სად გაქრა მარსის წყალი - წითელი პლანეტის წიაღი შეიძლება დიდ საიდუმლოს მალავს
სად გაქრა მარსის წყალი - წითელი პლანეტის წიაღი შეიძლება დიდ საიდუმლოს მალავს

როდესაც სადმე სისცოცლეს ეძებენ, მეცნიერები პირველ რიგში ამოწმებენ, არის თუ არა იქ მისთვის აუცილებელი უმთავრესი ელემენტი: წყალი.

მკვლევართა აზრით, მილიარდობით წლის წინ, მარსი ამჟამინდელზე ბევრად თბილი და ტენიანი იყო. საინტერესოა, სად გაქრა მთელი მისი წყალი?

ახალი კვლევის მიხედვით, ამ წყლის უდიდესი ნაწილი მარსის ქანებშია ჩაჭედილი, რომელმაც თხევადი წყალი გიგანტური ღრუბლის მსგავსად შეისრუტა.

ეს სცენარი ძალიან საინტერესოდ ემატება ამჟამად გავრცელებულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, პლანეტა მას შემდეგ გამოშრა, რაც მზის ქარებმა მარსის ატმოსფერო მთლიანად გაანიავა.

კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიისა და დედამიწის ქანებზე შეგროვილი მონაცემების გამოყენებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოთვალა, რომ მარსის ბაზალტურ ქანებს 25 პროცენტით უფრო მეტი წყლის შესრუტვა და შენარჩუნება შეუძლია, ვიდრე ეს ანალოგიურ ქანებს ჩვენს პლანეტაზე ძალუძთ. შედეგად, უკეთესად აიხსნება, თუ სად გაქრა მარსის მთელი წყლის მარაგი.

„ხალხი ამ კითხვაზე დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ არასოდეს გაუტესტავთ თეორია, თუ როგორ შთაინთქმება წყალი ქანებში მიმდინარე მარტივი რეაქციის შედეგად“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ჯონ ვეიდი.

მკვლევართა თქმით, ტემპერატურის, წნევის და თავად ქანების ქიმიური შემადგენლობის სხვაობების წყალობით, მარსის ქანებს წყალი უნდა შთაენთქა მაშინ, როცა დედამიწა განსხვავებულად „მოიქცა“ და ზედაპირზე შეინარჩუნა ტბები და ოკეანეები.

სიმულაციების მიხედვით, დედამიწის ქანებისგან განსხვავებით, მარსის ქანებს წყლის შენარჩუნება გაცილებით ღრმად შეუძლია.

„დედამიწის ფილების ტექტონიკის ამჟამინდელი სისტემა ხელს უშლის ზედაპირის წყლის დონეების დრამატულ ცვლილებას — ქანები ეფექტიანად განიცდის დეჰიდრატაციას (შრება) დედამიწის შედარებით მშრალ მანტიაში ჩასვლამდე“, — განმარტავს ვეიდი.

მკვლევართა აზრით, ასე არ მოხდებოდა დედამიწისა და მარსის ადრეულ დღეებში. ვულკანური ლავის ფენებს უნდა შეეცვალა ზედაპირის ქანების შემადგენლობა და უფრო შემწოვი გაეხადა.

„მარსზე, ახლად ამოფრქვეულ ლავასთან წყლის ურთიერთქმედებით, წარმოიქმნა ბაზალტური გარსი, რომელსაც შემდეგ ღრუბლის მსგავსი ეფექტი გაუჩნდა. ამის შემდეგ, პლანეტის წყალი რეაქციაში შევიდა ქანებთან და წარმოქმნა წყლის შემცველი მინერალები“, — ამბობს ვეიდი.

„ქანებისა და წყლის ამ ურთიერთქმედებამ შეცვალა ქანების მინერალოგია, პლანეტის ზედაპირი მშრალი და სიცოცხლისთვის არასტუმართმოყვარე გახადა“.

„მაგალითად, დედამიწისა და მარსის ქანებში რკინის შემცველობის მცირე სხვაობასაც კი, შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს წყლის შესრუტვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, მარსი გაცილებით პატარა პლანეტაა, რაც თავის მხრივ, ასევე ფაქტორია“, — განმარტავს მკვლევარი.

ჯგუფი ეთანხმება ჰიპოთეზას, რომ მზის ქარებმა მარსის წყლის გარკვეული ნაწილი გაანიავა, მაგრამ იქვე ამტკიცებს, რომ წითელი პლანეტის წიაღში იმაზე გაცილებით მეტი წყალი უნდა შთანთქმულიყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ეს კი ძალიან, ძალიან ხელსაყრელი ფაქტორია, თუკი იქ ოდესმე ბაზას დავაარსებთ.

მკვლევრებს ასევე მიაჩინიათ, რომ წყლის დიდ მარაგს მარსი მიწისქვეშა ყინულის სახით მალავს. მაგრამ მანამ, სანამ ხელთ არ გვექნება წითელი პლანეტის ზედაპირის უფრო მეტი ნიმუში, ყველაფერი მაინც ვარაუდი და დროის საკითხი დარჩება.

ამჯერად, იმის შესასწავლად, შეიძლება თუ არა წყალი სხვა პლანეტების წიაღშიც იყოს შთანთქმული, მკვლევრებს იგივე მეთოდის გამოყენება სურთ. ამ ყველაფერს კი გააკეთებენ მათი ქანებისა და ტექტონიკური აქტივობის შესახებ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

და კიდევ — სადაც წყალია, იქ შეიძლება სიცოცხლეც იყოს.

„როცა სხვა პლანეტებზე სიცოცხლეს ვეძებთ, საქმე მხოლოდ შესაფერისი ქიმიური შემადგენლობის ქონას როდი ეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორაა შეკრული პლანეტა ერთ მთლიანობად, რასაც შეიძლება დიდი ეფექტი ჰქონდეს იმაზე, დარჩებოდა თუ არა წყალი ზედაპირზე“, — ამბობს ვეიდი.

„ეს ეფექტები და მათი შედეგები სხვა პლანეტათა შემთხვევაში, ჯერ მართლაც შეუსწავლელია“.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ox.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი