როგორი იქნება ჩვენი მზე სიკვდილის შემდეგ? — კითხვა, რომელზეც ალბათ ბევრ ჩვენგანს უფიქრია. მზის სისტემის აღსასრულის დეტალებისა და ზუსტი დროის შესახებ მეცნიერებმა ახალი პროგნოზები გააკეთეს. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ადამიანები ამ ყველაფერს მაინც ვერ ვიხილავთ, რადგან უბრალოდ, აღარ ვიარსებებთ.
წარსულში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მზე პლანეტურ ნისლეულად გადაიქცეოდა, ანუ გაზისა და მტვრის კაშკაშა ბუშტად. თუმცა, გაჩნდა მტკიცებულებები, რომ ეს პროცესი ოდნავ უფრო მასშტაბური იქნება.
ახლახან ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა. შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, მზის ნარჩენებისგან სწორედ პლანეტური ნისლეული წარმოიქმნება.
მზე დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა. თითქმის იმავე პერიოდშია წარმოქმნილი მზის სისტემის სხვა ობიექტებიც. სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებების შედეგად, ასტრონომები პროგნოზირებენ, რომ სიცოცხლის აღსასრული მზეს დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადში დაუდგება.
რა თქმა უნდა, გზადაგზა უამრავი სხვა პროცესიც მოხდება. დაახლოებით 5 მილიარდ წელიწადში, მზე წითელ გიგანტ ვარსკვლავად გადაიქცევა. ვარსკვლავის ბირთვი შეიკუმშება, მაგრამ მისი გარე ფენები მარსის ორბიტამდე გაფართოვდება. ცხადია, ამ პროცესში ჩვენი პლანეტაც შთაინთქმება, თუ რა თქმა უნდა, ის ამ დროს კიდევ იარსებებს.
ერთი რამ აშკარაა: იმ დროისთვის ადამიანები უკვე აღარ იარსებებენ. სინამდვილეში, კაცობრიობას მხოლოდ ერთი მილიარდი წელიწადი დარჩა, რათა სხვა პლანეტის პოვნა მოასწროს. რატომ? მიზეზი მარტივია — ყოველ მილიარდ წელიწადში, მზის სიკაშკაშე დაახლოებით 10 პროცენტით იმატებს.
შეიძლება, ეს რიცხვი არც თუ ისე დიდი მოგეჩვენოთ, მაგრამ სიკაშკაშის ზრდა გარდაუვლად მოსპობს სიცოცხლეს დედამიწაზე. აორთქლდება ჩვენი ოკეანეები, ზედაპირი კი ისე გაცხელდება, რომ შეუძლებელი გახდება წყლის ხელახლა წარმოქმნა.
მაგრამ საკმაოდ ძნელი იყო იმის გარკვევა, რა ბედი ელოდა ჩვენს ვარსკვლავს წითელი გიგანტის ფაზის შემდეგ. რამდენიმე წინა კვლევა მიუთითებდა, რომ კაშკაშა პლანეტური ნისლეულის წარმოსაქმნელად, ვარსკვლავი ჩვენს მზეზე ორჯერ მასიური უნდა ყოფილიყო.
თუმცა ახლახან ამის განსაზღვრისთვის ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კომპიუტერული მოდელირება გამოიყენა. ვარსკვლავთა 90 პროცენტის მსგავსად, დიდი ალბათობით, ჩვენი მზე წითელი გიგანტის ფაზის შემდეგ შეიკუმშება და გახდება თეთრი ჯუჯა, ამის შემდეგ კი არსებობას პლანეტური ნისლეულის სახით დაასრულებს.
„სიკვდილისას ვარსკვლავი კოსმოსში გააფრქვევს თავის ე. წ. საბურველს, გაზისა და მტვრის მასებს. ამ საბურველის მასა შეიძლება, რომ მთლიანი მასის ნახევარს შეადგენდეს. ამის შედეგად შიშვლდება ვარსკვლავის ბირთვი, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ამოწურული აქვს საწვავი და თანდათან ქრება, სანამ საბოლოოდ მოკვდება“, — ამბობს ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ალბერტ ზილსტრა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბირთვი საბურველს მოიშორებს და სივრცეში გატყორცნის, ეს მატერია დაახლოებით 10 000 წლის განმავლობაში რჩება კაშკაშა. სწორედ ამის გამო ხდება პლანეტური ნისლეული ჩვენთვის ხილული. ზოგიერთი ასეთი ნისლეული იმდენად კაშკაშაა, რომ ათობით მილიონი სინათლის წლის მანძილიდანაც კი კაშკაშად ჩანს მაშინ, როცა თავად საწყისი ვარსკვლავი იმდენად მკრთალი იყო, რომ არ ჩანდა.
