მზის წარსული და მომავალი — ახალი მონაცემებით ასტრონომებმა გამოთვალეს, ზუსტად როდის აღესრულება ჩვენი ვარსკვლავი #1tvმეცნიერება
მზის წარსული და მომავალი — ახალი მონაცემებით ასტრონომებმა გამოთვალეს, ზუსტად როდის აღესრულება ჩვენი ვარსკვლავი #1tvმეცნიერება

ერთ დღეს, ჩვენი მზე მოკვდება.

ვიდრე მზის პლანეტური სისტემის მცხოვრებლები ვართ, ძლიერ გვაინტერესებს, როდის და როგორ მოხდება ეს.

რა თქმა უნდა, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ამას მოვესწროთ, მაგრამ მაინც ვღელავთ, ეს ხომ ჩვენი ერთადერთი ნავსაყუდელია უკიდეგანო კოსმოსში. გვსურს, ვიცოდეთ, რა იქნება საბოლოოდ. უბრალო ცნობისმოყვარეობის გარდა, კოსმოსისა და მასში ჩვენი ადგილის გაგებაში ვარსკვლავური ევოლუციის მოდელები გვეხმარება.

„თუ საკუთარ მზეს არ ვიცნობთ — და მის შესახებ ჯერ ნამდვილად ბევრი რამ არ ვიცით — როგორ უნდა ვიცნობდეთ ყველა სხვა დანარჩენ ვარსკვლავს, რომლებიც ჩვენს საოცარ გალაქტიკას შეადგენენ?“, — ამბობს საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ობსერვატორიის ასტრონომი ორლაგ კრივი.

გარკვეულ დეტალებში უკვე ვიცით, რა დაემართება ჩვენს მზეს მომავალში. მომდევნო რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, ის სულ უფრო ცხელი გახდება და თანდათან ბირთვში ამოწურავს სინთეზისთვის საჭირო წყალბადის მარაგს.

ამის შემდეგ, ბირთვი შეკუმშვას დაიწყებს და ამ პროცესის შედეგად, ბირთვის უშუალოდ მიმდებარე რეგიონში სულ უფრო მეტი წყალბადი მოიყრის თავს — წარმოიქმნება წყალბადის გარსი. შედეგ ამ წყალბადის სინთეზი დაიწყება, წარმოქმნილი ჰელიუმი ბირთვში ჩავა — პროცესის მეშვეობით, რომელსაც გარსის წვას უწოდებენ.

ამ პერიოდში, მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი ძლიერ გაფართოვდება, შესაძლოა მარსის ორბიტამდეც კი და ჩვენი ვარსკვლავი წითელ გიგანტად გადაიქცევა. საბოლოოდ, ამოწურავს წყალბადსა და ჰელიუმს, მატერიის გარე ნაწილს მოიშორებს და წარმოქმნის პლანეტურ ნისლეულს, ბირთვი კი კოლაფსირდება და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, რომლის სრულად გაციებას შეიძლება ტრილიონობით წელიწადიც კი დასჭირდეს.

თუმცა, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის აღსასრულის დრო დამოკიდებულია თითოეული ვარსკვლავის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. რაც შეეხება ჩვენს მზეს, მისი აღსასრულის პროგნოზირებაში ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება.

ასეთ მტკიცებულებათა პოვნის საუკეთესო გზაა ირმის ნახტომში სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ მზის მსგავს ვარსკვლავთა ძებნა, შემდეგ კი მათი თაიმლაინის დადგენა, რაც ჩვენი მზის წარსულისა და მომავლის შესახებ ბევრ რამეს გვეტყვის.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიას“ ირმის ნახტომის კატალოგიზაციის პროგრამის ახალი მონაცემების საფუძველზე, ახლა უკვე ხელთ გვაქვს მზის სიცოცხლის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური თაიმლაინი.

გაიას ძირითადი მისიაა ირმის ნახტომის რუკაზე უზუსტესად დატანა; ამისათვის, აღჭურვილია სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებით. თვალს ადევნებს ვარსკვლავთა ადგილმდებარეობას და მოძრაობებს, ამავე დროს აწარმოებს დეტალურ დაკვირვებებს თითოეული ვარსკვლავის სიკაშკაშესა და სპექტრულ კლასიფიკაციაზე.

ასეთი მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ისეთი ფაქტორების განსაზღვრა, როგორებიც არის ქიმიური შემადგენლობა და ტემპერატურა. ასევე შესაძლებელია გრაფიკის, სახელად ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის შექმნა, რომელიც ვარსკვლავის ასაკის შეფასებაში გვეხმარება.

ასაკის მატებასთან ერთად, ვარსკვლავის მასა არ იცვლება, მაგრამ იცვლება ტემპერატურა, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვნად, რისი მიზეზიც არის ბირთვში მიმდინარე ბირთვული სინთეზი; ეს ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებებში აისახება.

ჩვენი მზე G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა კლასს, იგივე ყვითელ ჯუჯებს მიეკუთვნება და ამ სახის ფრიად კლასიკური წარმომადგენელია.

მისი ასაკი დაახლოებით 4,57 მილიარდი წელიწადია, ანუ იმყოფება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის სიცოცხლის დაახლოებით შუა ეტაპზე. მის ბირთვში მიმდინარეობს თერმობირთვული სინთეზი, ზედაპირზე კი ტემპერატურა 5498 გრადუსი ცელსიუსია. ეს იმას ნიშნავს, რომ G-ტიპის სხვა ვარსკვლავებზე დაკვირვებამ საკმაოდ კარგი წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას იმის შესახებ, როგორ გააგრძელებს მზე საწვავის წვას და როდის შეიძლება საბოლოოდ აღესრულოს.

კრივიმ და მისმა ჯგუფმა თავდაპირველად გაიას მონაცემების შეჯერება დაიწყეს, რადგან სურდათ ზუსტი დაკვირვებები ვარსკვლავებზე, რომლებსაც შედარებით დაბალი ტემპერატურა, 2726-9726 გრადუსი ცელსიუსი აქვთ. დაბალი ტემპერატურის ვარსკვლავები შედარებით პატარებია და ცხელებზე დიდხანს ცოცხლობენ; შესაბამისად, ცივ ვარსკვლავებზე დაკვირვებამ შეიძლება უფრო ბევრი რამ გვითხრას ირმის ნახტომისა და ზოგადად სამყაროს ისტორიისა და ვარსკვლავური ევოლუციის შესახებ.

ვინაიდან ეს ტემპერატურული დიაპაზონი მზის მსგავს ვარსკვლავებსაც მოიცავს, ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის მსგავსი მასისა და ქიმიური შემადგენლობის მქონე ვარსკვლავების გამოსავლენად. შედეგად, ჰერცშპრუნგ-რასელის მთლიან დიაგრამაზე მიიღეს მზის მსგავსი 5863 ვარსკვლავი, როგორც ძალიან ახალგაზრდები, ისე ძლიერ ბებრები.

მას შემდეგ, რაც მხოლოდ მზესთან ძლიერი მსგავსების მქონე ვარსკვლავები გამოავლინეს, კრივიმ და მისმა კოლეგებმა ჩვენი ვარსკვლავის სიცოცხლის ზუსტი ხანგრძლივობის დადასტურება შეძლეს.

შედეგები ძლიერ თანხვედრაშია მზის სიცოცხლის ხანგრძლივობის წინა შეფასებებთან და მიუთითებს, რომ მისი ტემპერატურა პიკს დაახლოებით 8 მილიარდი წლის ასაკში მიაღწევს. წითელ გიგანტ ვარსკვლავად დაახლოებით 10-11 მილიარდი წლის ასაკში გადაიქცევა.

სიცოცხლეს დედამიწაზე მხოლოდ დაახლოებით მილიარდი წელიწადიღა დარჩა, თუ იქამდე რაღაც კატასტროფული სისულელე არ ჩავიდინეთ ან რაღაც კატასტროფული არ მოხდა. მილიარდი წელი იმიტომ, რომ მზის სიკაშკაშე ყოველ მილიარდ წელიწადში დაახლოებით 10 პროცენტით იზრდება, ანუ, იზრდება მისი ტემპერატურაც. ასეთი ცვლილება შეიძლება მცირე მოგეჩვენოთ, მაგრამ საკმარისია, რათა დედამიწა სიცოცხლისათვის არახელსაყრელი გახადოს.

შემზარავია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. გაიას მიერ შედგენილ მზის მსგავს ვარსკვლავთა ახალ კატალოგს შეუძლია უფრო მეტი რამ გვითხრას იმის შესახებაც, თუ რატომ და როგორ გავჩნდით ჩვენ აქ. მაგალითად, შეგვიძლია ვისწავლოთ, იქცევა თუ არა მზის მსგავსი ყველა ვარსკვლავი ერთნაირად. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოვძებნოთ მზის სისტემის მსგავსი უფრო ბევრი პლანეტური სისტემა.

ამ დროისათვის, ჯერ არ აღმოგვიჩენია არც ერთი ისეთი სისტემა, რომელიც ხელსაყრელი იქნებოდა სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი, ტექნოლოგიურად მოწინავე ფორმისთვის. თუმცა, კოსმოსში პასუხი ნამდვილად იმალება, თუ მის პოვნას შევძლებთ.