიანად ქცეულ “ობიექტს” აღებასაც კი უპირებდნენ, მაგრამ მისი პატრონისა და იქაური ლოთბიჭების ბედად, სულ ახლოს ნავთობის მაძიებელი გეოლოგები დაბანაკდნენ, მალე ორი ჭაბურღილი წამოჭიმეს, ახლომახლო სოფლებიდანაც თოხს გამოქცეული გლეხებიც თვალის დახამხამებაში გამოჩდნენ და განწირულმა სასაუზმემ უცებ წამოყო თავი, მიკნავებული გამგეც გამოცოცხლდა და გემრიელი კერძებისა და სასმელების სურნელებაც ხელახლა დატრიალდა. მერე ხმა დაირხა, ამ ადგილებში არც იმდენი ნავთობი ყოფილა, ასეთ ხარჯად და დავიდარაბად რომ ღირდეს და შეიძლება სარეწი სულ მალე მთლად გააუქმონო, მაგრამ ჯერჯერობით სასაუზმეს სული ედგა და ნავთობის აღმოჩენაზე ხელჩაქნეული უსაქმო მუშები აქ ლუდის სმასა და ლაზღანდარობაში კლავდნენ დროს.

კარგა ვრცელ დარბაზში სასიამოვნო სიხალვათე და მყუდროება სუფევდა. ნიკოს ისე მოეწონა აქაურობა, რომ თითქმის ყოველდღე შემოდიოდა, საჭმელად თუ არა, ერთი კათხა ლუდის საწრუპავად და ჭრელ-ჭრელი ამბების მოსასმენად მაინც. მართალია, პირველ ხანებში ეუხერხულებოდა აქ ყოფნა, რადგან ხედავდა, თუ რა ცნობისმოყვარე და უნდობელი მზერით ზომავდნენ ასე უბოდიშოდ შემოკედლებულ გაურკვეველი საქმიანობის კაცს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჯრ დახლიდარს მიუჩოჩდა, მერე სხვებსაც დაუახლოვდა და სულ მალე შინაურად იგრძნო თავი.

ლუბა ერთი კვირის თავზე გაეცნო. ნიკო მანამდეც ხედავდა მას, მტკივანი, დასიებული ფეხებით ძლივს რომ დაბაჯბაჯებდა და ხვნეშითა და ვიშვიშით ალაგებდა არცთუ მთლად კულტურულ მეინახეთა მიერ მოოხრებულ მაგიდებს. ალბათ დიდი გასაჭირი უნდა ადგეს, თორემ ამისი დამლაგებლობა სად გაგონილაო, ფიქრობდა ნიკო და გამოლაპარაკებასაც აპირებდა, მაგრამ ქალი მაინცდამაინც არ იკლავდა თავს მისი გაცნობის სურვილით, ვიდრე ერთ დღეს რატომღაც განმარტოებით მჯდომარე ნიკოს ერთი-ორი შემთხვევითი სიტყვაც მიაწვდინა და ბოლოს და ბოლოს, მაგიდასთანაც მიუსკუპდა: – “ბოდიში, ბატონო, თქვენ კორესპონდენტი ბრძანებულხართ, ხომ?” – და როცა დასტური მიიღო, დაჯდა და სხაპასხუპით, ვიშვიშით, ცრემლების ღვარღვარით მოუთხრო თავისი შვილის ამბავი, მოუყვა, თუ როგორი ტანჯვა-წვალებით გამოზარდა უმამოდ დარჩენილი ბიჭი, როგორ დააყენა გზაზე და როგორ ასწავლა კაცობა; “ჩემი ბრალია… – მოთქვამდა და ხელებს ასავსავებდა. – ჩემი ბრალია ყველაფერი, მე სასიკვდილემ გავზარდე ასე, მე ვუჩიჩინებდი დღედაღამ, რომ ადამიანი ჰყვარებოდა, ყველასათვის პატივი ეცა, ყველას მხარში ამოსდგომოდა… მე ვასწავლე, რომ არ შეპუებოდა ყაჩაღს და მამაძაღლს, ტყუილი სძულებოდა და სიმართლე ჰყვარებოდა, მე ვუქადაგებდი პატიოსნებას და სიკეთეს… მე დავღუპე!.. მე ვარ მოსაკლავი და ჯოჯოხეთში დასაკარგავი! ჩემი ბრალია ყველაფერი!” – გულზე მჯიღს იბრაგუნებდა, თავ-პირში იშენდა, სახეს იხოკავდა.

მოულოდნელობისაგან დაბნეულმა ნიკომ შენიშნა, რომ სასაუზმეში მყოფი კაცებიც მათკენ მობრუნებულიყვნენ, ჭამა-სმა და საუბარი მიეტოვებინათ და სულგანაბულნი უსმენდნენ ქალს. ჩანდა, რომ პირველად არ ესმოდათ ეს ამბავი, მაგრამ მაინც გასუსულები ისხდნენ და არც აპირებდნენ, რომ შეწუხებული და აშკარად მაშველის მძებნელი ნიკო ამ გასაჭირიდან გამოეხსნათ. ქალი კი სულ უფრო და უფრო გაწიწმატებით ლაპარაკობდა ქვეყნად გამეფებულ უსამართლობასა და უსულგულობაზე, ადამიანების უმადურობასა და ვერაგობაზე და ამ წყევლა-კრულვით გაჯერებულ და გაანჩხლებულ მონოლოგში ნიკომ ნაწილ-ნაწილ მოუყარა თავი ერთ მთავარ აზრს: როგორც ეტყობოდა, ქალი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის მოძებნას სთხოვდა, ყოველ შემთხვევაში, იმას ემუდარებოდა, რომ გაერკვია, ცოცხალი იყო თუ მკვდარი, რაღაც ექნა, სადმე მიეწერა ან მისულიყო, რამე ეღონა თვალსა და ხელს შუა გამქრალი ადამიანის საპოვნელად და, ეს იმდენად უცნაური და გაუგებარი ვედრება იყო, რომ დაბნეული და ამავე დროს, გულწრფელი თანაგრძნობით შეწუხებული ნიკო სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, უმწეოდ შეჰყურებდა გაკაპასებულ ქალს და მის დაფეთებულ მსმენელებს. ქალი კი არა და არ ცხრებოდა, სულმოუთქმელად ქადაგებდა ვიღაც სინდისგარეცხილ ფულიან ბანდიტებზე, გამომძიებლის მოსყიდვასა და მოწმეების მოქრთამვაზე, თან გაქუცულ პორტფელში ჩაყრილ ქაღალდებს აჩეჩებდა ხელში, ათასნაირ საბუთს უტრიალებდა ცხვირწინ და გულმდუღარედ კრულავდა იმათ, ვისთანაც სამართლის პოვნა შეუძლებლად მიაჩნდა. “მე ამას ასე არ დავტოვებ! – ხვნეშოდა ვეებერთელა შემაწუხებელი მკერდით. – რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, მოსკოვში ჩავალ და სიმართლეს გავიგებ, ან მკვდარს ვიპოვი, ან ცოცხალს! ცხვირში ძმრად ამოვადენ ყველას ამდენ ცრემლსა და სიმწარეს! სახლს გავყიდი და ჩემსას მივაღწევ, მაგათ ხელში რომაა ყველაფერი, იმიტომ უნდა დამექცეს ოჯახი? იმიტომ არაა სამართალი? დედამ შვილის ამბავი ვერ უნდა გაიგოს?”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39