მარსის ქანებში შესაძლო ორგანული ნივთიერებები კვლავ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
მარსის ქანებში შესაძლო ორგანული ნივთიერებები კვლავ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მარსმავალმა „პერსევერანსმა“ ეზეროს კრატერის ქანებში სავარაუდოდ ორგანული ნაერთები იპოვა.

მარსზე ორგანული მასალების მტკიცებულებებს წინა კვლევებშიც მიაგნეს, კერძოდ, მავალ Curiosity-სა და ორბიტაზე მოძრავ ხომალდ Mars Express-ის მონაცემებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მათგანი აუცილებლად რაიმე სახის ბიოლოგიას არ გულისხმობს, რადგან ნახშირბადზე დაფუძნებული ქიმიას ხელი შეიძლება შეუწყოს მრავალმა გეოლოგიურმა პროცესმა.

მიუხედავად ამისა, ამ ნივთიერებების დეტალურად შესწავლამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას მარსის წყლის ისტორიის შესახებ, ასევე გვამცნოს ისიც, იყო თუ არა ოდესმე წითელ პლანეტაზე რაიმე სახის ცოცხალი პროცესები.

კრატერის ორი სხვადასხვა ადგილიდან აღებული მინერალები წყლის თანხლებით მიმდინარე პროცესების მტკიცებულებას შეიცავს, რომლებმაც სრულყოფილი პატარა ღრუები ამოჭრეს ორგანული ქიმიის საწარმოებლად. ანალიზებით ირკვევა, რომ ისინი შეიძლება ნახშირბადზე დაფუძნებულ ნაერთთა კვალსაც შეიცავდეს.

უხსოვარ დროში, ეზეროს კრატერი გაცილებით წყლიანი ადგილი იყო, ვიდრე დღესაა. იქ ჯერ კიდევ შეიმჩნევა უძველესი მდინარის დელტის კვალი, რომელიც ერთ დროს კრატერში ჩაედინებოდა. წყლისა და ქანების ურთიერთქმედებამ შეიძლება წარმოქმნას იმ სახის ორგანულ ნაერთთა ფორმაციები, რომლებიც უკვე ნაპოვნია ამ უძველეს დელტაში.

თუმცა უცნობი იყო, გვხვდებოდა თუ არა ორგანული ნაერთები კრატერის ფსკერზე სხვა ადგილებშიც. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ იქ არსებული ქანები დიდწილად დანალექოვანი იქნებოდა, დიდი ხნის წინ წყლის მიერ დალექილი, მაგრამ როცა იქ „პერსევერანსი“ მივიდა, გავიგეთ, რომ კრატერის ფსკერი ვულკანურია და არა დანალექოვანი.

„პერსევერანსის“ მოწინავე ინსტრუმენტების გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა კრატერის ვულკანური ქანების ანალიზი ჩაატარა. ჯგუფს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი ევა შელერი ხელმძღვანელობდა.

კრატერის ორი სხვადასხვა ადგილიდან აღებულ სამ ქვაზე მათ ღრმა ულტრაიისფერი რამანის მეთოდი და ფლუორესცენციური სპექტროსკოპია გამოიყენეს; შედეგად მიაგნეს იმის ნიშნებს, რომ ქვები წყალთან მნიშვნელოვანი კონტაქტის შედეგად იყო შეცვლილი.

გამოიკვეთა მტკიცებულება ორი სახის ცვლილების შესახებ, რაც ორ სხვადასხვაგვარ წყლიან გარემოზე მიუთითებს, შორეული წარსულის სხვადასხვა დროში.

პირველად, დაახლოებით 3,8 – 2,7 მილიარდი წლის წინ, თხევად წყალთან რეაქციებმა ვულკანურ ქანებში წარმოქმნა ოლივინით მდიდარი კარბონატები.

შემდეგ, დაახლოებით 2,6 – 2,3 მილიარდი წლის წინ, მარილებით მდიდარ მლაშე წყალს უნდა გამოეწვია ქანებში სულფატ-პერქლორატების (მარილი) ნაზავების წარმოქმნა.

კარბონატებიც და პერქლორატებიც ქანებში წყლის შესვლას მოითხოვს, რომელმაც წყლით ეროზიის მიერ ამოჭრილ ღრუებში მინერალები უნდა დაშალოს და დალექოს.ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერქლორატების დალექვის შემდეგ ამ ქანებს წყალი შეხებოდა, რადგან პერქლორატები ადვილად იშლება.

სამივე ქვაში, ჯგუფმა იპოვა ფლუორესცენციური ხელწერები, რომლებიც ბენზოლის მსგავს არომატულ ორგანულ ნაერთებს შეესაბამება. მკვლევართა განცხადებით, როგორც ჩანს, ისინი შემონახული იყო ორივე წყლიან გარემოსთან დაკავშირებულ გარემოში, მაგრამ ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, რას წარმოადგენს ისინი.

„საერთო ჯამში, მონაცემები აჩვენებს, რომ ეზეროს კრატერის ფსკერიდან პერსევერანსის მიერ გაბურღვით აღებული ნიმუშები სავარაუდოდ შეიცავს კარბონაციის, სულფატებისა და პერქლორატების წარმოქმნის მტკიცებულებას. მასალებში წარმოდგენილი ორგანულ მასალებთან შესაბამისი ფლუორესცენციური ხელწერები მიუთითებს ვულკანურ ქანებს, წყალსა და ორგანულ მასალას შორის ურთიერთქმედებაზე“, — წერენ მკვლევრები.

პერსევერანსი დიდი ხანია გასცდა იმ ადგილებს, სადაც ეს ნიმუშები აიღო. საბედნიეროდ, ამ ქანების ნიმუშები მან დედამიწაზე ჩამოსატანადაც აიღო, რაც სამომავლო მისიამ უნდა განახორციელოს.

„იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, ეს ნიმუშები დედამიწაზე ჩამოვა და უკეთესად შევისწავლით. გავიგებთ იმასაც, იყო თუ არა მარსის ადრეულ ისტორიაში გარემო სიცოცხლისთვის ხელსაყრელი“, — ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გეოქიმიკოსი მარკ სეპტონი.

იქამდე ალბათ დიდი დროა, მაგრამ ამ ნაერთების აქ, დედამიწაზე დეტალურად შესწავლა უფრო მძლავრ ლაბორატორიებში, გაცილებით მეტს გვეტყვის შორეულ წარსულში მარსზე სიცოცხლის არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამასობაში, „პერსევერანსი“ ეზეროს კრატერში ხეტიალს აგრძელებს და შესაძლოა, კიდევ უფრო საინტერესო რამეებიც იპოვოს.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.