მარსზე ერთ დროს მართლაც არსებობდა ვრცელი, მლაშე ტბა - „კურიოზიტის“ ახალი აღმოჩენა
მარსზე ერთ დროს მართლაც არსებობდა ვრცელი, მლაშე ტბა - „კურიოზიტის“ ახალი აღმოჩენა

წითელი და უხეში ზედაპირის გამო, მარსი მშრალ, უდაბურ, უსიცოცხლო პლანეტას ჰგავს. თუმცა, ყოველთვის ასე როდი იყო.

ნასას მავალმა „კურიოზიტიმ“ ახლახან კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება შეაგროვა, რომლებიც მიუთითებს, რომ დაახლოებით 3,7 მილიარდი წლის წინ, გეილის კრატერი მლაშე ტბით იყო ამოვსებული.

კრატერის ფსკერის ქანების ნიმუშების ანალიზის შედეგად, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოავლინეს მარილები, რომლებიც მარსის სხვა ქანებში აქამდე არ დაუფიქსირებიათ.

სულფატები 3,3 — 3,7 მილიარდი წლის წინანდელია და ჯგუფის ვარაუდით, წარმოადგენს აორთქლებული წყლის ნარჩენებს და მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც მართლაც არსებობდა მლაშე ტბები, რომლებშიც შეიძლება სიცოცხლის ციცქნა ფორმებიც იყო.

წითელ პლანეტაზე თანამგზავრული დაკვირვებები აშკარად მიუთითებს, რომ დროის ამ მონაკვეთში, რომელსაც ჰესპერული პერიოდი ჰქვია, ადგილი ჰქონდა კლიმატის გარკვეულ გარდაქმნებს. ახლა კი, აორთქლებული წყლის მარილები კიდევ უფრო მიუთითებს იმავე პერიოდში უფრო მშრალ კლიმატზე გადასვლას.

აღმოჩენილი კალციუმისა და მაგნიუმის სულფატები სავარაუდოდ მარსული ბაზალტებიდან მოდის, რომელთა წყალობითაც ნიადაგი სულფატებითა და ქლორით მდიდრდებოდა, მაგრამ ღარიბი იყო რკინით.

კვლევის ავტორთა განმარტებით, შედარებით ცუდად ხსნადობის გამო, კალციუმის სულფატის მინერალები აორთქლების დროს ზედაპირზე უხვად დარჩა. უფრო ნაკლებად გავრცელებული მაგნიუმის სულფატები და ქლორის მინერალები კი წარმოადგენს საბოლოო აორთქლების ნარჩენებს.

ცნობილია, რომ დედამიწაზე ასეთ ჰიპერმლაშე ტბებში ცოცხლობენ მარილისადმი შემგუებელი ორგანიზნები; შესაბამისად, ეჭვგარეშეა, რომ ამ აღმოჩენის შემდეგ გეილის კრატერში სიცოცხლის ძებნა კვლავ გაგრძელდება.

გეილის კრატერი დაახლოებით 3,5 — 3,8 მილიარდი წლის წინ მეტეორის შედეგად წარმოიქმნა. მარსმავალ „კურიოზიტის“ დასაჯდომად (2012 წ) ნასამ სწორედ ეს ადგილი შეარჩია, რადგან მეცნიერები მაშინაც ეჭვოდბდნენ, რომ ის დამშრალი ტბის აუზი იყო.

„კურიოზიტი“ გეილის კრატერში 2012 წლის აგვისტოში დაჯდა და მას შემდეგ, ტბის ჰიპოთეზას არაერთი მტკიცებულება შემატა. 2013 წელს ნასამ განაცხადა, რომ გეილის კრატერში ერთ დროს გაწოლილი იყო მტკნარი წყლის ტბა, რომელშიც შეიძლება, მიკრობული სიცოცხლეც ყოფილიყო. მომდევნო წლებში მეცნიერებმა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იპოვეს წითელ პლანეტაზე უძველეს წარსულში ტბებისა და მდინარეების არსებობის შესახებ.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრატერის დანალექოვან ჩანაწერებში სულფატებით მდიდარი ქანების შრეები აღმოაჩინეს. ამით კი მეცნიერებს ხელში ჩაუვარდათ მეტად საჭირო მასალა იმის გასარკვევად, როგორ დაკარგა მარსმა წყალი ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ზედაპირის რამდენიმე წყვეტილ მონაკვეთში აღმოჩენილი სულფატები სავარაუდოდ დაილექა ტბის თავთხელი ნაპირების გასწვრივ. სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა გეილის ტბის ცალკეულ წყალსატევად დაყოფაც, რომელთაგან ზოგიერთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარილები უნდა წარმოქმნილიყო.

კრატერის ფსკერის უახლესი მონაცემების კვლევის შემდეგ, დაახლოებით იგივეს ვარაუდობენ ჩიკაგოსა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მკვლევრებიც.

მავალი „კურიოზიტი“ ამჟამად კრატერის კიდეებისკენ მიემართება, მოძრაობს უფრო და უფრო ახალი ქანებისკენ, რის შედეგადაც, მეცნიერები ამ ტბის წარმოშობის უფრო სრულყოფილ სურათს მიიღებენ.

თუ მარილების აღმოჩენა ყოფილი ტბის კიდეებზეც გაგრძელდა, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა აზრით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი დაილექა რამდენიმე სხვადასხვა ეტაპზე, ციკლური ან ეპიზოდური ხასიათით.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით