მილიონობით წლის წინ, მზის სიახლოვეს გამვლელმა ვარსკვლავმა დედამიწის ორბიტა შეცვალა — #1tvმეცნიერება
მილიონობით წლის წინ, მზის სიახლოვეს გამვლელმა ვარსკვლავმა დედამიწის ორბიტა შეცვალა — #1tvმეცნიერება

შორეულ წარსულში, მზის სისტემისა და გამვლელი ვარსკვლავის შეხვედრამ შეიძლება დედამიწის ორბიტა იმდენად შეცვალა, რომ მის კლიმატში სრული ქაოსი დატრიალდა. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.

დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ, პალეოცენისა და ეოცენის ეპოქათა ზღვარზე, დედამიწის ტემპერატურამ 8 °C-ით მოიმატა.

ეს საკითხი ყოველთვის იყო ერთგვარი თავსატეხი. პლანეტურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერის, ნათან კაიბისა და ბორდოს ასტროფიზიკური ლაბორატორიის ასტროფიზიკოსის, სინ რაიმონდის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი შეიძლება სხვა ვარსკვლავთან შემთხვევითი შეხვედრა იყოს.

მათი სიმულაციები აჩვენებს, რომ მზის სისტემასთან გამვლელ ვარსკვლავს პლანეტური ორბიტები უნდა შეეცვალა, მათ შორის დედამიწის ორბიტაც ოდნავ უნდა გადახრილიყო კურსიდან.

„ერთი მიზეზი, რის გამოც ეს საინტერესოა, ის არის, რომ როგორც გეოლოგიური ჩანაწერები აჩვენებს, დედამიწის ორბიტულ ექსცენტრიკულობას თან ახლავს რყევები პლანეტის კლიმატში. თუ უძველეს კლიმატურ ანომალიათა მიზეზების ძებნა გვსურს, მნიშვნელოვანია წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, როგორ გამოიყურებოდა იმ პერიოდებში დედამიწის ორბიტა“, — ამბობს კაიბი.

ჩვენი პლანეტის არსებობის 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებათა შეკრება შთამბეჭდავ დეტექტიურ სამუშაოს მოითხოვს. მცირე დეტალების გამოსააშკარავებლად, ხშირად საჭიროა გეოლოგიის, მოდელირებისა და სტატისტიკური ანალიზის კომბინირება.

გეოლოგიურ ჩანაწერებზე დაყრდნობით ვიცით, რომ პალეოცენ-ეოცენის თერმული მაქსიმუმის სახელით ცნობილ პერიოდში, დედამიწა 5 – 8 °C-ით გათბა. ასევე ცნობილია, რომ დედამიწის კლიმატში მომხდარი დრამატული ცვლილებები შეიძლება შეესაბამებოდეს მზის გარშემო ორბიტის ცვლილებებს. თუმცა, მზის სისტემის ორბიტული ევოლუცია შესასწავლად საკმაოდ რთულია.

„უკვე არსებობდა ვარაუდი, რომ ამ მოვლენის დროს, დედამიწის ორბიტული ექსცენტრიკულობა ძლიერ მაღალი იყო, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ გამვლელი ვარსკვლავები დედამიწის წარსული ორბიტული ევოლუციის დეტალურ პროგნოზებს აკეთებს იმ პერიოდისთვის, თანაც ორბიტულ ქცევათა იმაზე ფართო სპექტრში, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა“, — ამბობს კაიბი.

ზოგადად, დედამიწის ორბიტის ევოლუციის რეკონსტრუქციას სიმულაციებში მზის სისტემის „უკან გადახვევით“ ცდილობენ. თუმცა, მათი განცხადებით, ეს სიმულაციები მოიცავს მზის სისტემას განცალკევებულად, იზოლაციაში და მხედველობაში არ იღებს იმ გალაქტიკის სიდიდეს, მრავალრიცხოვნებას და დინამიკას, რომელშიც ის მდებარეობს.

