საქციელი არ მოერგებოდა მის კანონებს. იმას ყველაფრისათვის ერთიანი საზომები ჰქონდა, მე კი თითოეულს ცალ-ცალკე ვზომავდი და ბოლოს და ბოლოს დავიღალე, ვეღარ შევძელი. ზოგჯერ კი მინატრია თავის დაღწევა, ამაში მართალი ხარ, კი მინატრია, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ მარტო დარჩებოდა და იდარდებდა. გული მიკვდებოდა ამის გაფიქრებაზე. ბავშვივით ეშინოდა სიმარტოვის. და სიზმრების. სიზმრებისაც ძალიან ეშინოდა, – სიცილით თქვა თინამ, – გაიღვიძებდა, შუაღამისას დაფეთებული, შუქს აანთებდა და იჯდა, ვიდრე შიში არ გადაუვლიდა. საოცარია, არაფრის არ ეშინოდა, სიზმრების – კი. როგორ მაწამებდა, ღმერთო, როგორ მაწამებდა! ხანდახან იმაზეც დამიჭერია თავი, რომ მისი სიკვდილი მინდოდა…

ნიკოს ჟრუანტელმა დაუარა, ისე დაჯერებულად თქვა ეს ქალმა. ასე ლაპარაკობენ დავრდომილ, სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფზე, რომელიც თვითონაც იტანჯება თავისი განუკურნებელი სენისაგან და ახლობლებსაც ტანჯავს გულისმომწყვლელი სიბრალულითა და მწუხარებით. თინამ უკვე ყველაფერი თქვა, მისი დანარჩენი სათქმელი მხოლოდ თავის მართლება იქნებოდა, თვითონაც მიხვდა ამას, ამიტომ გაყუჩდა, კაცის მძიმე, დაძაბულ დუმილს მიაყურადა და შენიშნა, რომ ის ჯერ კიდევ სათქმელს ეძებდა, გაფაციცებული იყურებოდა საქარე მინაში, რომ იქნებ იქ, შეყვითლებული მთებით მოზღუდულ ფერადოვან გარემოში აღმოეჩინა რამე ისეთი, რაზეც ბუნებრივად გადაიტანდა საუბარს და ამ უხერხულ დუმილს დაარღვევდა, მაგრამ ქალის უკანასკნელი სიტყვებით დაფანტული გონება შესაფერისს ვერას ეჭიდებოდა და ამიტომ ისევ თინამ დაასწრო:

