NASA-ს კვლევის თანახმად, ძნელია, სიცოცხლის გარეშე აიხსნას მარსზე აღმოჩენილი ორგანული მოლეკულების წარმომავლობა — #1tvმეცნიერება

13:01, 12.02.2026

2025 წელს მეცნიერებმა გვამცნეს, რომ მარსის უძველეს თიხის ქვებში აღმოაჩინეს გრძელჯაჭვიანი ორგანული მოლეკულები, იგივე ალკანები.

ამჯერად, ახალ კვლევაში, NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის ჯგუფი ალექსანდრ პავლოვის ხელმძღვანელობით ირწმუნება, რომ ამ მოლეკულების თავდაპირველი სიუხვე, იმ პერიოდის, ვიდრე მათ რადიაცია დაშლიდა მილიონობით წლის განმავლობაში — რთულია აიხსნას მხოლოდ არაბიოლოგიური პროცესებით.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაფიქსირებული ალკანები მარსზე სიცოცხლის მტიცებულებაა; დასკვნა ეფუძნება მოდელირებას იმის შესახებ, თუ როგორ შლის რადიაცია ორგანულ მასალას დროთა განმავლობაში. თუმცა, შედეგები მიუთითებს, რომ ამ მოლეკულათა წარმომავლობა უფრო დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

მარსის თიხის ქვებში აღმოჩენილი ალკანების შესახებ საინტერესო ისაა, რომ ისინი შეიძლება გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ფრაგმენტები იყოს, რომლებსაც დედამიწაზე დიდწილად, მაგრამ არა ექსკლუზიურად — სიცოცხლე წარმოქმნის.

მავალ Curiosity-ს მიერ თავდაპირველად აღმოჩენილ ნიმუშებში ალკანების კონცენტრაცია დაახლოებით 30-50 იყო მილიარდზე, რაც განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი არაა.

პავლოვმა და მისმა კოლეგებმა ორი კითხვა დასვეს: შეიძლებოდა ოდესღაც ქვებში მათი რიცხვი მეტი ყოფილიყო? და თუ ასე იყო, საიდან შეიძლება მოსულიყო ისინი?

კამბერლენდის თიხის ქვა მარსის ზედაპირზე უკვე თითქმის 80 მილიონი წელია, მკაცრი რადიაციის ზემოქმედების ქვეშაა, რასაც ნელ-ნელა ქვაში არსებული ყოველგვარი ორგანული მასალა უნდა დაეშალა.

მეცნიერებმა ლაბორატორიული რადიოანალიზის ექსპერიმენტით შეაფასეს, რამდენ ხანში დაშლიდა რადიაცია ალკანურ პრეკურსორებს, რომელთა თავდაპირველი კონცენტრაცია გაცილებით მაღალი იყო, 120 – 7700 ნაწილი მილიონზე (ppm).

შემდეგ განიხილეს არაბიოლოგიური დეპონირება და ფორმაციის მექანიზმები, რომელთა გზითაც ისინი შეიძლება იქ მოხვედრილიყვნენ — პროცესებს შორის იყო პლანეტათშორისი მტვრიდან მოტანა, მეტეორიტები, ატმოსფერული ნისლის დალექვა, ჰიდროთერმული ქიმია და რეაქციები, მაგალითად, სერპენტინიზაცია.

აღმოჩნდა, რომ ეს პროცესები გაერთიანების შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებდა წარმოექმნა ამ მოლეკულების ის რაოდენობა, რაც თავდაპირველად უნდა ყოფილიყო.

„ჩვენი მიდგომით შევაფასეთ, რომ კამბერლენდის თიხის ქვა კონსერვატიულად შეიცავდა 120-დან 7700 ppm-მდე გრძელჯაჭვიან ალკანებს და/ან ცხიმოვან მჟავებს იქამდე, ვიდრე იონიზებადი რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მოექცეოდა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გრძელჯაჭვიანი ალკანების ასეთი მაღალი კონცენტრაციები შეუსაბამობაშია უძველეს მარსზე ორგანული მოლეკულების რამდენიმე ცნობილ აბიოტურ წყაროსთან“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა სიფრთხილით შენიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს დედამიწის მიღმა სიცოცხლის უტყუარ აღმოჩენას. მარსზე შეიძლება არსებობდეს ალკანების წარმოქმნის ისეთი არაბიოლოგიური გზა, რომლის შესახებაც არ ვიცით ან რაღაც, რაც არ ვიცით მარსზე ორგანულ მოლეკულებზე რადიაციის ზემოქმედების შესახებ. ამ მიმართულებით დამატებითი კვლევებია საჭირო.

კარგად არის დადგენილი, რომ მარსზე მრავალი სხვადასხვა სახის ორგანული მოლეკულაა. ახლა კითხვა ისაა, რას გვეუბნებიან ისინი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ან არახელსაყრელობის შესახებ.

კვლევა ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი