მარსის ახალი რუკა ცხადყოფს, რომ წითელ პლანეტაზე თითქმის ყველგან არის უძველესი წყლის კვალი — #1tvმეცნიერება
მარსის ახალი რუკა ცხადყოფს, რომ წითელ პლანეტაზე თითქმის ყველგან არის უძველესი წყლის კვალი — #1tvმეცნიერება

ახალი რუკა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, გვიჩვენებს, სად შეიძლება ვიპოვოთ წყლის უძველესი კვალი მარსზე.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდ Mars Express-ის და NASA-ს ხომალდ Mars Reconnaissance Orbiter-ის (ორივე მათგანი მარსის ორბიტაზე მოძრაობს) მიერ გასული ათწლეულის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა მარსის მინერალების დანალექების ამ დროისთვის ყველაზე ყოვლისმომცველი რუკა შექმნეს.

დანალექები წყლოვანი მინერალებია, ანუ ისეთები, რომლებიც წყლის მიერ არის შეცვლილი, მაგალითად, თიხები.

ცნობილია, რომ მარსზე არის თიხები; ზოგიერთი მათგანი ახლოდანაც გვაქვს ნანახი, იმდენად ახლოს, რამდენადაც ეს შეგვიძლია, მავალ Curiosity-ს საშუალებით. თუმცა, უფრო ვრცელი რუკა, რომელიც მათ ადგილმდებარეობაზე მიგვითითებდა, მარსის წყლის ისტორიის უფრო სრულყოფილ სურათს მოგვცემდა და დაგვეხმარება, დავგეგმოთ სამომავლო მისიები ამჟამად მშრალ და მტვრიან პლანეტაზე.

მოლოდინების საწინააღმდეგოდ, რუკა მიუთითებს, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, მარსის რომელ ადგილშიც, აუცილებლად ვიპოვით რაღაც საინტერესოს.

მარსი

ვიდრე ამ რუკაზე მუშაობა დაიწყებოდა, მარსზე დაახლოებით ათასი წყლოვანი მინერალის დანალექის არსებობის შესახებ ვიცოდით. პარიზი-საკლეს უნივერსიტეტისა და ექს-მარსელის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, ჯონ კარტერის მიერ შესრულებული ახალი ნაშრომის შედეგად, გაცილებით მეტი ასეთი მინერალი გამოვლინდა.

ახალი რუკა აჩვენებს, რომ მარსზე წყლოვანი მინერალების სულ მცირე ასობით ათასი დანალექია, განსაკუთრებით კი პლანეტის ზოგიერთ ყველაზე ძველ ადგილას.

„ვფიქრობ, ჩვენ ერთობლივად გავამარტივეთ მარსი. ამ კვლევამ ცხადყო, რომ როდესაც უძველეს რელიეფს დეტალურად სწავლობ, მინერალების არდანახვა ნამდვილად უცნაური იქნებოდა“, — ამბობს კარტერი.

ამ მინერალების დეტალურად შესწავლით შეიძლება გავიგოთ, ისტორიულად, რამდენი წყალი იყო წარმოდგენილი მარსზე.

მაგალითად, აქ, დედამიწაზე, თიხები წყლისა და სხვა მინერალის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება, რაც სულ სხვანაირი მინერალის წარმოქმნით სრულდება.

ვერმიკულიტები, სემექტიტები და ქლორიტები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც წყალი რკინასთან ან/და მაგნიუმთან ურთიერთქმედებს. Al-სემექტიტები და კაოლინიტები კი წყლისა და ალუმინის ურთიერთქმედების შედეგად ჩნდება.

თუმცა, გარკვეულ როლს ასრულებს წყლის რაოდენობაც.

რაც უფრო მეტია წყალი, მით უფრო მეტად შეცვლილია საბოლოო მინერალი. შესაბამისად, მეცნიერებს შეუძლიათ, რომ სხვადასხვა მინერალთა დანალექები შეისწავლონ და გააკეთონ შეფასება იმის შესახებ, რამდენი წყალი იყო იქ წარმოდგენილი ამ მინერალთა წარმოქმნის დროს.

