წყლის ყინულით სავსე გიგანტური კრატერი მარსზე - ESA-ს ხომალდმა ახალი ფოტოები გამოგზავნა
წყლის ყინულით სავსე გიგანტური კრატერი მარსზე - ESA-ს ხომალდმა ახალი ფოტოები გამოგზავნა

მარსზე თხევადი წყლის არსებობის საკითხი სამეცნიერო საზოგადოებაში ძლიერი ინტერესის საგანია. თუმცა ცნობილია, რომ წითელ პლანეტაზე უხვად არის წყლის ყინული. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდმა Mars Express-მა, რომელიც მარსის ორბიტაზე მოძრაობს, ახალი ფოტოები გამოგზავნა. სურათებში კარგად ჩანს დიდი ოდენობით წყლის ყინული.

ხომალდის კამერამ აღბეჭდა 81,4 კმ დიამეტრის კოროლიოვის კრატერი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ცნობილი დიუნების სამხრეთით მდებარეობს. კრატერი პირამდე სავსეა წყლის ყინულით.

დედამიწის მსგავსად, სეზონები მარსსაც აქვს. თბილ სეზონებზე, ყინულის მოცულობა რა თქმა უნდა, იქაც მცირდება. თუმცა, კოროლიოვის კრატერი ამ მხრივ ცოტა უცნაურია. კრატერი წარმოქმნილია მარსის შორეულ წარსულში, დარტყმის შედეგად. სახელი ეწოდა საბჭოთა სარაკეტო ინჟინრის, სერგეი კოროლიოვის პატივსაცემად.

მიეკუთვნება გეოლოგიურ მახასიათებელთა ტიპს, რომელსაც „ცივ ხაფანგს“ უწოდებენ. კრატერის ფსკერი ძალიან ღრმაა, ივრცობა კიდეებიდან 2 კმ სიღრმეზე. ფსკერიდან აღმართულია წყლის ყინულის გუმბათი, რომლის სისქეც 1,8 კილომეტრია, დიამეტრი კი 60 კმ.

რაც შეეხება მოცულობას, კრატერი დაახლოებით 2 200 კუბურ კილომეტრ ყინულს შეიცავს.

როდესაც ყინულის თავზე ჰაერი მოძრაობს (დიახ, მარსს აქვს ჰაერი, მართალია, მისი სუნთქვა შეუძლებელია და საკმაოდ თხელია, მაგრამ მაინც არის), ის ცივდება და დაბლა ეშვება, რის შედეგადაც, ყინულის თავზე ცივი ჰაერის ფენა კონცენტრირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია, ეს ცივი ფენა იზოლატორივით მოქმედებს, რომელიც ყინულს თბილი ჰაერისგან და შესაბამისად, გადნობისგან იცავს.

იგივე დინამიკა მოქმედებს გაცილებით პატარა, 36 კილომეტრიან ლუთის კრატერზეც, რომელიც მარსის ასევე ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარეობს.

ხომალდ Mars Express-ს 25 დეკემბერს წითელი პლანეტის ორბიტაზე ყოფნის 15 წელი შეუსრულდება. კოროლიოვის კრატერს შარშან მან რამდენჯერმე გადაუფრინა და ფრაგმენტული ფოტოებიც გადაუღო.

ფრაგმენტების აწყობის შემდეგ, მეცნიერთა წინაშე მართლაც საოცარი სანახაობა გადაიშალა — წყლის ყინულით მოკაშკაშე კრატერი მთელი თავისი დიდებულებით. ფოტოს რეზოლუცია 21 მეტრია პიქსელზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ მეცნიერებმა თხევადი წყლის უზარმაზარი ტბა აღმოაჩინეს. ტბა ზედაპირიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეში იმალება და გადაჭიმულია 20 კმ სიგრძეზე.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი