მარსის ატმოსფერო მზის ქარებისგან საკმაოდ კარგადაა დაცული - ახალი კვლევა
მარსის ატმოსფერო მზის ქარებისგან საკმაოდ კარგადაა დაცული - ახალი კვლევა

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მსგავსი მაგნიტური დიპოლი არ აქვს, მარსის ატმოსფერო კარგადაა დაცული მზის ქარებისგან, პლანეტიდან იონების გაქცევის თვალსაზრისით. ეს დასკვნა სულ ახალხან დადო მარსის გარშემო მოძრავ თანამგზავრ Mars Express-ზე დამონტაჟებულმა შვედურმა ინსტრუმენტმა ASPERA-3-მა, რომელიც ნაწილაკებს იკვლევს.

თანამედროვე მარსი ცივი და მშრალი პლანეტაა; მის ზედაპირზე დედამიწის ატმოსფერული წნევის მხოლოდ 1 პროცენტია. თუმცა, როგორც მრავალი გეოლოგიური მახასიათებელი მიუთითებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, პლანეტას აქტიური ჰიდროლოგიური ციკლი ჰქონდა. აქტიური ჰიდროლოგიური ციკლი კი მოითხოვს, რომ ადრეული ისტორიის განმავლობაში, პლანეტას უფრო თბილი კლიმატი და სქელი ატმოსფერო ჰქონოდა, რასაც ძლიერი სათბურის ეფეტქის წარმოქმნა შეუძლია.

ამჟამინდელი ჰიპოთეზის მიხედვით, დროთა განმავლობაში, მზის ქარებმა მარსს ადრეული ატმოსფერო შემოაძარცვა, რამაც სათბურის ეფექტი გამოიწვია და შესაბამისად, ჰიდროლოგიური ციკლიც მოიშალა.

დედამიწისგან განსხვავებით, მარსს გლობალური მაგნიტური დიპოლი არ აქვს, მაგრამ სანაცვლოდ, მზის ქარები იონიზებულ ზედა ატმოსფეროში (იონსფერო) ხელს უწყობს დინებებს, რაც წარმოქმნის ინდუცირებულ მაგნიტოსფეროს.

„დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ეს ინდუცირებული მაგნიტოსფერო არასაკმარისია მარსის ატმოსფეროს დასაცვად, თუმცა, ჩვენი ხელსაწყო მიერ შეგროვილმა მონაცემებმა რაღაც განსხვავებული აჩვენა“, — ამბობს რობინ რამშტადი, შვედეთის კოსმოსური ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი, რომელმაც ამ საკითხზე სადოქტორი თეზისი დაამუშავა უმეოს უნივერსიტეტში.

Mars Express-ზე დაყენებული შვედეთის იონ-მასური ანალიზტორი 2004 წლიდან ზომავს მარსიდან გაქცეულ იონებს.

აღნიშნულ კვლევაში, რობინ რამშტადმა შეაჯერა და ერთმანეთს შეადარა მზის ქარების სხვადასხვა პირობებისა და მზის რადიაციის იონიზაციის, ე. წ. უკიდურესი ულტრაიისფერი რადიაციის (EUV) სხვადასხვა დონეების დროს გაქცეულ იონთა მონაცემები.

როგორც შედეგებმა აჩვენა, მზის ქარებს შედარებით პატარა ეფექტი აქვს იონთა გაქცევის მაჩვენებელზე, თუმცა ის ძირითადად დამოკიდებულია უკიდურეს ულტრაიისფერ რადიაციაზე. ამას კი უდიდესი ეფექტი აქვს კოსმოსში გაქცეული ატმოსფეროს მთლიანი ოდენობის შეფასებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მზის ახალგაზრდობაში მარსზე მაღალი იყო მზის ქარებისა და უკიდურესი ულტრაიისფერი რადიაციის დონეები, იონების გაქცევას არ შეუძლია ახსნას 0,006 ბარ ატმოსფერულ წნევაზე მეტის დანაკარგი 3,9 მილიარდი წლის განმავლობაში“, — ამბობს რობინ რამშტადი.

„ჩვენს ყველაზე მაღალ შეფასებაშიც კი, 0,01 ბარი უმნიშვნელო ოდენობაა იმ ატმოსფეროსთან შედარებით, რომელიც საკმარისია შესაბამისად ძლიერი სათბური ეფექტის შესანარჩუნებლად, კლიმატური მოდელების მიხედვით, ეს ოდენობა 1 ბარი ან მეტია“.

თეზისში წარმოდგენილი შედეგები აჩვენებს, რომ ძლიერი მზის ქარები ძირითადად აჩქარებს პლანეტის გრავიტაციას უკვე გაქცეულ ნაწილაკებს, მაგრამ არ ზრდის იონების გაქცევის მაჩვენებელს.

წინა ვარაუდებისგან განსხვავებით, ნათელი ხდება, რომ ინდუცირებული მაგნიტოსფერო მარსის იონსფეროს დიდ ნაწილს ასევე იცავს მზის ქარების ენერგიის ტრანსფერისგან.

მომზადებულია spaceindustrynews.com-ის მიხედვით