NASA-ს თანამგზავრმა მარსის ღრუბლებიდან ამოშვერილი გიგანტური ვულკანი გადაიღო — #1tvმეცნიერება
მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრმა მარსის ვულკან არსია-მონსს უიშვიათესი კადრი გადაუღო.
NASA-ს თანამგზავრმა Odyssey-მ გადაიღო, როგორ არის ამომართული უზარმაზარი ეკვატორული ვულკანი წყლის ყინულის დილის ღრუბლებიდან; წელიწადის ამ დროს, როდესაც წითელი პლანეტა თავის ოდნავ ელიფსურ ორბიტაზე მზისგან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება, ეს მოვლენა მარსისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
არსია-მონსი მიეკუთვნება ვულკანურ კომპლექსს, რომელსაც თარსისის მთებს უწოდებენ — შედგება ერთმანეთთან საკმაოდ ახლომდებარე სამი ფარისებრი ვულკანისკან, მარსის თარსისის რეგიონში. არსია-მონსი სამიდან უმაღლესი მწვერვალია და მისი სიმაღლე დაახლოებით 20 კილომეტრია.

ეს მთა დრამატულად მაღალია დედამიწის ნებისმიერ მთაზე — ჩვენთან ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მწვერვალი (ევერესტი) 8,85 კმ სიმაღლისაა, უმაღლესი მთა, მაუნა-კეა კი ოკეანის ფსკერიდან 9 კმ სიმაღლეზეა ამომართული. ამას გარდა, არსია-მონსი მოცულობით 30-ჯერ აღემატება დედამიწის უდიდეს ვულკან მაუნა-ლოას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარსის უდიდესი ვულკანი მაინც არაა.
მეცნიერთა აზრით, ის მილიარდობით წლის განმავლობაში იყო აქტიური, პიკს კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ მიაღწია.

თანამგზავრი Odyssey თავისი კამერებით ძირითადად მარსის ზედაპირს უყურებს. ახალი პანორამის გადასაღებად, ის 90 გრადუსით შებრუნდა და კამერები ჰორიზონტისკენ მიმართა. ეს კუთხე ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა — მეცნიერებმა დაინახეს ღრუბლების შრეები მარსის ცაში, რაც მათ ატმოსფერული დინამიკის პროცესების უკეთესად შესწავლის საშუალებას აძლევს.
არსია-მონსის გარშემო ღრუბლები მაშინ წარმოიქმნება, როცა გაფართოებადი ჰაერი მთის კალთებზე მაღლა ადის, სწრაფად ცივდება და ყინულის კრისტალებს წარმოქმნის. მზის გარშემო მოძრაობის ამჟამინდელ პოზიციაში, მარსის ეკვატორის გარშემო წარმოიქმნება ღრუბლების სარტყელი, რომელსაც აფელიონის ღრუბლის სარტყელს უწოდებენ.
რამდენიმე წლის წინ, ეს ფენომენი ზედაპირიდან გადაიღო მავალმა Curiosity-მ. თანამგზავრ Odyssey-ის ახალი პანორამა ამ შთამბეჭდავ ხედს ზემოდან გვთავაზობს.

„არსია-მონსი გადავიღეთ იმის იმედით, რომ დავინახავდით დილის ღრუბლებიდან ამოშვერილ მწვერვალს. იმედი ნამდვილად არ გაგვიცრუვდა“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის აეროკოსმოსური ინჟინერი ჯონათან ჰილი.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.