რა დაემართება დედამიწას, როდესაც მზე მოკვდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
რა დაემართება დედამიწას, როდესაც მზე მოკვდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ერთ დღესაც, ჩვენი მზე მოკვდება.

ჩვენი მშვენიერი მზე მუდამ ვერ იარსებებს. თანდათანობით ამოიწურება ელემენტები, რომლებიც მის ბირთვულ სინთეზს კვებავს და მზე თეთრ ჯუჯად გარდაქმნას დაიწყებს — გადაიქცევა წითელ გიგანტად, რომლის რადიუსმაც შეიძლება მარსამდე მიაღწიოს. შემდეგ გარე ფენებს მოიშორებს და მისი ბირთვი კოლაფსირდება ვარსკვლავურ ნარჩენად, რომელიც მხოლოდ ნარჩენი სითბოთი იკაშკაშებს.

ეს პროცესი დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგი დაიწყება და საკმაოდ კარგი წარმოდგენაც გვაქვს, როგორ მოხდება ეს ყველაფერი. თუმცა, რაც შეეხება პლანეტებს? დედამიწას? ჩვენ?

ტაილანდის ნარესუანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ფიზიკოს ამორნრატ აუნგვეროივიტის ხელმძღვანელობით, სამი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სიკაშკაშის გრძელვადიანი ცვლილებები შეისწავლა ამაზე დაყრდნობით სცადა გაერკვია, რას ნიშნავს ეს მათ გარშემო არსებულ პლანეტურ სისტემათათვის.

საბედნიეროდ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იმ დროისათვის კაცობრიობა უკვე დიდი ხნის გამქრალი, გადაშენებული იქნება, თუ იქამდე კოსმოსში სადმე სხვაგან არ გადასახლდა. ჩვენი მშვენიერი, ცისფერი პლანეტა დედამიწა და სხვა პლანეტები უვნებლად ვერ გადარჩებიან. თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების ანალიზის მიხედვით, მზის სასიკვდილო როკვა მისი სისტემის განადგურებას გამოიწვევს.

თეთრი ჯუჯა

მოკლედ რომ ვთქვათ, მერკური და ვენერა სასიკვდილოდ არიან განწირული. იგივე ბედი ელის მზის სისტემის ყველაზე შიდა სარტყელში არსებულ ყველა ობიექტს. მათ გაფართოებული მზე დაშლის და სპაგეტიფიკაციის გზით შთანთქავს.

დედამიწა ან გადარჩება, ან ვერა, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება მისი ორბიტა მზის შემცირებულ მასასთან მიმართებაში და როგორ შეიცვლება ურთიერთქმედებები პლანეტებს შორის. თუ ის მზისგან ოდნავ შორს გაიწია, დღევანდლის მსგავსი, სიცოცხლით გადაფურჩქნილი პლანეტისგან აღარაფერი დარჩება, რადიკალურად სხვანაირი გახდება.

„უცნობია, გაიწევა თუ არა დედამიწა მზისგან ისე სწრაფად და იმდენად შორს, რომ ის მზემ ვერ დაიჭიროს და ვერ დაწვას, მაგრამ თუ ეს მოახერხა, დედამიწა მაინც დაკარგავს ატმოსფეროსა და ოკეანეს და სიცოცხლისათვის არახელსაყრელი გახდება“, — ამბობს ბრიტანეთის უორვიკის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ბორის განსიკე.

როგორ დავასკვენით ეს ყველაფერი თეთრი ჯუჯების კვლევით? როგორ და მათი სიკაშკაშის ცვლილებათა საფუძველზე.

ვარსკვლავის სინათლის რხევები შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ თუ ის რეგულარულია, სიძლიერის მატება და კლება მიუთითებს, რომ ვარსკვლავის გარშემო რაღაც მოძრაობს, რაც პერიოდულად ბლოკავს მისი სინათლის რაღაც ნაწილს.

მკვლევართა მიერ შესწავლილი სამ თეთრ ჯუჯას სიკაშკაშე შეცვლილი აქვს, რაც წინა კვლევების მიხედვით, მათ გარშემო პლანეტურ ნარჩენთა ღრუბლების მოძრაობით არის განპირობებული.

„წინა კვლევები აჩვენებს, რომ როცა ასტეროიდები, მთვარეები და პლანეტები თეთრ ჯუჯებთან ახლოს ექცევიან, ამ ვარსკვლავთა უზარმაზარი გრავიტაცია პატარა პლანეტურ სხეულებს ნაკუწ-ნაკუწ შლის“, — ამბობს აუნგვეროივიტი.

სამი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული თეთრი ჯუჯის შესახებ 17 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების კვლევის საფუძველზე, მკვლევრებმა მიიღეს იქ მიმდინარე პროცესთა სურათი. სამივე ვარსკვლავთან შეიმჩნევა ტრანზიტის ნიშნები — სინათლის ღრმა ჩაბნელება, რაც მიუთითებს, რომ ნაშალი მასალების დიდი, უსწორმასწორო ღრუბელი სულ უფრო და უფრო წმინდა მტვრად იფხვნება, ვიდრე სრულად გაუჩინარდება; ალბათ იმიტომ, რომ კლდოვანი მასა და მტვერი თეთრ ჯუჯაში ჩაედინება.

ერთ-ერთ ამ ვარსკვლავს კატასტროფული მოვლენის ნიშნები ჰქონდა 2010 წელს, მეორეს კი 2015 წელს. მესამე ვარსკვლავს ყოველ რამდენიმე თვეში აღენიშნებოდა არარეგულარული ჩაბნელებები და წუთების მასშტაბის ქაოსური რხევები. ამჟამად სამივე ვარსკვლავი სრულიად ნორმალურად იქცევა, აღარ ხდება ტრანზიტის მოვლენები.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტების დაშლა და შთანთქმა საკმაოდ სწრაფად ხდება. თუმცა, თუ დედამიწა განადგურებისთვის არის განწირული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოვლენა ასე სასტიკი იყოს.

„ცუდი ამბავი ის არის, რომ სავარაუდოდ, დედამიწას გაფართოებადი მზე გადასანსლავს, იქამდე, ვიდრე თეთრი ჯუჯა გახდება. დანარჩენი მზის სისტემა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ასტეროიდები და ალბათ იუპიტერის ზოგიერთი მთვარე შეიძლება გადაადგილდეს და თეთრ ჯუჯასთან იმდენად ახლოს მივიდეს, რომ მათი დაშლის პროცესი დაიწყოს“, — ამბობს განსიკე.

სადარდებელი არაფერია. დედამიწის ოკეანე დაახლოებით მილიარდ წელიწადში ადუღდება და აორთქლდება, იქამდე ბევრად ადრე, ვიდრე მზე ამ წერტილს მიაღწევს.

კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ras.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.