ვარსკვლავი

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ბევრი ცარიელი სივრცეა, გალაქტიკაში ყველაფერი მოძრაობს, თანაც სხვადასხვა ორბიტაზე, ტრაექტორიაზე და სხვადასხვა სიჩქარით. გალაქტიკის ცენტრის გარშემო საკუთარ ორბიტებზე მოძრაობისას, მზის სისტემას შეიძლება სხვა ვარსკვლავები მოუახლოვდნენ. თუ ასე მოხდა, მზის სისტემასთან გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ შეიძლება გავლენა იქონიოს პლანეტებზე.

მზის სისტემა შედარებით სტაბილურია, მაგრამ ორბიტები შეიძლება საკმაოდ მარტივად შეიცვალოს. მაგალითად, დედამიწის ორბიტას რეგულარულად ქაჩავენ გიგანტური პლანეტები, რაც გრძელვადიან ცვლილებებს ახდენს მის ორბიტულ ექსცენტრიკულობაში, ღერძის დახრილობასა და პრეცესიაში.

ასეთ ცვლილებს ათეულობით ათასი წელი სჭირდება და მილანკოვიჩის ციკლებს უწოდებენ; ისინი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი.

კაიბს და რაიმონდს სურდათ გაერკვიათ, ექნებოდა თუ არა იგივე ეფექტი ჩამვლელ ვარსკვლავსაც, თუნდაც საკმაოდ შორიდან. კვლევა ფოკუსირდა მხოლოდ ერთ ცნობილ მოვლენაზე. დაახლოებით 2,8 მილიონი წლის წინ, მზის მსგავსმა ვარსკვლავმა, სახელად HD 7977, მზის სისტემასთან ჩაიარა, თანაც პოტენციურად საკმაოდ ახლოს — ოორტის ღრუბელშიც კი გაიარა.

მან შეიძლება მზისგან 31 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე გაიარა (ასტრონომიული ერთეული ეწოდება საშუალო მანძილზე მზესა და დედამიწას შორის), რაც ზედმეტად შორია, რათა დიდი ეფექტი ჰქონოდა. თუმცა, შესაძლოა, ის მზეს 4000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეც მოუახლოვდა.

სიმულაციების ჩატარების შემდეგ, მკვლევრებმა თანმიმდევრულად აღმოაჩინეს, რომ ასე ახლო მანძილებზე გავლას გარკვეული გრავიტაციული ეფექტები უნდა ჰქონოდა მზის გარშემო პლანეტების მოძრაობაზე.

HD 7977 ერთი ვარსკვლავია და ერთადერთი ახლოს გავლა, რომლის შესახებაც დანამდვილებით ვიცით. თუმცა, მეცნიერთა შეფასებით, ყოველ მილიონ წელიწადში ერთხელ, მზის სისტემას 50 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილის დიაპაზონში გაუვლის რომელიმე ვარსკვლავი, ყოველ 20 მილიონ წელიწადში ერთხელ კი 10 000 ასტრონომიულ ერთეულში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სრულიად შესაძლებელია, გამვლელ ვარსკვლავს წარსულში დედამიწის კლიმატზე ემოქმედა და უფრო მეტიც — შეიძლება დიდი როლი შეასრულა თერმულ მაქსიმუმშიც.

კაიბისა და რაიმონდის განცხადებით, ასეთი ჩამვლელი ვარსკვლავები მომავალში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მზის სისტემის გრძელვადიანი ევოლუციის კვლევებში.

„ვაჩვენეთ, რომ ვარსკვლავური შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის სისტემის გრძელვადიან დინამიკურ ევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის გავლის ეფექტების მოხდენას მილიონობით წელიწადი სჭირდება, დედამიწისა და სხვა პლანეტების გრძელვადიანი ორბიტული ევოლუცია სწორედ ასეთ ვარსკვლავებზეა დამოკიდებული“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია psi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.