მარსმავალ „პერსევერანსის“ მიერ შარშან შეგროვებული მონაცემების ანალიზი მარსზე მიკრობული სიცოცხლის ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულებას გვთავაზობს.
ქვა, რომელსაც ჩევაია-ფოლსი უწოდეს, ლეოპარდის მსგავსი წინწკლებით არის დაფარული. აშშ-ის სტონი-ბრუკის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ჯოელ ჰუროვიცის ჯგუფის მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი ანალიზების თანახმად, ამ წინწკლების გაჩენის საუკეთესო ახსნა ბიოლოგიური პროცესებია.
რა თქმა უნდა, იქამდე დაზუსტებით არაფერი გვეცოდინება, ვიდრე პერსევერანსის მიერ შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე არ ჩამოიტანენ და სრულყოფილ ანალიზებს ჩაუტარებენ. არაბიოლოგიური პროცესები ჯერ მაინც განიხილება — მაგრამ ჰოროვიცისა და მისი კოლეგების მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მაცდურად მიმზიდველია.
ჩევაია-ფოლსი პერსევერანსმა ერთი წლის წინ იპოვა ეზეროს კრატერში ხეტიალისას — ვრცელ აუზში, რომელიც ერთ დროს თხევადი წყლით იყო სავსე. მეცნიერები მაშინვე გაოცდნენ — აქ, დედამიწაზე, ქვებზე ასეთი წარმონაქმნები ხშირად განმარხებულ მიკრობებთანაა დაკავშირებული.
თუმცა, პერსევერანსის სამეცნიერო ინსტრუმენტების მიერ ჩევაია-ფოლსზე და ორ სხვა ქვაზე — ბრაით-ენჯელის ფორმაციის „საფირის კანიონსა“ და „აპოლონის ტაძარზე“ შეგროვებული მონაცემები შემდეგ კვლევებს საჭიროებს.

„ბრაით-ენჯელის ფორმაციაზე ჩვენ მიერ აღმოჩენილ ქიმიურ ნაერთთა კომბინაცია შეიძლება ენერგიის მდიდარი წყარო ყოფილიყო მიკრობული მეტაბოლიზმისთვის. თუმცა, მხოლოდ ის, რომ მონაცემებში მთელი ეს ქიმიური ხელწერები ვნახეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოტენციური ბიოხელწერა ვიპოვეთ. საჭიროა გაანალიზდეს, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მონაცემები“, — ამბობს ჰოროვიცი.
პერსევერანსის მონაცემების თანახმად, შესწავლილი ნიმუშები შეიცავს ორგანულ, ნახშირბადით მდიდარ მასალას. მარსზე ბევრი ორგანული მასალაა და არაბიოლოგიური პროცესებიც, რომლებიც ორგანულ მასალებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთის არსებობა თავისთავად დიაგნოზი არ არის.
თუმცა, როცა სხვა პოტენციური ბიომარკერები წარმოდგენილია, ორგანული მასალები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბრაით-ენჯელის ფორმაცია მდიდარია თიხით, რაც წყლის არსებობაზე მიუთითებს. ქანი ასევე შეიცავს კალციუმის სულფატს, რომელსაც შიგადაშიგ ყოფს რკინით მდიდარი მინერალის, ჰემატიტის გროვები.
ამასობაში, ლეოპარდის წინწკლები განსაკუთრებით მდიდარი იყო რკინის ფოსფატითა და რკინის სულფიდით; სავარაუდოდ, ესაა მინერალები — ვივიანიტი და გრეიგიტი. ფოსფატებს დედამიწაზე დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს და ორივე მინერალი შეიძლება ელექტროქიმიური რედუქციისა და დაჟანგვის პროდუქტი იყოს, იგივე ორგანული ნახშირბადით მიმდინარე „რედოქს“ რეაქციების, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ბიოლოგიური, ისე არაბიოლოგიური (აბიოტური).
„საქმე მხოლოდ მინერალებს კი არ ეხება, არამედ იმას, როგორაა ისინი სტრუქტურებში განლაგებული, რაც მიუთითებს, რომ ისინი წარმოქმნილია რკინისა და გოგირდის რედოქს ციკლით. დედამიწაზე ასეთი რამეები ზოგჯერ წარმოიქმნება დანალექებში, სადაც მიკრობები ორგანულ მასალას ჭამენ და ჟანგსა და სულფატს „სუნთქავენ“. მარსზე მათი არსებობა აჩენს კითხვას: მოხდა თუ არა იქაც ასეთივე პროცესები?“, — ამბობს ტეხას A&M უნივერსიტეტის გეობიოლოგი და ასტრობიოლოგი მაიკლ ტაისი.
სწორედ აქ იწყება ნამდვილად საინტერესო ამბები. ჯგუფმა ჩაატარა იმ სხვადასხვა პროცესთა მოდელირება, რომლებსაც ბრაით-ენჯელის ნიმუშებში აღმოჩენილი მინერალების შემადგენლობის წარმოქმნა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს აბიოტური პროცესის იდენტიფიცირება, რომელიც სულფატს სულფიდად აღადგენს და ქანებში დაფიქსირებულის მსგავს შედეგს იძლევა, ეს პროცესი უკიდურესად ნელია და მოითხოვს ან მაღალ მჟავიანობას, ან 150 – 200 გრადუს ტემპერატურას.

მჟავიანობა და მაღალი ტემპერატურა მარსზე ნამდვილად შესაძლებელია ვულკანიზმის გზით. თუმცა, ბრაით-ენჯელის ქანებს არ აქვს იმის რაიმე ნიშანი, რომ ოდესმე ასე მაღალი ტემპერატურის ან მჟავიანობის ზემოქმედების ქვეშ იყო.
თავად ქანების შესწავლის გარეშე, მეტის შესწავლა რთული იქნება. პერსევერანსის ინსტრუმენტთა ნაკრები უკიდურესად შეზღუდულია იმასთან შედარებით, რაც გეოლოგებს აქ, დედამიწაზე აქვთ. ამიტომ, მკვლევრები მოუთმენლად ელოდებიან პერსევერანსის მიერ შეგროვებულ ნიმუშთა დედამიწაზე ჩამოტანას.
იქამდე კი, ჯგუფი სხვა მკვლევრებს სთავაზობს, რომ ჩაატარონ დამატებითი კვლევები იმ სხვადასხვა ბიოლოგიურ და აბიოტურ პროცესებში, რომლებსაც შეიძლებოდა წარმოქმნა ბრაით-ენჯელის ფორმაციაზე ნაპოვნის მსგავსი წარმონაქმნები.
„მომაჯადოებელია, როგორ შეიძლება სიცოცხლეს ერთნაირი პროცესების წარმოება დედამიწასა და მარსზე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. დედამიწაზე, იმავე ასაკის ქანებში აღმოჩენილი გვაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ ზუსტად იმავენაირად შედიოდნენ რეაქციაში მიკროორგანიზმები რკინასთან და გოგირდთან, მაგრამ არასოდეს გვინახავს ზუსტად ის წარმონაქმნები, რასაც მარსზე ვხედავთ ძველ ქანებში. ფილების ტექტონიკამ ჩვენი ქანები იმდენად შეცვალა, რომ ისინი დღემდე ვერ შემოინახა“, — ამბობს ტაისი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.



