მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე ქვიშის ქარბორბალა გადაიღო — #1tvმეცნიერება
მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე ქვიშის ქარბორბალა გადაიღო — #1tvმეცნიერება

2023 წლის 30 აგვისტოს, მარსზე ყოფნის 899-ე დღეს, NASA-ს მავალმა „პერსევერანსმა“ ეზეროს კრატერში ხეტიალისას ქვიშის ქარბორბალა შენიშნა.

მისი გადაღებული სურათებით მეცნიერებმა ვიდეო ააწყეს, რომელიც ოთხწამიანი შუალედებით გადაღებული 21 კადრისგან შედგება.

ასეთივე ხანმოკლე ქარბორბალები დედამიწაზე მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ზედაპირთან ახლოს არსებული ცივი ჰაერის მონაკვეთი სწრაფად ადის მაღლა, მის ზემოთ არსებულ ცივ ჰაერში. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ქარბორბალების შესწავლით მეტს შეიტყობენ მარსის ატმოსფეროს შესახებ და გააუმჯობესებენ ამ პლანეტის ამინდის მოდელებს.

მტვრის ქარბორბალა მავალმა ეზეროს კრატერის დასავლეთ კიდეზე შენიშნა. სურათების მონაცემების საფუძველზე, მისიის მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ის მავალისგან დაახლოებით ოთხ კილომეტრში იყო და დიამეტრი დაახლოებით 60 მეტრს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე მხოლოდ ქარბორბალას დაბლითა 118 მეტრია გადაღებული, მეცნიერებმა მისი სრული სიმაღლის დადგენაც შეძლეს. ასევე გამოთვალეს, რომ ის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 19 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

„ქვიშის ქარბორბალას ზედა ნაწილს ვერ ვხედავთ, მაგრამ მისი ჩრდილი კარგად მიგვანიშნებს სიმაღლეზე, რაც დაახლოებით ორ კილომეტრს უნდა შეადგენდეს“, — ამბობს პერსევერანსის სამეცნიერო ჯგუფის წევრი მარკ ლემონი.

ქვიშის ქარბორბალები მარსზე საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და როგორც წესი, იქ ისინი გაცილებით დიდია, ვიდრე დედამიწაზე (დაბალი წნევის გამო). გაცილებით დიდი ქვიშის შტორმების მსგავსად, რომლებიც ხშირად მთელ პლანეტას ფარავს, ეს ფენომენი მარსზე ქვიშის გადანაწილების ერთ-ერთი მექანიზმია.

მართალია, ისინი ძირითადად გაზაფხულზე და ზაფხულში უფრო ხშირია, მაგრამ მეცნიერებს მაინც არ შეუძლიათ პროგნოზირება, როდის გაჩნდება ის კონკრეტულ ადგილას. ამ მიზეზის გამო, მავალი პერსევერანსი რეგულარულად აკვირდება ატმოსფეროს ყველა მიმართულებით და ქარბორბალას ნიშნებს ეძებს.

პერსევერანსის მისიის ერთ-ერთი მიზანი მრავალთა შორის, არის მარსის ატმოსფეროს დახასიათება.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.