– მგონი ამინდი ფუჭდება…

– ჰო, – თავი დაუქნია ნიკომ, – მინა ჩამოსწიე, შეგცივდება. – ისეთი გულითადი თანაგრძნობით და შემბრალებელი მზრუნველობით წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს მანქანის სარკმელში შემოჭრილ სიგრილეს კი არა, საკუთარი სიტყვების გულის მომკვლელ სიმართლეს არიდებდა ქალს, მისივე მწარე გულახდილობის ტკივილისგან იფარავდა და თინამაც ასეთივე დაუფარავი გულითადობითა და მადლიერებით უთხრა: – არა, არ მცივა, – მაგრამ მაინც წამოიფუთნა მხრებზე მოსხმული ჟაკეტი, ნიკოსკენ გადაიხარა და თავი მხარზე დაადო. ნიკო ახლა მთლად დაიბნა და გაშეშდა, რადგან ყველაფერს მოელოდა ამ სიტუაციაში, ამას კი არა, მაგრამ, როცა ლოყაზე მიელამუნა ქალის თბილი, სურნელოვანი თმა და ისევ დაეუფლა ის საუცხოო ჟრუანტელი, ყოველთვის რომ ეუფლებოდა მისი სხეულის შეხებისას, ამ ვერაგულ ჩანაფიქრსაც მიუხვდა: თინას გუმანმა უკარნახა, რომ ახლა მხოლოდ ეს ფიზიკური სიახლოვე და ვნება თუ უშველიდა კაცის გასაჭირს, მცირე ხნით მაინც გამოიყვანდა მდგომარეობიდან, სულს მოათქმევინებდა და ძნელი საუბრის გასაგრძელებლად მოამზადებდა, ამიტომ მიეხუტა ასე მოულოდნელად, თავი მხარზე ჩამოადო და მარჯვენა მკლავზე მოეხვია. – უნდა დაგაჯახო რამეს და დაგამტვრიო! – ბავშვურად გაეთამაშა და საჭეზე მოვლებული ხელი გაუკავა. ნიკოს მართლა კინაღამ წაერთვა მანქანის მართვის უნარი, მაგრამ შებორკილი ხელის გამო კი არა, იმ სუნთქვის შემკვრელი სურვილისაგან, ქალის საქციელმა რომ მოჰგვარა, თვითონაც გადაიხარა და თმაზე მიელაციცა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა თავისი მოულოდნელი გულახდილობით შემკრთალი და დაბნეული თინა ასევე გადმოიწია, მხარზე მიეყრდნო და კაცის მონატრებულ არსებას თანაგრძნობის იმედით გადასცა თავისი სხეულის საიდუმლო თრთოლვა და მღელვარება. მაგრამ მაშინ სულ სხვა აზრი ჰქონდა ქალის ამ უცნაურ საქციელს, მაშინ ნიკომ იცოდა, რომ ეს მინდობილი, შინაურული სითამამე ყოველგვარ ხორციელ ვნებას გამორიცხავდა და უფრო მადლიერებას გამოხატავდა იმის გამო, რომ აიძულა ასე იოლად გაეთავისუფლებინა გულში გამოკეტილი მტანჯველი სიმართლე. ის მთელი სულითა და გულით აქ იყო, წინანდელ ცხოვრებაში, ქმრის გვერდით იმყოფებოდა და ამისმა შეგნებამ თანალმობის ტკივილით გამსჭვალა ნიკო, მასაც საოცარი მადლიერება მოეძალა ამ ალალი და ნამალავი გრძნობების გაზიარებისათვის, რამაც საშუალება მისცა მშვიდად, თავისი მამაკაცური პატივმოყვარეობის ზეიმით მიეღო ქალის ეს ნუგეშისმაძიებელი და მეგობრული გულახდილობა. მაგრამ მაშინ ისიც იგრძნო, რომ თინას საქციელსა და მთელ განწყობილებაში იყო რაღაც ისეთი, რაც ხვალინდელი მომავლისათვის იყო განკუთვნილი, აი, ამ წუთისათვის, ახლა რომ დამდგარა. აი, ამ მთრთოლვარე სიხარულისათვის, მანქანის ლაღ ქროლვას რომ შეერთებია და რასაც, შესაძლოა, თვითონ ვერც აცნობიერებდა ქალი, ვერ ხვდებოდა, რომ ამ ტრაგიკული და გამოსათხოვარი აღსარებით, ყველაფერთან ერთად, იმ ნაბიჯისთვის ემზადებოდა, ხვალ რომ უნდა გადაედგა, ესე იგი, დღეს, როცა გადადგმულია ეს ნაბიჯი და ასეთი მოუთმენლობით მიექანება სადღაც, საბედისწერო დასასრულისაკენ, და ისიც შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნიკოს ეჩვენებოდა, მაგრამ მაშინ, მდინარის პირას, შიშით გაიფიქრა, რომ უკვე აღარაფერი შეაჩერებდა ამ დანაშაულს, ყოველ შემთხვევაში, თვითონ უკვე ვერაფერს უშველიდა: საქმე მარტო ის კი არ იყო, რომ რაღაც ანდამატური ძალით იზიდავდა ამ ქალისაკენ და მასთან ყოველი შეხვედრა ბედნიერებას ანიჭებდა, არა, ამ ლტოლვას სხვა, შემაშფოთებლად უამური და ვერაგული მიზეზიც ჰქონდა და ნიკოს არ უნდოდა ბოლომდე ჩაჰკვირვებოდა ამ მიზეზს, გულისგულამდე ჩაჰყოლოდა და გაეცხადებინა, მაგრამ იმას კი გრძნონდა, რომ სწორედ ეს მეორე და მთავარი არ ანებებდა ყველაფერზე ხელის აღებას და იქაურობიდან გადახვეწას. ნიკოს შეეძლო მაშინვე ეთქვა ქალისათვის, რომ იცნობდა მის ქმარს, მოეთხრო მათი უცნაური მეგობრის ამბავი, ეთქვა ისეთივე აღსარება, როგორიც მისგან მოისმინა და მაშინვე ყველაფერი დაემთავრებინა, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო ახლა – ეს ნამდვილად იცოდა – შეუძლებელი იყო ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს, მასაც გაუჩნდა ნათელი და გამოკვეთილი მიზანი – აღმოეჩინა და სამოქმედოდ გამოეწვია თავისი მკვლელი.

მკვლელი! ეს სიტყვა უცებ ქუხილით აუფეთქდა გულში. მკვლელი! უცებ მიხვდა, კი არ მიხვდა, გაახსენდა, რომ ამ სიტყვას თავისი ზუსტი მნიშვნელობაც ჰქონდა. მკვლელი! ეს სიტყვა გულისხმობს, რომ ადამიანმა ადამიანი მოკლა, არსებობა მოუსპო, აიღო დანა და გულში ჩასცა, აიღო ქვა და თავი გაუსრისა, თოფი ესროლა და ტვინი გაანთხევინა! შიშით აბურძგლა ამის წარმოდგენაზე. აქამდე თითქოს არც მისულა მის შეგნებამდე, რომ იმ კაცს, ვის მიგნებასაც ასე ესწრაფოდა, ადამიანის მკვლელობას აბრალებდნენ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39