ყოველ 2,4 მილიონ წელიწადში ერთხელ, მარსი დედამიწის ოკეანის ღრმა დინებებზე ზემოქმედებს — #1tvმეცნიერება
ყოველ 2,4 მილიონ წელიწადში ერთხელ, მარსი დედამიწის ოკეანის ღრმა დინებებზე ზემოქმედებს — #1tvმეცნიერება

მარსი და დედამიწა ერთმანეთს ნელა, კოსმოსურად „ეცეკვებიან“, რასაც ფარული ეფექტი აქვს ოკეანის სიღრმეში არსებულ ციკლებზე.

ზღვის სიღრმეების გეოლოგიური ჩანაწერის ახალი ანალიზების მიხედვით, ორ პლანეტას შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება განაპირობებს ღრმა ოკეანური დინებების ციკლურ ცვლილებას, რაც ყოველ 2,4 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს აღმოჩენა მეცნიერებს დედამიწის მომავალი კლიმატის უკეთესად შესწავლასა და პროგნოზირებაში დაეხმარება.

„გავოცდით, როდესაც ღრმა ზღვის დანალექების მონაცემებში ეს 2,4-მილიონ-წლიანი ციკლები აღმოვაჩინეთ. ამის ახსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — ისინი დაკავშირებულია მზის გარშემო მოძრაობისას მარსსა და დედამიწას შორის ურთიერთქმედებათა ციკლებთან“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ადრიანა დუტკიევიჩი.

ბოლო წლებში, მეცნიერებმა გამოავლინეს რაღაც, რასაც ასტრონომიული „დიდი ციკლი“ უწოდეს. ეს გახლავთ 2,4-მილიონ-წლიანი მახასიათებელი, რომელიც კავშირშია მარსისა და დედამიწის ორბიტების განლაგებასთან.

დედამიწის გეოლოგიურ ჩანაწერებში ამ ურთიერთქმედების პირდაპირი მტკიცებულებები იშვიათია, მაგრამ რაც ნაპოვნია, მიუთითებს, რომ ამ ციკლის პიკი დაკავშირებულია დედამიწაზე მზის მაღალ რადიაციასთან, ასევე კლიმატის გათბობასთან. ეს კავშირში არ არის კლიმატის ანთროპოგენურ ცვლილებასთან, რომელიც დედამიწაზე ამჟამად მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ სხვა პლანეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ მზის გარშემო დედამიწის გზაზე — მას უფრო გაწელილი ფორმა მისცენ რეგულარული ციკლების სახით, რასაც მილანკოვიჩის ციკლები ეწოდება. ამ ციკლებთან არის დაკავშირებული გამყინვარების პერიოდთა დადგომა და დასრულება. თუმცა, მილანკოვიჩის ციკლები უფრო ხშირია (ამ შემთხვევაში, ისინიც არ არის კავშირში კლიმატის ანთროპოგენურ ცვლილებასთან), ყოველ რამდენიმე ათეულ ათას წელიწადში ერთხელ ხდება და ძირითადად წარმოქმნის იუპიტერთან და სატურნთან ურთიერთქმედება. ერთი ციდა მარსთან შედარებით, ისინი გაცილებით დიდი პლანეტებია.

მზის სისტემის პლანეტათა გრავიტაციული ველები ერთმანეთს ედება და ეს ურთიერთქმედება, სახელად რეზონანსი, ცვლის პლანეტურ ექსცენტრიულობას — საზომს, თუ რამდენად ახლოს არის მათი ორბიტები წრიულ ფორმასთან“, — განმარტავს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი დიტმარ მიულერი.

მილანკოვიჩის ციკლების არსებობა 1976 წელს დადასტურდა, როდესაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი ოკეანის ფსკერის დანალექებშია „ჩაწერილი“.

დუტკიევიჩი და მისი ჯგუფი რაღაც სხვანაირს ეძებდა. ცდილობდნენ განესაზღვრათ, იცვლება თუ არა ოკეანის ფსკერზე არსებული დინებები კლიმატის გათბობისას — ისინი უფრო მძლავრი ხდება თუ ნელდება. დანალექებში არსებული წყვეტა ზღვის ფსკერზე უფრო სწრაფ დინებებზე მიუთითებს, დანალექების სტაბილური აკუმულაცია კი მშვიდ გარემო პირობებზე.

საკუთარი ანალიზები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ღრმა ზღვებში გათხრილი 239 ხვრელიდან აღებულ დანალექებს დააფუძნეს. ნიმუშები ბოლო 70 მილიონი წლის პერიოდის იყო. პერიოდული წყვეტების გარდა, მათ ასევე შენიშნეს უცნაური შეჯგუფება — 2,4-მილიონ-წლიანი ციკლი, რომელიც დედამიწა-მარსის ასტრონომიულ დიდ ციკლებს ემთხვეოდა.

ამას გარდა, წყვეტები თანხვედრაში იყო ჩვენთვის უკვე ცნობილ თბილი კლიმატის პერიოდებთან, მათ შორის სახელგანთქმულ პალეოცენ-ეოცენის თერმულ მაქსიმუმთან, რომელიც დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ იდგა, როდესაც დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 8 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. ეს მოვლენა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული, მათ შორის ჩამვლელი კომეტის მიერ დედამიწის ორბიტის უეცარი შეცვლით; შესაბამისად, ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო პოტენციური კავშირი მარსთან.

მოულოდნელი აღმოჩენაა, რადგან მოდელები (და დაკვირვებებით მიღებული მტკიცებულება) მიუთითებს, რომ გოლფსტრიმზე პასუხისმგებელი ცირკულირების სისტემა შეიძლება დაიხშოს გლობალური დათბობის მიერ ზღვის ყინულის დნობასთან ერთად. ამიტომ, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კლიმატი იწევს უფრო ღრმა და ნაკლებად აქტიურ ოკეანეს.

მეორე მხრივ, თბილ კლიმატში უფრო ხშირდება ძლიერი შტორმები, რომლებიც დანალექების ამრევ მორევებს წარმოქმნის და ისინი შეიძლება ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილებშიც გავრცელდეს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ოკეანეები შეიძლება იმაზე ოდნავ უფრო მდგრადი იყოს კლიმატის ცვლილებისადმი, ვიდრე გვეგონა.

„ჩვენს ხელთ არსებული ღრმა ზღვის მონაცემები 65 მილიონ წელიწადს მოიცავს და მიუთითებს, რომ თბილ ოკეანეებს უფრო მძლავრი ღრმა ცირკულაციები აქვს. პოტენციურად, ამან ოკეანე ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის (AMOC) შეწყვეტის ან სულაც მოშლისგან უნდა დაიცვას“, — ამბობს დუტკიევიჩი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.