2020 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში — #1tvმეცნიერება
2020 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში — #1tvმეცნიერება

2020 წელს მეცნიერებმა მთელ მსოფლიოში მრავალი შთამბეჭდავი საქმე გააკეთეს. მათ შორის იყო არაერთი არქეოლოგიური აღმოჩენა, ახალი ტიპის შავი ხვრელები, წყალი მზის სისტემის სხვადასხვა სხეულზე და ასე შემდეგ.

და ეს ყველაფერი პანდემიის ფონზე მოხდა, რომელმაც თავის მხრივ, სწრაფად მოქმედი მეცნიერების საკუთარ შტოს მისცა ბიძგი. გასული წლის განმავლობაში, კორონავირუსის მკვლევრებმა შეძლეს პათოგენის გენომის გაშიფვრა, ფარდა ახადეს ინფექციის ბუნებას და იმუნურობას და რაც მთავარია, შექმნეს ვაქცინები, რომელთა გამოყენებაც მსოფლიოში ახლა დაიწყო.

პანდემიამ ძლიერ შეუშალა ხელი NASA და სხვა კოსმოსურ სააგენტოებს, თუმცა, მაინც შეძლეს ახალი მავალის გაგზავნა მარსზე, რეკორდული ხომალდის გაგზავნა მზისკენ და პირველად ისტორიაში, ასტრონავტები კოსმოსში კომერციულმა კომპანიამ გაიყვანა.

ამ და სხვა მიღწევებმა დიდად გაამდიდრეს მეცნიერთა ცოდნა კორონავირუსისკ, ჩვენი პლანეტისა და კოსმოსის შესახებ.

ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე, 1tv.ge წარმოგიდგენთ 2020 წლის რამდენიმე ყველაზე გამორჩეულ სამეცნიერო მიღწევასა და აღმოჩენას.

წლის ზოგიერთი არქეოლოგიური აღმოჩენა მეზოზოურ ხანას ეკუთვნის. პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ადრეული დინოზავრები რბილნაჭუჭიან კვერცხებს დებდნენ, გველებისა და კუების მსგავსად.

აქამდე აღმოჩენილი დინოზავრის ყველა კვერცხი მყარნაჭუჭიანი იყო, მაგრამ გობის უდაბნოში აღმოჩენილ კვერცხის ნამარხებს რბილი ნაჭუჭი უნდა ჰქონოდა.

ათზე მეტი კვერცხი 75 მილიონი წლის წინანდელია და ცხვრის ზომის ბალახისმჭამელებს, პროტოცერატოპსებს ეკუთვნის, დანარჩენი კი 6-მეტრიან, გრძელკისერა მუსზავრებს, რომლებიც 200 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. აღმოჩენა მიუთითებს, რომ მყარნაჭუჭიანი კვერცხები — ევოლუციური უპირატესობა, რომელმაც ცხოველებს აღორძინების საშუალება მისცა, დინოზავრებში იმაზე გაცილებით გვიან გამოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ბოლო გამყინვარების ხანაში, ადრეული ადამიანები აზიიდან ამერიკაში ნავებით გადავიდნენ და არა სახმელეთო ხიდით, როგორც აქამდე გვეგონა.

არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ მექსიკაში, საკატეკასის მღვიმეში აღმოჩენილი ქვის იარაღები და არტეფაქტები დაახლოებით, 32 000 წლის წინანდელია.

ამ მტკიცებულებამ თავდაყირა დააყენა მოსაზრება, რომ პირველი ადამიანები თანამედროვე ციმბირიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ბერინგის სრუტეში გაჩენილი ე. წ. სახმელეთო ხიდით გადავიდნენ 18 000 – 13 000 წლის წინ.

32 000 წლის წინ, ბოლო გამყინვარების ხანაში, ხმელეთის ხიდი დაუძლეველი იქნებოდა. შესაბამისად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამერიკაში პირველი ადამიანები ზღვით მივიდნენ. კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს მიგრანტები ანატომიურად თანამედროვე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ.

ამერიკაში მისვლის შემდეგ, მათ სავარაუდოდ მამონტებზე ნადირობა დაიწყეს და ისინი გადაშენებამდე მიიყვანეს, როგორც ამას მამონტის ძვლების უდიდეს გროვათა აღმოჩენა მიუთითებს.

მეხიკოს ჩრდილოეთით, აეროპორტის მშენებლობისას, არქეოლოგებმა 200 უძველესი მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს.

მამონტები ტბის ფსკერზე იყვნენ მომწყვდეული. შესაძლებელია ორი ახსნა — ისინი ტბაში შეიძლება თავად შევიდნენ ნაპირებზე ბალახის საჭმელად, ანდაც ტალახში ადამიანებმა შერეკეს. თუ მართლაც ადამიანის ხელი ურევია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ იმაზე დიდი ოდენობით მამონტთა დახოცვა შეეძლოთ, ვიდრე აქამდე გვეგონა.

კიდევ ერთი პრეისტორიული არსება, მღვიმის დათვი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში შემონახული აღმოაჩინეს ციმბირის გაყინულ ნიადაგში.

ზრდასრული მღვიმის დათვის სხეული, რომელიც ციმბირის ერთ შორეულ კუნძულზე აღმოაჩინეს, საკმაოდ კარგად არის შემონახული. შემორჩენილია მისი დრუნჩი, კბილები და შინაგანი ორგანოები.

მეცნიერთა აზრით, მღვიმის დათვი 22 000 – 39 500 წლის წინ მოკვდა. მისი სახეობა, Ursus spelaeus-ი ბოლო გამყინვარების ხანაში არსებობდა და 15 000 წლის წინ გადაშენდა.

არქეოლოგებმა ინგლისში სტოუნჰენჯის ზოგიერთი ლოდის წარმოშობა დაადგინეს.

სტოუნჰენჯი, რომელიც დაახლოებით 5000 წლის წინ არის აშენებული, ორი სხვადასხვა ტიპის ქვის ფილებისგან შედგება.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ტიპი, შედარებით პატარა ლურჯი ქვები უელსიდან დაახლოებით 200 კმ-ით დაშორებული ადგილიდან არის მიტანილი. ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მონუმენტის შემადგენელი უფრო დიდი, 9-მეტრიანი ქვიშაქვის ფილები ახლომდებარე ზონიდან არის მიტანილი, მაგრამ საქმეს დიდად არც ეს აიოლებს, რადგან მშენებლებს დაახლოებით 23-ტონიანი ლოდები 25 კმ-ის მანძილზე უნდა ეთრიათ.

ეგვიპტეში, საქარის ნეკროპოლისში, მთელი წლის განმავლობაში, არქეოლოგებმა უძველესი ქალაქის უამრავი სარკოფაგი აღმოაჩინეს.

აღმოჩენილია 160 მუმიაზე მეტი. ისინი 2500 წლის წინ არის დაკრძალული. სამარხების გათხრისას მკვლევრებმა ასევე მიაგნეს სხვადასხვა არტეფაქტსა და ცხოველთა მუმიებს. ძეგლზე გათხრები გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის ნაწილს ვპოულობთ, მეორე ნაწილი სამუდამოდ იკარგება. ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ანტარქტიკის მყინვარები — პაინის კუნძული და ტუეიტსი სწრაფად კოლაფსირდება.

 

დასავლეთ ანტარქტიდის უზარმაზარ მყინვართა დნობაზე უკვე მოდის ზღვის დონის მატების 5 პროცენტი. თუმცა, თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით სექტემბერში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ეს ბუნებრივი ბუფერის სისტემა, რომელიც მყინვარებს ზღვაში შეცურებისგან იცავს, იმაზე სწრაფად იშლება, ვიდრე გვეგონა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ტუეიტსი, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, რადგან ის დანარჩენ მყინვარებს იცავს გამთბარი ზღვისგან. როდესაც ის ჩაინგრევა, მას მიჰყვება დასავლეთ ანტარქტიდის სხვა მეზობელი ყინულის მასებიც. ამ პროცესების შედეგად, ზღვის დონემ შეიძლება თანდანთან 3 მეტრამდე აიწიოს, რის შედეგადაც სამუდამოდ ჩაიძირება მრავალი სანაპირო ქალაქი თუ ქვეყანა, მათ შორის, ნიუ-იორკი, მაიამი, ნიდერლანდები.

კიდევ ერთი ეკოლოგიური კრიზისის გადასაჭრელად, მეცნიერებმა შექმნეს პლასტმასის მჭამელი სუპერფერმენტები, რომლებიც ბოთლებს რამდენიმე დღეში შლის.

ბრიტანეთის ფერმენტების ინოვაციის ცენტრისა და კოლორადოს განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრების მიერ შექმნილი ფერმენტები პლასტმასის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, პოლიეთილენტერეფტალატს (PET), რომლისგანაც ერთჯერად ბოთლებს, ტანსაცმელსა და ნოხებს ამზადებენ, მის შემადგენელ ქიმიურ ბლოკებად შლის.

მასშტაბურად გამოყენების შემთხვევაში, ამ ფერმენტებმა შეიძლება დაშალოს ადამიანების მირ ყოველწლიურად დამზადებული 300 მილიონ ტონამდე პლასტმასი, რაც მწარმოებლებს იმავე პლასტმასის ხელახლა არაერთხელ გამოყენების საშუალებას მისცემს. თავის მხრივ, ეს შეამცირებს დამოკიდებულებას წიაღისეულ საწვავზე, რაც ახალი პლასტმასის საწარმოებლად არის საჭირო.

გავცდეთ დედამიწას — SpaceX-მა მსოფლიოში პირველი პილოტირებული კომერციული ფრენა განახორციელა და ხომალდ Crew Dragon-ით NASA-ს ორი ასტრონავტი ორბიტაზე გაიყვანა.

ეს მისია ერთგვარი ტესტირება იყო იმის დამტკიცებისთვის, რომ SpaceX-ს ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია. კაფსულა Crew Dragon-მა ორი ასტრონავტი — ბო ბენკენი და დუგლას ჰარლი დედამიწის ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აიყვანა.

ორი თვის შემდეგ, Crew Dragon-მა ასტრონავტები უკან, დედამიწაზე ჩამოიყვანა. წარმატება უმნიშვნელოვანესია, რადგან 2011 წლის შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტენის აყვანა-ჩამოყვანისთვის NASA რუსეთის რაკეტებსა და კაფსულებზე იყო დამოკიდებული.

2020 წლის 15 ნოემბერს, SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე NASA-ს ოთხი ასტრონავტი აიყვანა.

SpaceX-მა გააძლიერა საკუთარი პროგრამა Starlink-ი და ინტერნეტსერვისის ტესტირებაც დაიწყო.

პროექტის მიზანია მთელ დედამიწას მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი, თანამგზავრული ინტერნეტი.

ორბიტაზე ამჟამად პროექტის 900-მდე თანამგზავრი მოძრაობს და აშშ-ის ზოგიერთ ზონაში ინტერნეტის ბეტა-ტესტირებაც დაიწყო.

2020 წელს, SpaceX-მა ამ პროექტისთვის სულ 14-ჯერ გაუშვა რაკეტა, რომელსაც ყოველ ჯერზე ორბიტაზე 60 თანამგზავრი აჰქონდა. კომპანიას 30 00-ზე მეტი თანამგზავრის გატანის ნებართვა აქვს მიღებული.

NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) თებერვალში გაუშვეს მზის შემსწავლელი ხომალდი Solar Orbiter-ი, რომელმაც ჩვენს ვარსკვლავს ისტორიაში ყველაზე ახლოდან გადაუღო ფოტოები.

9 თებერვალს გაშვებული Solar Orbiter-ი მილიონობით კილომეტრის გავლის შემდეგ, მზეს მიუახლოვდა, ფოტოები გადაუღო და დედამიწაზე გამოგზავნა. სურათებზე ჩანს, როგორ ანთია მზის ზედაპირზე მინიატურული ანთებები.

მეცნიერთა განცხადებით, შეიძლება სწორედ ამ „კოცონებმა“ ახსნას, თუ რატომ არის მზის გარე ატმოსფერო უფრო ცხელი, ვიდრე მის ქვეშ, მზის ზედაპირზე არსებული ფენები.

შვიდწლიანი მისიის ფარგლებში, ორბიტერი მზეს 42 მილიონი კილომეტის მანძილზე მიუახლოვდება, გადაუღებს პირველ ფოტოებს მის პოლუსებს და შეისწავლის მის მძლავრ ამოფრქვევებს. მისიის ფარგლებში, მეცნიერები შეეცდებიან უკეთ შეისწავლონ მზის ქარი — მზიდან მომდინარე დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი, რომელიც ჩვენს პლანეტას ურტყამს.

ამასობაში, NASA-ს ზონდმა InSight-მა მარსზე ასობით ბიძგი დააფიქსირა. ირკვევა, რომ პლანეტას მთვარის მსგავსი წიაღი აქვს.

InSight-ის ჯგუფმა აღმოჩენების შესახებ თებერვალში გვამცნო; იმ დროისათვის, სტატიკურ ხომალდს მარსზე დაფიქსირებული ჰქონდა სულ მცირე 450 მიწისქვეშა ბიძგი. მკვლევრები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მარსის სეისმური ტალღები ჩვენი მთვარის ბიძგების მსგავსად ირეკლებოდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ წითელი პლანეტის ქერქი უფრო მშრალი და დამსხვრეულია, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, ამის მიზეზი კი ასტეროიდთა დარტყმები უნდა იყოს.

ხომალდმა ასევე დააფიქსირა მარსის ზედაპირზე წარმოქმნილი 10 000-ზე მეტი ქარბორბალა.

მარსის უკეთ შესასწავლად, NASA-მ ივლისში გაუშვა მავალი, სახელად Perseverance. მას თან მიაქვს ჟანგბადის სინთეთიზატორი და პირველი საპლანეტათშორისო დრონი.

სპორტული მანქანის ზომის, 2,4 მილიარდ დოლარად ღირებული მავალი NASA-მ მარსისკენ 30 ივლის გაუშვა. ის ჯერ კიდევ გზაშია და წითელ პლანეტაზე 2021 წლის 18 თებერვალს დაჯდება.

თუ წარმატებით დაჯდა, მავალი მარსის ნიადაგის გაბურღვას და სკანირებას დაიწყებს არამიწიერი სიცოცხლის ძებნის მიზნით. ამავე დროს, ის პლანეტის ქანების ნიმუშებს აიღებს და შეინახავს, რომელსაც მომავლის მისიები დედამიწაზე ჩამოიტანენ.

გარდა ამისა, საკუთარი კორპუსიდან Perseverance გამოუშვებს პირველ საპლანეტათშორისო დრონს და შეამოწმებს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ადამიანებს წითელ პლანეტაზე გადარჩენისთვის დასჭირდებათ. მათ შორის იქნება რობოტი, რომელსაც შეეძლება, მარსის ატმოსფეროში ნახშირორჟანგისგან ჟანგბადი აწარმოოს, დაახლოებით ისე, როგორც ხე დედამიწაზე.

მარსზე მისიები გაუშვეს ჩინეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც, რომლებიც პლანეტის კლიმატის რუკას შექმნიან და მიწისქვეშა წყლების ადგილმდებარეობას დაადგენენ.

მავალ Perseverance-ის მსგავსად, ეს მისიებიც ივლისში გაუშვეს, იმ დროს, როდესაც მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლოს იყო.

არაბთა გაერთიანებული სამეფოს ზონდი Hope არაბული სამყაროს პირველი ხომალდია, რომელიც სხვა პლანეტისკენ გაუშვეს. წითელ პლანეტასთან ის თებერვალში მივა და მის გარშემო გრძელ, ოვალურ ორბიტაზე იმოძრავებს და ყოველ ამ მარშრუტზე, 55 საათის განმავლობაში, პლანეტის უდიდეს ნაწილს დააკვირდება. ორბიტერმა უნდა შექმნას პლანეტის პირველი სრული გლობალური კლიმატური რუკა მარსის ერთი წლის განმავლობაში.

ჩინეთის მავალი Tianwen-1 აღჭურვილია რადარული სისტემით, რომელსაც შეუძლია დააფიქსიროს მიწისქვეშა წყლის ჯიბეები, სადაც შეიძლება სიცოცხლეც ყვაოდეს. წარმატების შემთხვევაში, ის პირველი მარსული მისია იქნება, რომელიც დაჯდომის პლატფორმას ჩაუშვებს, გამოუშვებს მავალს და პლანეტის ორბიტაზე ხომალდს გაუშვებს.

NASA-ს ზონდი ასტეროიდს შეეხო, ზედაპირის ნიმუშები აიღო და დედამიწაზე გამოგზავნა.

მისია, სახელად Osiris-Rex-ი 2016 წელს გაუშვეს; ასტეროიდთან, სახელად ბენუ, ის 2018 წელს მივიდა. გასული ორი წლის განმავლობაში ის ასტეროიდის გარშემო მოძრაობდა, აგროვებდა მონაცემებს და მისი ზედაპირიდან ნიმუშების ასაღებად ემზადებოდა.

2020 წლის 20 ოქტომბერს, ის ბენუს მიუახლოვდა და ზედაპირიდან ქანების ნიმუშებიც აიღო, რომლებსაც დედამიწაზე 2023 წელს ჩამოიტანს.

ამ ნიმუშებმა მეცნიერებს შეიძლება ბევრი რამ უთხრას მზის სისტემის წარმოშობისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ასევე, დაეხმაროს NASA-ს იმ სამომავლო მისიების მომზადებაში, რომლებიც ასტეროიდებიდან რესურსებს მოიპოვებენ.

ამასობაში, იაპონიამ სხვა ასტეროიდიდან ნიმუშები მიიღო, რომლებიც ასტეროიდის ზედაპირქვეშიდან აღებული პირველი ნიმუშებია.

იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მისია ჰაიაბუსა-2 ასტეროიდ რიუგუს ესტუმრა — კილომეტრამდე სიგანის პირველყოფილ სხეულს, რომელიც მზის გარშემო 211 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.

ზონდი რიუგუზე თებერვალში დაჯდა და ზედაპირის ნიმუშები აიღო. ორი თვის შემდეგ, ის ასტეროიდს მოშრდა და ფეთქებადი ყუთი ესროლა. შედეგად, ზედაპირზე ამოვიდა ქვეშ არსებული ქანების მასალა.

2020 წლის 6 დეკემბერს, ასტეროიდზე აღებულ ნიმუშებთან ერთად, ზონდი ავსტრალიის ერთ-ერთ უდაბნოში დაეშვა.

ეს გახლავთ დედამიწაზე ჩამოტანილი პირველი ნიმუშები, რომლებიც ასტეროიდის ზედაპირის ქვეშიდან არის აღებული. მეცნიერთა აზრით, ეს ასტეროიდი მზის სისტემის ასაკის უნდა იყოს და შესაძლოა, საკვანძო ცნობები მოგვცეს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

მეცნიერებმა შეისწავლეს ავსტრალიაში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნიმუშები. შიგნით მათ იპოვეს უძველესი ვარსკვლავური მტვერი, რომელიც დედამიწაზე ოდესმე აღმოჩენილი უძველესი მასალაა.

იანვარში, მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს ავსტრალიაში ნაპოვნ მეტეორიტის ფრაგმენტებს და დაადგინეს, რომ ისინი შეიცავდა 5-7 მილიარდი წლის წინანდელ ვარსკვლავის მტვერს, ანუ მზეზე უფრო ძველს, რომელიც ჯერ 4,6 მილიარდი წლისაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ვარსკვლავური მტვერი დედამიწაზე ნაპოვნი უძველესი მასალაა. აქამდე, ყველაზე ძველ მასალად ითვლებოდა 2014 წელს ავსტრალიაში აღმოჩენილი ცირკონის კრისტალები, რომლებიც 4,4 მილიარდი წლისაა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეტეორიტში ნაპოვნ მასალათა უმეტესობა ერთსა და იმავე დროს ეკუთვნის, აძლიერებს დიდი ხნის თეორიას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით, დროში წარმოქმნის ნაცვლად, ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა უმეტესობა 7 მილიარდი წლის წინ ერთდროულად გაჩნდა.

მეტეორიტში პირველად აღმოაჩინეს არამიწიერი წარმოშობის ცილა.

შესაძლებელია თუ არა, რომ სიცოცხლე მზის სისტემაში ყველგან აღმოცენდეს? გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები გონიერი არსებები ვართ და ყველაფერი გვაინტერესებს, ბუნებრივია, რომ გვაქვს იმის ინტერესიც, რაიმე ცოცხალი არსებები ვიპოვოთ ჩვენი ციცქნა პლანეტის მიღმა. ამის ერთ-ერთი გზა მეტეორიტების შესწავლაა.

წლის დასაწყისში, მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს არამიწიერი წარმოშობის ცილა, რომელსაც დედამიწაზე 30 წლის წინ ჩამოვარდნილ მეტეორიტში მიაგნეს. ცილები კი გადამწყვეტია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის აღმოცენებისთვის.

ხელოვნურმა ინტელექტმა ბიოლოგიაში ბოლო 50 წლის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი გადაჭრა.

დეკემბრის დასაწყისში, ხელოვნური ინტელექტის კომპანია DeepMind-მა მსოფლიოს ამცნო, რომ ხელოვნური ინტელექტის ახალმა სისტემამ ეფექტიანად გადაჭრა დიდი ხნის და წარმოუდგენლად კომპლექსური სამეცნიერო პრობლემა, რომელიც ცილების სტრუქტურასა და ქცევას ეხება.

ბოლო 50 წელიწადია, მკვლევრები ამაოდ ცდილობენ იმის პროგნოზირებას, როგორ აღწევენ ცილები თავიანთ სამგანზომილებიან სტრუქტურას. ამ პრობლემას ცილების დაკეცვის პრობლემას უწოდებენ და მის გადაჭრას წარმოუდგენლად ართულებდა შესაძლო კონფიგურაციათა ასტრონომიული რიცხვი.

DeepMind-ის წარმატება ნიშნავს წინ გადადგმულ უზარმაზარ ნაბიჯს, როგორც ახალი პრეპარატების შექმნის თვალსაზრისით, ისე ჯანდაცვის კვლევებისგან სრულიად სხვა სფეროებში.

გრავიტაციული ტალღების დეტექტორებმა ღრმა კოსმოსში შეჯახებათა ახალი ტიპი გამოავლინა, ასევე გვიჩვენა, რომ არსებობს ისეთი შავი ხვრელებიც, რომელთა არსებობაც ფიზიკოსებს წარმოუდგენელი ეგონათ.

გრავიტაციული ტალღების ლაზერულ-ინტერფერომეტრულმა ობსერვატორიამ (LIGO) აშშ-ში და მისმა იტალიელმა კოლეგა Virgo-მ დაკვირვებათა ექვსთვიან პერიოდში რეკორდული რაოდენობის, 39 ახალი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირეს.

ეს კი უდრის ორი მასიური ობიექტის 39 სხვადასხვა შეხვედრას სადღაც კოსმოსის სიღრმეში, რომელთა შედეგადაც სივრცე-დროში მძლავრი ჭავლები წარმოიქმნა.

იანვარში LIGO-ს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობებმა დააფიქსირეს ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ჭავლები; ნეიტრონული ვარსკვლავი მკვდარი ვარსკვლავის სუპერმკვრივი ბირთვია. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში, ნეიტრონული ვარსკვლავი შავმა ხვრელმა შთანთქა.

სექტემბერში, LIGO-მ და Virgo-მ გვამცნეს, რომ დაფიქსირებულია ორი ე. წ. შუალედურმასიანი შავი ხვრელის შეჯახება. მანამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ამ შუალედური ზომის შავი ხვრელების წარმოქმნა შეუძლებელი იყო.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, ასტრონავტებმა ექსპერიმენტით მატერიის მეხუთე მდგომარეობას მიაღწიეს.

მატერია, სახელად ბოზე-აინშტაინის კონდენსატი შედგება ხუთი მილიონი ატომისგან, რომლებიც ვარსკვლავთშორის სივრცეზე დაბალ ტემპერატურამდე გააციეს. ასეთ დაბალ ტემპერატურაზე ატომები ერთად იყრის თავს და მეცნიერებს კვანტური სამყაროს შესწავლა უადვილდებათ — სუბატომური სამეფოსი, რომელშიც ყველაფერი ერთ ატომზე პატარაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოზე-აინშტაინის კონდენსატი დედამიწაზე 25 წლის წინ დაამზადეს, მის შესწავლას გრავიტაცია ართულებს — ამოძრავებს და წამზე ნაკლებ დროში აქრობს.

თუმცა ივნისში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განთავსებულ ცივ ატომთა ლაბორატორიაში, ბოზე-აინშტაინის კონდენსატი წარმატებით შეიქმნა მიკროგრავიტაციის ქვეშ. შედეგად, მეცნიერებმა ამ ულტრაცივი მატერიის შესწავლა უფრო მეტი დროის განმავლობაში შეძლეს, ვიდრე დედამიწაზე, რაც პოტენციურად, მათ გრავიტაციული ტალღებისა და ბნელი ენერგიის შესწავლაშიც უნდა დაეხმაროს.

პლანეტა ვენერას ატმოსფეროში აღმოაჩინეს ფოსფინი — აირი, რომელსაც დედამიწაზე ანაერობული მიკრობები წარმოქმნიან.

ფოსფინი შეიძლება წარმოიქმნას ვულკანური აქტივობის ან ჭექა-ქუხილის შედეგადაც, მაგრამ არა ასეთი დიდი ოდენობით. შესაბამისად, სექტემბრის აღმოჩენა შეიძლება, პოტენციური არამიწიერი სიცოცხლის გარკვეულ მინიშნებად ჩავთვალოთ.

ამ კვლევას დიდი ყურადღება დაეთმო. სამმა სხვა ჯგუფმა ვენერაზე ფოსფინის კვალს ვერ მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ ორმა მათგანმა იგივე მონაცემები გამოიყენა.

ამის შემდეგ, აღმოჩენის ავტორმა მეცნიერებმა მონაცემები ხელახლა შეისწავლეს და პროცესში დაშვებულ შეცდომამდე მივიდნენ. ფოსფინის სიგნალი მაინც ფიქსირდებოდა, მაგრამ უფრო მკრთალად. ამ აირის დონე იმის დაახლოებით ერთი-მეშვიდედი იყო, რასაც მეცნიერები თავდაპირველად ვარაუდობდნენ.

თუმცა, როგორც ჟურნალი Nature იუწყება, მხოლოდ ვულკანები და ჭექა-ქუხილი ფოსფინის ასეთი მცირე რაოდენობით არსებობასაც ვერ ხსნის. არ არის გამორიცხული, რომ ვენერას ატმოსფეროში მიმდინარე უცნობი ქიმიური რეაქციები ვულკანების ამოფრქვევებისა და ჭექა-ქუხილის შედეგად გაჩენილ ფოსფორის ნაერთებს ფოსფინად გარდაქმნიდეს. ამავე დროს, მაინც რჩება იმის შანსი, რომ ვენერას ატმოსფეროში გარკვეული სახის ბაქტერიები არსებობდეს, რომლებიც ამ ფოსფინს წარმოქმნიან.

არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნას წინ იმედგაცრუება ელოდებოდა, რადგან ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ ამოუცნობი სწრაფი რადიოსიგნალები მკვდარი ვარსკვლავისგან მოდის და არა არამიწიერი ცივილიზაციისგან.

ტელესკოპის მონაცემებში ეს იდუმალი სიგნალები პირველად 2007 წელს გამოჩნდა. ამის შემდეგ, მკვლევრება დაადგინეს, რომ ეს სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) სავარაუდოდ კოსმოსში ყოველ წამში ვრცელდებოდა. ზოგიერთი მათგანი მეორდებოდა, რადიოტალღათა აფეთქებები ერთი და იმავე ადგილიდან მოდიოდა რეგულარული ინტერვალებით.

ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა, რომ ჩვენი გალაქტიკისკენ ამ სიგნალებს სხვა არამიწიერი ცივილიზაციები უშვებდნენ.

2020 წლის აპრილში, მკვლევართა ორმა ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად პირველად დააფიქსირა ასეთი სიგნალები, რომლებიც ჩვენს გალაქტიკაში იყო წარმოქმნილი. კვალს მიჰყვნენ და მივიდნენ მაგნეტარის ფეთქებად აქტივობასთან, ანუ შორეულ ნეიტრონულ ვარსკვლავთან მძლავრი მაგნიტური ველით. კვლევა მიუთითებდა, რომ მრავალი ასეთი რადიოსიგნალი, თუ არა ყველა, სავარაუდოდ მაგნეტარებისგან მოდის.

თუმცა, არამიწიერი სიცოცხლის ძებნას ახალი იმპულსი მისცა სხვა მტკიცებულებებმა — მეცნიერებმა მარილიანი წყალი აღმოაჩინეს ორ ახლომდებარე სხეულზე: მარსსა და ჯუჯა პლანეტა ცერერაზე.

აგვისტომდე, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, რა იყო NASA-ს ხომალდ Dawn-ის მიერ ცერერაზე შემჩნეული ლაქები. ეს ჯუჯა პლანეტა მზის გარშემო მარსსა და იუპიტერს შორის მოძრაობს. მეცნიერთა აზრით, მლაშე წყალი ჯუჯა პლანეტის ზედაპირზე ამოდის დაახლოებით 40 კმ სიღრმეში არსებული ასობით კილომეტრის სიგანის მიწისქვეშა ოკეანიდან.

სექტემბერში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მარსის სამხრეთ პოლარული ქუდის ქვეშ გაწოლილია მიწისქვეშა მლაშე ტბები.

როგორც მარსზე, ისე ცერერაზე, წყლის ეს მალული რეზერვუარები შეიძლება შეიცავდეს სიცოცხლის პრიმიტიულ ფორმებს.

წყლის ახალი მარაგი მთვარეზეც აღმოაჩინეს.

ოქტომბერში NASA-ს მეცნიერებმა გვამცნეს, რომ მთვარის ზედაპირზე წყალი აღმოაჩინეს. მთვარეზე წყლის ნიშნების შესახებ ასტრონომებმა უკვე ათწლეულებია იციან, მაგრამ ყოველთვის იყო შესაძლებლობა, რომ ის წყლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა (H2O) კი არ ყოფილიყო, არამედ ნაერთი, სახელად ჰიდროქსილი.

მეცნიერები ორივე ამ ნაერთს „წყალს“ უწოდებენ, მაგრამ ჰიდროქსილის შემადგენელი წყალბადისა და ჟანგბადის მოლეკულები გაცილებით მტკიცე ქიმიურ ბმას წარმოქმნის, ვიდრე H2O-ში. ამის გამო, ჰიდროქსილი უფრო ძნელად იშლება; ეს პროცესი კი ასტრონავტებს შეიძლება მომავალში დასჭირდეთ, რათა მიიღონ ჟანგბადი სასუნთქად და წყალბადი რაკეტების საწვავად.

ხელმისაწვდომი H2O ალბათ საკვანძო ფაქტორია NASA-ს ამბიციებში, რომ მთვარეზე მუდმივი ბაზა შექმნას, რომელიც ერთგვარი ტრამპლინი იქნება ასტრონავტთა მარსზე გასაგზავნად.

დეკემბერში მთვარეზე დაჯდა ჩინეთის ხომალდი Chang’e-5, რომელმაც პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე მთვარის ქანის ნიმუშები ჩამოიტანა.

ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელმაც ათწლეულების შემდეგ ეს შეძლო. მთვარის ქანების ნიმუშები დედამიწაზე ბოლოს საბჭოთა კავშირის მისია „ლუნა 24-მა“ ჩამოიტანა 1976 წელს.

ხომალდმა 2 კილოგრამამდე მთვარის ქანი ვრცელ, აქამდე შეუსწავლელ ვულკანურ ვაკეზე შეაგროვა.

დავბრუნდეთ დედამიწაზე, სადაც კორონავირუსის პანდემიამ აღმოჩენათა ნამდვილი კასკადი გამოიწვია. ვირუსის გენომის სეკვენირება მეცნიერებმა უცნობი დაავადების გამოჩენიდან რამდენიმე დღეში შეძლეს.

უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ვირუსის სრული გენეტიკური მიმდევრობა 2 იანვარს უკვე გაშიფრული ჰქონდა. 10 დღის შემდეგ შედეგები მსოფლიოს ამცნეს.

დადგინდა, რომ ახალ კორონავირუსს, სახელად SARS-CoV-2-ს, გენომის 80 პროცენტი საერთო აქვს იმ კორონავირუსთან, რომელმაც 2003 წელს SARS-ის ეპიდემია გამოიწვია. ეს კი უკვე იმის მინიშნება იყო, რომ ახალი ვირუსიც ცხოველური წაროშობის იყო.

მაისში დადგინდა, რომ SARS-CoV-2-ს 97 პროცენტი აქვს საერთო კორონავირუსთან, სახელად RmYN02, რომელიც ჩინეთში ღამურებში ცირკულირებს. ამ კვლევამ კიდევ ერთი მტკიცებულება შემოგვთავაზა, რომ ვირუსი ბუნებრივად გადავიდა ღამურებიდან რომელიღაც სხვა შუალედურ სახეობაში, მათგან კი ადამიანებში.

სავარაუდოდ, ვირუსი მსოფლიოში უკვე დეკემბერში ვრცელდებოდა.

სამთავრობო მონაცემები მიუთითებს, რომ ჩინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა სავარაუდოდ 17 ნოემბერს არის დაფიქსირებული. თუმცა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ვირუსი უფრო ადრეც ვრცელდებოდა.

თუმცა, მეცნიერები მაინც თანხმდებიან, რომ დიდი ალბათობით, ვირუსი გლობალურად დეკემბერში გავრცელდა. ამერიკის წითელი ჯვრის მიერ აღებული სისხლის ნიმუშები აჩვენებს, რომ ზოგიერთ ადამიანს აშშ-ში კორონავირუსების ანტისხეულები ჯერ კიდევ 13 დეკემბერს ჰქონდა.

კორონავირუსის ვაქცინები წარმოუდგენლად სწრაფად შეიქმნა.

პანდემიამდე, ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა ყბაყურას ვაქცინა იყო, რომელიც ოთხ წელიწადში შექმნეს.

ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მეცნიერებმა 2020 წლის იანვარში დაიწყეს. ერთ წელზე ნაკლებ დროში, უკვე დეკემბერში, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ ავტორიზაცია მიიღო და ბევრ ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო. მას მოჰყვა კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინაც.

ორივე ვაქცინა სულ რაღაც ორ დღეშია შექმნილი, თუმცა მთელი დრო სრულმასშტაბიანმა კლინიკურმა ცდებმა წაიღო. ასეთი სისწრაფე შეუძლებელი იქნებოდა ვაქცინების ახალი ტექნოლოგიის, ინფორმაციული რნმ-ის გარეშე (mRNA). ამ ტიპის ვაქცინების შექმნა შესაძლებელია კომპიუტერით, საჭიროა მხოლოდ ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობის მხოლოდ მცირე სეგმენტი.

ამ გამანადგურებელი პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ფატნასტიკური მიღწევაა, რომ უკვე გვაქვს ეფექტიანი ვაქცინები, რომლებიც წელს ეჭვგარეშედ არის მეცნიერების ნამდვილი ზეიმი. სწორედ ისინი გვისახავს 2021 წლის იმედს.

2020 წელს ყველამ ნათლად დავინახეთ, რამდენად უსუსურები და დაუცველები ვიქნებოდით მეცნიერების გარეშე და სწორედ მეცნიერებაა ის ერთადერთი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია მოვუგოთ სასტიკ, უხილავ მტერს. გვქონდეს იმედი, რომ 2021 ვირუსზე საბოლოო გამარჯვების და სხვა მრავალი ახალი სამეცნიერო მიღწევის წელი იქნება. ყოველ ასეთ მოვლენას 1tv.ge რა თქმა უნდა, მომდევნო წელსაც ყოველდღიურად, დეტალურად გიამბობთ.