სიკვდილის წინ, ჩვენი მზე ასტეროიდთა სარტყელს გაანადგურებს და მტვრად აქცევს — ახალი კვლევა
სიკვდილის წინ, ჩვენი მზე ასტეროიდთა სარტყელს გაანადგურებს და მტვრად აქცევს — ახალი კვლევა

მომაკვდავი ვარსკვლავის ნათება იმდენად ძლიერია, რომ მას ასტეროიდების მტვრად ქცევა შეუძლია. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ასე მოხდება სამყაროს ვარსკვლავთა უმეტესობის, მათ შორის მზის შემთხვევაშიც. დაახლოებით 5-6 მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენი დედავარსკვლავი ასტეროიდთა სარტყელს ლოდებად დაშლის.

მოდელირების მიხედვით, ამ მასობრივი განადგურების ერთადერთი ფაქტორი ელექტრომაგნიტური რადიაციაა, რომელიც ამას იარკოვსკი-ო’კიფი-რადზიევსკი-პედეკის ეფექტის (YORP) საშუალებით მოახერხებს; ამ ეფექტს სახელი იმ ოთხი მეცნიერის პატივსაცემად ეწოდა, რომლებიც მას სწავლობდნენ.

YORP-ის ეფექტი ხდება მაშინ, როდესაც ვარსკვლავის სიცხე მზის სისტემის პატარა ობიექტებს, მაგალითად, ასტეროიდებს ფორმას უცვლის.

ასტეროიდები მზის სინათლეს შთანთქავენ, რის შედეგადაც ისინი თბებიან. შემადგენელი კლდოვანი ქანების გათბობის შემდეგ, სინათლე უკან თერმული რადიაციის სახით ბრუნდება.

ეს გამოსხივება წარმოქმნის მცირე ოდენობის ბიძგებს; დროის მცირე მონაკვეთებში ეს დიდს არაფერს ცვლის, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში შეუძლია ასტეროიდი დაატრიალოს ან რხევა დააწყებინოს.

ასე უწესრიგოდ მოტრიალე ასტეროიდების ფენომენი ერთ-ერთი ის გზაა, რომლითაც ამ პროცესზე დაკვირვება დღეს შეგვიძლია. მზის ევოლუციასთან ერთად, ეს ეფექტი უფრო აშკარა ხდება.

დაბერებისას, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავები (მათ შორის მზეც) ფართოვდებიან, ხდებიან ძალიან კაშკაშა და შედიან ე. წ. გიგანტური შტოს ფაზაში. ეს ფაზა მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელიწადს გრძელდება და შემდეგ, მატერიის გარე ფენებს ამოტყორცნიან და კოლაფსირდებიან, საბოლოოდ კი მათ ადგილზე წარმოიქმნება მკვრივი მკვდარი ვარსკვლავი, სახელად თეთრი ჯუჯა.

მზის შემთხვევაში, ეს პროცესი 5-6 მილიარდ წელიწადს გაგრძელდება.

უორვიკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს დიმიტრი ვერასის განცხადებით, როდესაც ტიპური ვარსკვლავი გიგანტური შტოს ფაზას მიაღწევს, მაქსიმუმს აღწევს მისი სიკაშკაშეც, ხდება მზეზე დაახლოებით 1000-10 000-ჯერ უფრო კაშკაშა.

„ამის შემდეგ, ვარსკვლავი საკმაოდ სწრაფად იკუმშება და მის ადგილზე რჩება დედამიწის ზომის თეთრი ჯუჯა, სიკაშკაშე კი ჩვენი მზის მაჩვენებელზე დაბლა ჩამოდის. გამომდინარე აქედან, YORP-ის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია გიგანტური შტოს ფაზის დროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვარსკვკლავი თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, ის უკვე თითქმის აღარ არსებობს“, — განმარტავს ვერასი.

საწყის ეტაპზე გაზრდილი ნათების წყალობით, გაიზრდება YORP-ის ეფექტიც. ასტეროიდთა უმეტესობა არც თუ ისე მკვრივია; ისინი უფრო დაბალი სიმკვრივის სხეულების, რომლებსაც აქა-იქ ჰაერის ჯიბეებიც აქვს ჩაყოლილი.

მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, YORP-ის ეფექტი 200 მეტრზე მეტი სიგანის მქონე ასტეროიდთა უმეტესობას იმდენად დაატრიალებს, რომ ისინი დაიბზარება და დაქუცმაცდება.

თუმცა, არ დაიშლება ის ობიექტები, რომლებსაც მაღალი აქვთ სტრუქტურული მთლიანობა, მაგალითად, ჯუჯა პლანეტები. ასტეროიდთა სარტყლის ბედი კი სრულიად სხვანაირია.

ვერასის თქმით, მზის მასის გიგანტური შტოს ვარსკვლავების შემთხვევაში, როგორიც ჩვენი მზე გახდება, ასტეროიდთა სარტყლის მსგავსი რეგიონები აუცილებლად განადგურდება.

„ასეთ სისტემებში YORP-ის ეფექტი ძალიან აქტია და შედარებით სწრაფი, რადგან მხოლოდ რამდენიმე მილიონ წელიწადს გრძელდება. ჩვენი ასტეროიდთა სარტყელი სწრაფად და სასტიკად განადგურდება. ამის ერთადერთი მიზეზი კი მზის სინათლე იქნება“, — აღნიშნავს ვერასი.

ასეთ სცენარზე მხოლოდ კომპიუტერული მოდელირება როდი მიუთითებს. ამაზე მეტყველებს თეთრ ჯუჯებზე მიმდინარე დაკვირვებებიც.

ჩვენთვის ცნობილ თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა მეოთხედზე მეტს სპექტრში აღენიშნება ასტეროიდთა შთანთქმის შედეგად მიღებული ლითონები. ასტეროიდთა ხელწერა თეთრი ჯუჯების სპექტრში ჯერ მაინც იდუმალებით არის მოცული და მკვლევართა შორის აქტიური განსჯის საგანია.

YORP-ის ეფექტმა შეიძლება ახსნას, როგორ მოხვდა იქ ასტეროიდთა ლითონები. დაშლის შემდეგ, ასტეროიდები თეთრი ჯუჯას გარშემო წარმოქმნიან მათი ნარჩენი მტვრის დისკოს, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა ჩაედინება მკვდარ ვარსკვლავში.

ვერასის თქმით, ასეთი შედეგები დაგვეხმარება განვსაზღვროთ ნაშალთა ზონების მდებარეობა გიგანტურ შტოსა და თეთრ ჯუჯა პლანეტურ სისტემებში, რაც გადამწყვეტია იმის დასადგენად, რამდენად არიან დაბინძურებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია warwick.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.