ელ-ნინიო ბრუნდება — რა გავლენა ექნება ამ კლიმატურ ფენომენს მსოფლიოში ამინდზე 2026-2027 წლებში #1tvმეცნიერება
გლობალური ამინდის პროგნოზის თანახმად, 2026 წლის მეორე ნახევარში დადგება ამინდის ძლიერი ფენომენი ელ-ნინიო, რომელიც გამოიწვევს ცხელ და მშრალ ამინდს აზიის უმეტეს ნაწილში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში კი ძლიერ ნალექებს.
იაპონიის ამინდის ბიუროს განცხადებით, 70 პროცენტია შანსი იმისა, რომ ელ-ნინიო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის სეზონზე გამოჩნდეს. ჩინეთის შესაბამის უწყებათა ცნობით კი, ამ ქვეყანაში ელ-ნინიოს შედეგებს წლის ბოლოსთვის ელოდებიან, თავად მოვლენა კი მაისში გამოჩნდება.
აშშ-ის კლიმატის პროგნოზის ცენტრის შეფასებით, 61 პროცენტია იმის შანსი, რომ ელ-ნინიო მაისიდან ივლისამდე პერიოდში წარმოიქმნას.
ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში გრძელვადიან წვიმებს მაისიდან აგვისტომდე პერიოდში ვარაუდობს.
რა არის ელ-ნინიო და ლა-ნინია?
ელ-ნინიო და ლა-ნინია წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის ერთი და იმავე კლიმატური სისტემის საპირისპირო ფაზებია.
ელ-ნინიო არის წყნარი ოკეანის ეკვატორული ზონის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილის ზედაპირის წყლების ბუნებრივად უჩვეულოდ გათბობა.
ხდება მაშინ, როცა ატმოსფერული წნევის ცვლილებები ასუსტებს ან თუნდაც უკუაქცევს ჩვეულებრივ სტაბილურ აღმოსავლეთის პასატურ ქარებს, რაც დასავლეთ წყნარ ოკეანეში დაგროვილი თბილი წყლების აღმოსავლეთისკენ გადაადგილებას უწყობს ხელს; შედეგად კი ხდება სითბოს გადანაწილება იცვლება გლობალური ამინდი სურათი.
ლა-ნინია წარმოიქმნება მაშინ, როცა პასატური ქარები ძლიერდება, უფრო მეტი თბილი წყალი გადააქვს დასავლეთ წყნარ ოკეანეში და ცივ წყალს აღმოსავლეთით გადაადგილების საშუალება ეძლევა; შედეგად, ზღვის ტემპერატურა ნორმალურზე დაბლა ჩამოდის.
ლა-ნინია ხშირად განაპირობებს საშუალოზე მეტ ნალექს ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარკვეულ ნაწილებში, მაგრამ ცვალებადია მისი გავლენა ინდოეთის მუსონებზე.
ამერიკის კონტინენტზე ლა-ნინია უფრო ნესტიან გარემოს ქმნის სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, აშშ-ის სამხრეთში კი მშრალ გარემოს. საერთო ჯამში, ამ დროს ამერიკის კონტინენტი უფრო მშრალი ხდება.
საშუალოდ, ელ-ნინიო ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ ხდება, ლა-ნინია კი 3-7 წელიწადში ერთხელ.
რას უნდა ველოდოთ?
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანახმად, წლევანდელი ელ-ნინიოსგან უნდა ველოდოთ:
- გლობალური კლიმატის დათბობას;
- ექსტრემალური ამინდის ალბათობის ზრდას — როგორიცაა სითბური ტალღები (ძალიან ძლიერი სიცხე) და ძლიერი წვიმა;
- ნალექების (წვიმის სახით) ზრდას სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, აფრიკის რქასა (სომალის ნახევარკუნძული) და ცენტრალურ აზიაში;
უფრო მშრალ ამინდს ავსტრალიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ აზიის გარკვეულ ნაწილებში;
- ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულში ქარიშხლების რაოდენობის ზრდას ცენტრალურ/აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, მაგრამ შემცირებას ატლანტის ოკეანის აუზში.
რა შედეგები ჰქონდა წარსულში ელ-ნინიოს მოვლენებს?
ელ-ნინიოს მოვლენები განსხვავდება სიმძიმისა და გავლენის მიხედვით.
2015-2016 წლების ძლიერმა ელ-ნინიომ გამოიწვია სასტიკი გვალვები ავსტრალიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ შეასუსტა ინდური მუსონი. შემცირდა მარცვლეულის, პალმის ზეთისა და შაქრის მოსავალი.
ამავე დროს, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა სოიოს და სიმინდის მოსავლის აღება შეაფერხა.
2009-2010 წლების საშუალო სიძლიერის ელ-ნინიომ მშრალი ამინდი გამოიწვია ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რამაც განაპირობა ბრინჯის მოსავლის შემცირება.
აღრიცხულთა შორის ყველაზე ძლიერი ელ-ნინიო დაფიქსირებულია 1997-1998 წლებში. გამოიწვია გვალვა, რამაც აზიის ნაწილში შეამცირა ბრინჯის მოსავალი. ამერიკის კონტინენტზე განაპირობა წყალდიდობები.
რაც შეეხება ლა-ნინიას, ყველაზე ძლიერი ბოლოს ის 2020-დან 2023 წლამდე იყო.
მომზადებულია wmo.int-ის და Reuters-ის მიხედვით.