ჯგუფის მიერ შექმნილი მონაცემთა მოდელი პროგნოზირებს სხვადასხვა სახის ვარსკვლავთა სასიცოცხლო ციკლებს, რათა განსაზღვროს სხვადასხვა მასის ვარსკვლავთა მიერ წარმოქმნილ პლანეტურ ნისლეულთა სიკაშკაშე.
პლანეტური ნისლეულები დაკვირვებად სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია. ყველაზე ცნობილებს შორის შეიძლება აღინიშნოს სპირალის ნისლეული, კატის თვალის ნისლეული, რგოლის ნისლეული და ბუშტის ნისლეული.
პლანეტური ნისლეულები მათ ეწოდებათ არა იმის გამო, რომ რაიმე საერთო აქვთ პლანეტებთან, არამედ იმიტომ, რომ როცა მე-18 საუკუნის ბოლოს ისინი უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა, იმ დროის ტელესკოპებში ზუსტად ისე ჩანდნენ, როგორც პლანეტები.
დაახლოებით 25 წლის წინ, ასტრონომებმა რაღაც უცნაური შენიშნეს: ყველაზე კაშკაშა პლანეტურ ნისლეულებს სხვა გალაქტიკებში ყველას დაახლოებით ერთნაირი სიკაშკაშის დონე ჰქონდათ. თეორიულად ეს იმას ნიშნავდა, რომ სხვა გალაქტიკებში მდებარე პლანეტურ ნისლეულებზე დაკვირვებით, ასტრონომებს შეეძლო გამოეთვალათ, რა მანძილზე იყვნენ ისინი ჩვენგან.
მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს მეთოდი მართებული იყო, თუმცა მოდელები საპირისპიროს ამტკიცებდა. შედეგად, ასტრონომები მათი აღმოჩენის დღიდან თავს იმტვრევდნენ.
„ბებერი, დაბალმასიანი ვარსკვლავები გაცილებით მკრთალ პლანეტურ ნისლეულებს უნდა წარმოქმნიდნენ, ვიდრე ახალგაზრდა, უფრო მასიური ვარსკვლავები. მაგრამ ეს შეხედულება გასული 25 წლის მანძილზე კონფლიქტის წყაროს წარმოადგენდა“, — აღნიშნავს ალბერტ ზილსტრა.
მისი განცხადებით, მონაცემებმა აჩვენა, რომ კაშკაშა პლანეტური ნისლეული წარმოიქმნებოდა მზის მსგავსი დაბალმასიანი ვარსკვლავებისგანაც, რაც მოდელების მიხედვით შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. ამავე მოდელების მიხედვით, მზეზე დაახლოებით ორჯერ ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავს უნდა წარმოექმნა იმდენად მკრთალი პლანეტური ნისლეული, რომ მისი დანახვა შეუძლებელი იქნებოდა.
მაგრამ ამჯერად, ახალმა მოდელებმა ეს პრობლემა გადაჭრა და აჩვენა, რომ მზე გახლავთ მასის ის ქვედა ზღვარი, რომელზეც ვარსკვლავს შეუძლია ხილული ნისლეულის წარმოქმნა.
მზეზე 1,1-ჯერ ნაკლები მასის მქონე ვარსკვლავიც კი ვერ გადაიქცევა ხილულ ნისლეულად. მეორე მხრივ, მზეზე 3-ჯერ უფრო მასიური ვარსკვლავები წარმოქმნიან გაცილებით კაშკაშა ნისლეულებს.
„მიღებული შედეგები ძალიან გამოსადეგია. ახლა უკვე გვაქვს გზა, რომლითაც შეგვიძლია არა მხოლოდ გამოვიკვლიოთ შორეულ გალაქტიკებში მდებარე მილიარდობით წლის ასაკის ვარსკვლავები, არამედ გავარკვიეთ ისიც, რა დარჩება მზისგან სიკვდილის შემდეგ“, — აღნიშნავს მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ალბერტ ზილსტრა.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა
მომზადებულია research.manchester.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით