სადაც ყოველ გვერდზე და ლამის ყოველ სტრიქონში ყვირის ეს გაოცებული და ღონიერი კაცური სიყვარული? აი, ახლაც რაღაცას უყვება ამ სიყვარულზე, რაღაცას იხსენებს ჩვეული ნაღვლიანი გატაცებით და მთლად დავიწყებია, რომ ნიკო ისევ ეძებს მისი წეღანდელი შეკითხვის პასუხს, თავის გახრიოკებულ გულში იჩიჩქნება, რომ იქნებ რამე აღმოაჩინოს, მაგრამ სად იპოვოს თუნდ ოდნავ მსგავსი იმისა, ერთხელ პატიმრის წერილში რომ ამოიკითხა და მთლად ბოლო მოეღო, იმ ამბისაგან კი არა, შიგ რომ წააწყდა, უფრო იმისაგან, თუ რა გაბედულად, რა სიკეთის მთესველი თავგანწირვით და მარადიული სიმდიდრის სიამაყით გამოხატავდა კაცი მას, ყოველ შემთხვევაში, მთელი შეძლებით ცდილობდა. მის მღელვარე და გაუმართავ თხრობაში ცხადად გამოსჭვიოდა იმის სურვილი, რომ საკუთარი თავისთვის კი არა, თინასთვის ეჩუქებინა ეს საიდუმლოდ ნაგროვები სიმდიდრე, მისთვის დაეტოვებინა, რომ გასაჭირში შეხიდებოდა, იმედად და რწმენად ჰქონოდა და გამხნევებულიყო. მას შემდეგ რამდენჯერ უფიქრია ამ წერილზე, როგორი სინანულიანი და გულდაწყვეტილი სიხარულით გახსენებია მისი ვაჟკაცური და უანგარო სიკეთე და რამდენჯერ უცდია, როგორმე წარმოედგინა ის მთვარიანი ღამე, სარკმლებმოღიავებულ გრილ ოთახში მძინარე ადამიანების მშვიდი სუნთქვა და უშფოთველი იერი და ამ სიმშვიდესა და უშფოთველობაში თავისთავად გაჩენილი, სადღაც ბნელი ოთახის კუნჭულში მიმალულ კვერცხიდან გამოჩეკილი, ფრთხიალა განცდა, რომელსაც წინასწარვე ჰქონდა თავისი მომასწავებელი ფერიც და ხმაც: ფერი – თითქოს კამკამა მოყვითალო ნისლში მანათობელ ციცინათელასი და ხმა – თითქოს ყვავილზე დაცემული წვიმის წვეთისა, სუსტი, წკრიალა, იმ ნისლეულ სიკამკამეში მრეკავი – წკაპ! და კაცმა თვალი გაახილა და ყური მიუგდო ამ ხმას, ამ ტკივილიან ბგერას, რომელიც, – ნიკო გულისგულში ხვდება ამას, ფეხის ფრჩხილებამდე იცის, თუ როგორი იქნებოდა ეს შეგრძნება – რომელიც გაუნელებელი მწუხარების მომნიჭებელ ექოდ გახმიანდა მის არსებაში და მთელი საუკუნე გავიდა უეცარი გამოღვიძებიდან იმ მეყვსეული წამის გაელვებამდე, სანამ ძილით გაბურსალებული გონება – ასე ეწერა იმ წერილში – ძილით გაბურსალებული გონება ამ ბგერის აზრს გამოიცნობდა – კაცი იწვა სიბნელეში თვალთახელილი და გალურსული და ყურს უგდებდა უცნაური ჩქამის მფრთოვან ექოს და შემდეგ გაიგონა ბავშვის გაოცებული შეკითხვა – “ვაი?!” – და ეს შეკითხვა კი არ იყო, არც შიშის შეძახილი, არამედ სულ სხვა, სამყაროს პირველხილვით გამოწვეული გაოგნების ხმა იყო, ის სიტყვა, რომელიც დედის წიაღიდან გამოსვლის ჟამს უნდა წარმოეთქვა და ვერ წარმოთქვა, ის ბგერა, რომელიც პირველი მიწიერი განცდის შეხებისას უნდა აღმოხდომოდა, მაგრამ ვერ აღმოხდა, და კაცმა უცებ იაზრა რაც მოხდა, იქით მიიხედა, სადაც შვილის საწოლი ეგულებოდა და მასსა და საწოლს შორის ჩადგმულ მაგიდის ფეხებთან დაინახა იატაკზე ჩამოვარდნილ საბანში ოთხზე წამოყუნცული ბავშვი, რომელიც თვალდაჭყეტილი შესცქეროდა უეცრად სულ სხვა რაკურსით გამოცხადებულ სამყაროს, მარადიული სიმშვიდის შემაშფოთებელ განცდებში ჩაყურსული აკვირდებოდა თავისი ყოფიერების არსს და ირგვლივ შემოჯარულ აყირავებულ საგნებში ნაცნობი და მანუგეშებელი ფორმების გამოცნობას ცდილობდა. და კაცის შეგნებასაც წამის უსწრაფესად მისწვდა ბავშვის მდგომარეობა, გულგახეთქილი წამოვარდა, შვილთან მიიჭრა, ხელში აიყვანა და ჩაიხუტა. “ნუ გეშინია”, – უჩურჩულა ყურში ისე, რომ ქალი არ გაეღვიძებინა – “ნუ გეშინია!” და ნეტარების ღიმილით განათებულ ბავშვს მაშინვე ტკბილად ჩაეძინა, წუთის წინ გამოცხადებული თავუკუღმა აყირავებული ცხოვრებაც უამური სიზმარივით გაქრა, მაგრამ სამუდამოდ ჩაელექა გულსა და გონებაში, რათა ოდესმე, დიდი ხნის შემდეგ, გასაჭირში გახსენებოდა, კი არ გახსენებოდა, მთელი თავისი ჭეშმარიტი აზრით გაცოცხლებულიყო და მარადიული ადამიანური ნუგეშის იმედით გაეცხადებია ძილღვიძილში დალანდული მამის მქრქალი სახება, მაგრამ ნიკოსთვის ამ წერილში იყო კიდევ ერთი, კინაღამ უფრო მთავარი და თავისი უცხო სიმართლით დამთრგუნველი გულწრფელობა: როცა შვილის მშვიდმა და იმედიანმა სუნთქვამ ისევ აავსო ოთახი და ცხოვრებას თავისი ჩვეულებრივი სახე დაუბრუნა, კაცმა მძინარე ცოლს შეხედა: ზაფხული იყო. ქალის თავთან გაღებულ სარკმელში მოჩანდა ვარსკვლავიანი ცა და სახლს უკან მოქათქათე მთვარის თეთრი არილი. თინა გულაღმა იწვა, ცალი ხელი ბალიშზე მოეხარა და მშვიდად ეძინა. მკერდსა და სახეზე ეფინა სარკმელში შემოსული უჩინარი მთვარის მკრთალი ნათელი და მთელი მისი პოზა და იერი ნეტარ სიმშვიდეს, იმედიანობას გამოხატავდა და ამ სიმშვიდესა და იმედიან ყოფაში და იმაში, რომ ქალს არც ბავშვის ხმაზე და არც ქმრის ხმაურზე არ გაღვიძებია, იყო რაღაც იმ წუთას აუხსნელი და ტკბილი და ძვირფასი მადლიერების გრძნობა და კაცი მიხვდა, რომ მზად იყო მთელი ცხოვრება მდგარიყო ასე  თვალმოუხუჭავად და მუხლმოუხრელად და ედარაჯნა ამ მშვიდი ძილისა და იმედიანი სუნთქვისათვის და ბედნიერი იყო, რომ არ გააღვიძა ქალი და არ გაუნაწილა ის ტკივილი, თვითონ რომ განიცადა და ეს იყო სიყვარული. იგი მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ იყო: ქალი, ბავშვი, მაგიდა, საწოლები, კარადის თავზე შემოწყობილი სათამაშოები და მთელი ეს ღარიბული ბინა, სადაც მათთან ერთად ცხოვრობდა და სუნთქავდა, მაგრამ მაშინ სიტყვა არ დასცდენია ამაზე და მხოლოდ შემდეგ, ოჯახისაგან მოშორებული მიხვდა, რომ საჭირო იყო ამის აღიარება, საჭირო იყო ეთქვა ქალისათვის, თუ როგორ უყვარდა იმ ღამეს ისიც და ყველაფერი რაც მისი იყო, მისი ხელი შეხებოდა და აი, უთხრა კიდეც დაუფარავად, თავმოუბმელი ბავშვური მღელვარებით და ამაში იყო მისი ძალა! ყველა ადამიანურ განცდას, რაც უნდა ძლიერი იყოს იგი, ხელახალი აღმოჩენა და გულში ჩამკვიდრება სჭირდება, რათა არასოდეს არ დაიკარგოს და სულ იარსებოს, შენთვის კი არა, სხვისთვის, სხვისდა იმედად და ნუგეშად, როგორც საიმედოდ შენახულმა განძმა. მაგრამ ნიკომ ვერასოდეს ვერ შეძლო ეს. როგორ უთხრას თინას, რომ თავის ფუტურო სიამაყითა და პატივმოყვარეობით კლავდა ამ გრძნობებს, ჩანასახშივე აშთობდა და შემდეგ ეგონა, არასოდეს ნამდვილი სიყვარული არ განმიცდიაო, არადა, განუცდია თურმე – ახლა ხვდება ამას, ამ თვალისამხელი ჭეშმარიტებით გაცისკროვნებული წერილის სინათლეში – ახლა ხვდება, რომ თურმე უყვარდა ის, მოწაფის ფორმიანი ცხვირაპრეხილი გოგო, თავისი აბეზარი ოინებით რომ არ ასვენებდა და ერთხელ ისე გააბრიყვა, რომ მასწავლებელთანაც კი დაასმინა, გაკვეთილზე ხელს

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39