მარსზე მიწისძვრების არსებობა დადასტურდა — ნასა ხომალდ „ინსაითის“ ახალ აღმოჩენებს აქვეყნებს
მარსზე მიწისძვრების არსებობა დადასტურდა — ნასა ხომალდ „ინსაითის“ ახალ აღმოჩენებს აქვეყნებს

მიუხედავად იმისა, რომ მარსზე სიცოცხლის ნიშანწყალი ჯერ არ აღმოგვიჩენია, ეს პლანეტა სულაც არ არის წყნარი, უმოქმედო. წიაღში წითელი პლანეტა გრუხუნებს, რასაც გეოლოგიურად აქტიური ქანები განაპირობებს.

ნასას სტატიკურმა ხომალდმა „ინსაითმა“ ახალი მონაცემები გამოგზავნა; შედეგები გვაძლევს პირველ პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც მეტყველებს, რომ მარსზე მიწისძვრები ხდება. ამიტომ, პლანეტის სეისმური პროფილი დედამიწასა (მაღალი) და მთვარეს (დაბალი) შორის თავსდება.

„ინსაითის“ მონაცემების საფუძველზე ჩატარებულ კვლევათა სერია ჟურნალ Nature-ის სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა.

„ეს გახლავთ პირველი მისია, რომელიც ფოკუსირებულია პირდაპირ გეოფიზიკურ გაზომვებზე დედამიწის მიღმა, რომელმაც პირველი რეალური წარმოდგენა შეგვიქმნა მარსის წიაღის სტრუქტურისა და გეოფიზიკური პროცესების შესახებ“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის გეოლოგი ნიკოლას შმერი.

მისივე თქმით, ეს მონაცემები გვეხმარება გავიგოთ, როგორ არის პლანეტა მოწყობილი, განვსაზღვროთ მისი სეისმურობის მაჩვენებელი, რამდენად აქტიურია ის და სად მიმდინარეობს ეს აქტივობა.

„ინსაითი“ სტატიკური ხომალდია, რომლის მიზანიც არის გაგვაგებინოს უფრო მეტი რამ მარსის წიაღის შესახებ. მისმა სეისმურმა ინსტრუმენტმა (SEIS) პირველი ბიძგები შარშან აპრილში დააფიქსირა.

საკმარისი სიმძლავრის შემთხვევაში, ეს ბიძგები ერთგვარი პლანეტური ზომის რადარის როლს ასრულებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების ნაცვლად გვაქვს სეისმური ტალღები. პლანეტის შემადგენელი სხვადასხვა სახის მასალის გავლისას ეს ბიძგები სუსტდება ან ამოძრავებს სხვა ქანებსაც, რისი საშუალებითაც სეისმოლოგები ადგენენ წიაღის შემადგენლობას.

ბიძგების ტიპი შეიცავს სხვა საკვანძო მონაცემებსაც. მაგალითად, დედამიწის სეისმურ აქტივობათა დიდი ნაწილი წარმოქმნილია პლანეტის ქერქში ტექტონიკური ფილების მოძრაობით. თუმცა, მთვარეს ტექტონიკური ფილები არ აქვს და მისი სეისმური აქტივობა გამოწვეულია ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გაციების თანმხლები ნელი, ოდნავი შეკუმშვით; ეს პროცესი მთვარეზე მისი წარმოქმნის დღიდან დაიწყო, 4,5 მილიარდი წლის წინ.

რაც შეეხება მარსს, იქ პირველად დაფიქსირებული ბიძგები იმდენად სუსტი იყო, რომ ბევრი ვერაფერი გვასწავლა. 235 მარსული დღის განმავლობაში, სეისმურმა ინსტრუმენტმა 174 მიწისძვრა დააფიქსირა. მათგან 150 მაღალი სიხშირის ბიძგები იყო, ზუსტად ისეთი, როგორებიც აპოლოს მისიებმა მთვარეზე ჩაიწერეს.

დანარჩენი 24 ბიძგი დაბალი სიხშირის იყო. ეს ყველაფერი მართლაც საინტერესოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების გეოლოგთა აზრით მარსი ერთ დროს სეისმურად აქტიური იყო, ამჟამად მიჩნეულია, რომ პლანეტა სრულიად მშვიდია.

მკვლევართა განცხადებით, დაბალი სიხშირის 24 ბიძგის სპექტრული ფორმები დედამიწისა და მთვარის მიწისძვრების მასშტაბის იყო, რასაც მივყავართ დასკვნამდე, რომ ისინი ტექტონიკური წარმოშობისაა.

გარდა ამისა, ის გზა, რომელიც ტალღებმა ქერქში გამოიარა, შეიძლება გამოვიყენოთ ბიძგების წარმოქმნის ადგილის დასადგენად. დაბალი სიხშირის 24 ბიძგი ამისათვის საკმაოდ ძლიერი იყო.

ჯგუფმა დაადგინა, რომ ორი ბიძგი ცერბერის ჩაღრმავების რეგიონიდან მოდიოდა. ამ ზონაში არის ბზარების სერია, რომლებიც ქერქის დახეთქვის შედეგად არის წარმოქმნილი. როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, ეს რეგიონი ტექტონიკურად და ვულკანურად აქტიური იყო სულ მცირე ბოლო 10 მილიონი წლის განმავლობაში.

ინსაითის“ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული მეორე კვლევა სულ სხვა რამეს იძიებდა — მარსის წიაღის შემადგენლობას. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მეტრის სიღრმეში არსებული რეგოლითის ფენა და მის მიღმა, 8-11 კმ სიღრმეზე მდებარე მარსის ქერქი ძლიერ შეცვლილი და დაზიანებულია.

როგორც ამ ქერქში გამოვლილი ტალღები მიუთითებს, ის შეიცავს მცირე ოდენობით აქროლად ნივთიერებებს, მთვარეზე არსებულზე მეტს, მაგრამ დედამიწაზე ცოტას.

არის კიდევ სხვა დეტალებიც. გარდა სეისმური ინსტრუმენტისა, „ინსაითი“ სხვა ხელსაწყოებითაც არის აღჭურვილი. ერთ-ერთი მათგანი იკვლევს ატმოსფეროს და ხომალდის განთავსების ადგილის მიმდებარე გეოლოგიას.

მარსის ორბიტაზე მოძრავ ხომალდთა წყალობით უკვე ვიცით, რომ მარსზე წარმოიქმნება გრავიტაციის ატმოსფერული ტალღები — ანუ აირთა ჭავლები. კვლევაში, რომელიც მარსის ატმოსფეროს მიეძღვნა, „ინსაითმა“ მარსის ატმოსფეროში სხვადასხვა სახის ასეთი ტალღები დააფიქსირა.

გარდა ამისა, მლვლევრებმა მარსის ატმოსფეროში ინფრაბგერაც დააფიქსირეს.

როგორც ისინი წერენ, აღმოაჩინეს მოულოდნელი მსგავსება მარსისა და დედამიწის ატმოსფერულ ტუბულენტობას შორის. მათი აზრით, „ინსაითის“ მიერ მარსის ატმოსფეროზე ჩატარებული დაკვირვებები საკვანძო იქნება სამომავლო კვლევებისთვის.

კიდევ ერთი კვლევის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა პლანეტის მაგნიტური ველი „ინსაითის“ განთავსების ადგილთან. გაირკვა, რომ მარსს საკმაოდ სუსტი მაგნიტური ველი აქვს, რაც დიდ როლს თამაშობს მარსზე არსებული არასტუმრთმოყვარე გარემოს ჩამოყალიბებაში.

როგორც კვლევის შედეგები მიუთითებს, ამ მხრივ, მარსი ყოველთვის ასეთი როდი იყო.

მკვლევართა განცხადებით, დადგინდა, რომ მაგნიტური ველი იმაზე ათჯერ ძლიერია, ვიდრე თანამგზავრთა მონაცემებით შექმნილი მოდელები პროგნოზირებდა. „ინაითის“ ქვეშ, ზედაპირიდან დაახლოებით 150 კმ სიღრმეზე მათ შენიშნეს მაგნეტიზებული ქანები, რომლებიც მიუთითებს წარსულში არსებულ ძლიერ, დედამიწის მსგავს ველზე.

საერთო ჯამში, ყველა ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთ დროს მარსი სრულიად სხვანაირი პლანეტა იყო. „ინსაითის“ მისია კიდევ ერთ წელიწადს გაგრძელდება და შესაბამისად, ალბათ უფრო მეტს შევიტყობთ იმის შესახებ, თუ რა იმალება იდუმალი, წითელი ზედაპირის სიღრმეში.

კვლევები ჟურნალ Nature-ის სპეციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა. თითოეული მათგანის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე: 1; 2; 3; 4; 5; 6.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.