უჩვეულო რელიეფი მარსზე, რომელიც თავის ტვინის ნაოჭებს წააგავს — #1tvმეცნიერება
უჩვეულო რელიეფი მარსზე, რომელიც თავის ტვინის ნაოჭებს წააგავს — #1tvმეცნიერება

მარსი მრავალი საიდუმლოთი სავსე საოცარი პლანეტაა. ზოგიერთი მათგანის ამოხსნასთან ახლოს ვართ, მაგრამ ზოგი კვლავ მოუხელთებელი რჩება.

მაგალითად, ავიღოთ თავის ტვინის მსგავსი რელიეფის უცნაური ფენომენი. შედგება ჩახლართული ქედებისა და ღარებისგან, რაც ადამიანის თავის ტვინის ნაოჭებს წააგავს.

უცნობია, ზუსტად რამ განაპირობა ამ სახის ლანდშაფტის წარმოქმნა.

ასეთი რელიეფი მარსის შუა განედებზე გვხვდება, სადაც ჩრდილოეთის ვაკეები სამხრეთის მთიანეთს ხვდება — კრატერებში, ხეობებსა და ლობატის წინსაფრებით ცნობილ ფორმაციებში, ანუ მაღალი სტრუქტურების ძირში არსებულ ყინულით მდიდარ წარმონაქმნებში.

გამომდინარე იქიდან, რომ ტვინის მსგავსი რელიეფი იქ გვხვდება, სადაც ყინულია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მის წარმოქმნას რაღაც კავშირი აქვს გაყინული წყლის ქცევასთან.

ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით,დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლის ქედები და ღარები ყინულის ნაკადებით არის ამოჭრილი.

კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით კი, ეს ფორმაციები წარმოადგენს ზედაპირქვეშ არსებული ყინულის პროდუქტს. ყინულის სუბლიმაცია ნაპრალების გავლით, შეიძლება იწვევდეს მის თავზე მიწის ჩანგრევას, რაც საბოლოოდ, ორმოებიან, ტექსტურიან რელიეფს წარმოქმნის.

მესამე ჰიპოთეზა მიუთითებს, რომ ეს რელიეფი იმის მსგავსად უნდა წარმოიქმნებოდეს, როგორც დედამიწაზე ე. წ. ქვების დახარისხება. გაყინვისას, ნიადაგი ფართოვდება და დანალექებს მაღლა წევს. ლღობისას, აწეული დანალექები უკან ცვივა და სხვადასხვა ქვები ერთად გროვდება, ზომების შესაბამისად. აქ, დედამიწაზე, გაყინვა-ლღობის მრავალჯერადი ციკლები მიწაზე სწორედ ასეთ მახასიათებლებს წარმოქმნის.

მარსის თავის ტვინის ფორმის რელიეფის ანალოგი დედამიწაზე ძალიან ცოტაა, მაგრამ მეცნიერებმა რაღაც ძლიერ მსგავსი, მაგრამ მცირე მასშტაბის აღმოაჩინეს კანადის არქტიკაში.

მისი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ასეთი ფორმაციების წარმოქმნის შესაძლო მექანიზმია სუბლიმაცია ან ქვების დახარისხება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.