კარტერისა და მისი კოლეგების კვლევამ სპექტრომეტრიულ მონაცემებში გამოავლინა როგორც ზემოთ ხსენებულ მინერალთა არსებობა, ისე სულფატებისა და კარბონატების. სპექტრომეტრია არის ობიექტის მიერ არეკლილი სინათლის კვლევა; ორივე ხომალდი (ორბიტაზე მოძრავი) აღჭურვილია სპექტრომეტრებით. მათი მონაცემები მარსის ზედაპირის მინერალოგიის შესახებ, ერთმანეთს ავსებს.

შედეგად მიღებული რუკა მიუთითებს, რომ მარსზე არც ისე ბევრი ადგილია ისეთი, რომელიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში წყალს არ შეუცვლია. წითელი პლანეტა ახლა შეიძლება ძალიან მშრალია, მაგრამ მტკიცებულებები მიუთითებს, რომ წარსულში იქ წყალი უხვად იყო.

რუკა ასევე მიუთითებს, რომ მისი წყლის ისტორიის წინა რეკონსტრუქცია, რომლის მიხედვითაც წყალმა თიხები წარმოქმნა, წყლის დაშრობის შემდეგ კი მარილები გამოჩნდა — შეიძლება, მეტისმეტად მარტივი იყოს.

მარსი

ახალ რუკაზე ზოგიერთი მარილი ზოგიერთ თიხაზე უფრო ძველი ჩანს, გარკვეულ რეგიონებში კი ეს ორი ერთმანეთთან ისეა შერეული, რომ შეიძლება, ისინი ერთი და იმავე დროის იყოს.

ამ აღმოჩენის შედეგების შეცნობას მნიშვნელოვანი ანალიზები დასჭირდება.

„ბევრი წყლიდან უწყლოობისკენ ევოლუცია არც ისე მკაფიოა, როგორც ვფიქრობდით. წყალი უბრალოდ ერთ ღამეში არ ქრება. ვხედავთ უზარმაზარ მრავალფეროვნებას გეოლოგიურ კონტექსტში და შესაბამისად, რომელიმე ერთი პროცესი ან მარტივი თაიმლაინი ვერ ახსნის მარსის მინერალოგიის ევოლუციას“, — ამბობს კარტერი.

მისი განცხადებით, ასეთია მათი კვლევის პირველი შედეგი. მეორე კი ის არის, რომ თუ სიცოცხლის პროცესებს არ ჩავთვლით, მარსის მინერალოგია დედამიწის მსგავსად მრავალფეროვანია.

პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმის შესახებ, მარსზე წყალი მუდმივად იყო თუ ეპიზოდურად. დროის საკმაოდ დიდ პერიოდში თუ პერიოდულად ჩნდებოდა და ქრებოდა.

მინერალების ადგილმდებარეობის რუკიდან არც ისე ბევრი რამის დადგენა შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ESA-ს პლანეტურმა მეცნიერებმა ლუსი რიუმ ჩაატარა, განსაზღვრა რუკაზე არსებული წყლოვანი მინერალების რაოდენობა.

„თუ ვიცით სად და რა რაოდენობით არის წარმოდგენილი თითოეული მინერალი, უკეთესი წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნა ეს მინერალები“, განმარტავს რიუ.

ეს ორი დოკუმენტი ერთობლივად, ის მნიშვნელოვანი საძირკველია, რომელიც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად არის საჭირო.

ყველაზე საინტერესო ადგილების გამოვლენა უმნიშვნელოვანესია სამომავლო მისიებისთვის, როგორც ეკიპაჟიანის, ისე უპილოტოსთვის; მხოლოდ მაშინ შეიძლება საბოლოოდ დავადგინოთ, რატომ გადაიქცა მარსი მშრალი პლანეტად, რაც თავის მხრივ გარკვეულწილად იმასაც გვეტყვის, რატომ არ დაემართა იგივე ჩვენს დედამიწას.

კვლევები ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა. პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.