მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე მზის ჩასვლა გადაიღო — #1tvმეცნიერება
მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე მზის ჩასვლა გადაიღო — #1tvმეცნიერება

2023 წლის 4 ივლისს, მავალმა „პერსევერანსმა“ მარსზე ყოფნის 842-ე დღე აღნიშნა. როდესაც მარსის წითელმა ცამ ჩაბნელება დაიწყო, თავგადასავლების მოყვარულმა რობოტმა მისი მარცხენა სანავიგაციო კამერა ბუნდოვანი ჰორიზონტისკენ მიმართა.

ერთი კადრით მან საუცხოო მზის ჩასვლა გადაიღო; კადრში ჩანს, რომ წითელი პლანეტის ცა მზის გარშემო კაშკაშა ცივ ლურჯ ფერში ანათებს.

გარკვეულ მიზეზთა გამო, ასეთი რამეს აქ, დედამიწაზე ვერასოდეს ვნახავთ.

მარსი მზისგან დედამიწაზე უფრო შორს არის, რის გამოც, ამ პლანეტაზე მზის იმდენივე სინათლე არ აღწევს, რაც ჩვენთან. უფრო კონკრეტულად კი, მარსი იმის ნახევარ სინათლეს იღებს, რასაც დედამიწა.

მზის ჩასვლა მარსზე

ამას გარდა, მარსის ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროს მხოლოდ ერთი პროცენტია და ის ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება, მცირე რაოდენობით შედის აზოტი და ჟანგბადი.

ამის გამო, მზის სინათლე ამ ორი პლანეტის ატმოსფეროსთან ძლიერ სხვადასხვანაირად ურთიერთქმედებს.

როდესაც მზის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, აზოტთან და ცის სხვა შემადგენელ ნაწილებთან, რის შედეგადაც, ცისფერი სინათლე შორს და ფართოდ იფანტება.

სწორედ ეს აძლევს ჩვენი პლანეტის ცას ლურჯ ფერს დღისით. თუმცა, როდესაც მზე ჰორიზონტს ჩასცდება ან მის ზემოთაა, მის სინათლეს უფრო მეტი ატმოსფერო აქვს შესაღწევად. შედეგად, ცისფერი და ულტრაიისფერი ტალღის სიგრძეების უმეტესი ნაწილი იფილტრება და რჩება მხოლოდ ნარინჯისფერი და წითელი.

რაც შეეხება მარსს, ჟანგბადთან და აზოტთან ურთიერთქმედების ნაცვლად, მზის სინათლე იქ ატმოსფეროში რკინით მდიდარ მტვერთან ურთიერთქმედებს; ამის გამო, დაბალი სიხშირის წითელი სინათლე დღისით ცაში იფანტება.

თუმცა, შებინდებისას, წითელი სინათლე იფილტრება და ცა ცივ ლურჯად ანათებს ბუნდოვან ჰორიზონტში.

სურათზე ხედავთ სხვაობას ორი პლანეტის დაისს შორის.

„მარსზე ფერებს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ძალიან წვრილი მტვერი ზუსტად იმ ზომისაა, რომ ლურჯ სინათლეს ატმოსფეროში ცოტა უფრო ეფექტიანად შეღწევის საშუალებას აძლევს“, — განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერი მარკ ლემონი.

მისი განცხადებით, როდესაც ლურჯი სინათლე მტვერში იფანტება, მზის მიმართულებასთან უფრო ახლოს რჩება, ვიდრე სხვა ფერთა შუქები. დანარჩენი ცა მოყვითალო-ნარინჯისფერია, რადგან შთანთქმის ან მზესთან ახლოს დარჩენის ნაცვლად, ყვითელი და წითელი სინათლე ცაში მიმოიფანტება.

რადგან მზის სინათლე მარსის ატმოსფეროს ზედა ნაწილში მტვერს კვლავ ურტყამს, ეს მოლურჯო ნისლი მზის ჩასვლიდან რამდენიმე საათს კვლავ ანათებს.

დაისი იდეალური დროა მარსზე მტვრისა და ღრუბლების გადასაღებად, რადგან ისინი ამ დროს ბნელ ფონზეა განათებული. ამ ფოტოებით მეცნიერები მარსის პლანეტის შემადგენლობას სწავლობენ.

მაგალითად, წლის დასაწყისში, მავალმა „კურიოზიტიმ“ გადაიღო მწუხრისას მარსის ცაში ამ მიზეზით განათებული ღრუბლები.

გასული ოცი წლის განმავლობაში, მარსის დაისები გადაღებული აქვთ მავალ კურიოზიტის, პერსევერანსს, სპირიტსა და ოპორტუნიტის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.