მარსის ზედაპირქვეშ თხევადი წყლის გიგანტური ტბა აღმოაჩინეს
მარსის ზედაპირქვეშ თხევადი წყლის გიგანტური ტბა აღმოაჩინეს

მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ მეცნიერებმა თხევადი წყლის უზარმაზარი ტბა აღმოაჩინეს. ტბა ზედაპირიდან 1,5 კილომეტრის სიღრმეში იმალება და გადაჭიმულია 20 კმ სიგრძეზე.

მკვლევართა განცხადებით, ის ძალიან წააგავს არქტიკისა და ანტარქტიკის მყინვარებს ქვეშ ჩამალულ ტბებს და შესაძლოა, მათ მსგავსად მალავდეს სიცოცხლის გარკვეულ ფორმებს.

წითელ პლანეტაზე ასეთი ტბის არსებობას მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, მაგრამ მყინვარული რეგიონების სიღრმების შესწავლა მეტად რთული საქმეა, დედამიწაზეც კი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტბები მეცნიერებმა ჩვენს პლანეტაზეც ბოლო დროსღა აღმოაჩინეს, თანამგზავრული რადარების გამოყენებით.

მარსის პოლარული ყინულის ქუდების შესასწავლად, იტალიელ მკვლევართა ჯგუფმა სწორედ თანამგზავრული რადარების ტექნოლოგია გამოიყენა. სპეციალურად ზედაპირქვეშა კვლევებისთვის საჭირო რადარით აღჭურვილია ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდი Mars Express-ი, რომელიც 2003 წელს გაეშვა და მას შემდეგ მარსის ორბიტაზე მოძრაობს.

2012-2015 წლებში, მკვლევართა ჯგუფი სერიოზულად იკვლევდა მარსის სამხრეთის ყინულის ქუდის 200-კილომეტრიან მონაკვეთს.

მათ ამ რეგიონის 29 რადარული პროფილი აიღეს, მარსის სიღრმეში გაუშვეს რადიოტალღები და უკან დაბრუნებული სიგნალები სპეციალური მიმღებით შეაგროვეს.

ზედაპირქვეშა მახასიათებლებს მეცნიერები გაშვებულ და უკან დაბრუნებულ სიგნალებს შორის არსებული ცვლილებების გაზომვის გზით სწავლობენ. წყალს დაცემული და უკან დაბრუნებული სიგნალები უფრო ძლიერია, ვიდრე სიგნალები, რომლებიც კლდოვანი დანალექებიდან ბრუნდება.

ამ მეთოდის გამოყენებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მარსის სამხრეთ ყინულოვანი ქუდის რეგიონ პლანუმ-ოსტრალედან (Planum Australe) უკან ბრუნდებოდა ანომალიურად ძლიერი, კაშკაშა სიგნალი.

ასეთი სიგნალის მიზეზი შეიძლება ასევე ყოფილიყო ძალიან ცივი და სუფთა წყლის ყინული, ანდაც ნახშირორჟანგის ყინული. მაგრამ მკვლევრებმა კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართეს და გაარკვიეს, რომ სიგნალების არეკვლითი უნარი ყველაზე უკეთ თხევად წყალს ემთხვეოდა.

თუმცა, წამოიჭრა კიდევ ერთი დიდი პრობლემა — უცნობი სხეულის ტემპერატურა -68,15 გრადუსი ცელსიუსია.

სამხრეთ პოლუსის ყინულის ქუდი, რომლის ქვეშაც თხევადი წყლის ტბა აღმოაჩინეს

ეს მაჩვენებელი გაყინვის წერტილზე გაცილებით დაბალია ანტარქტიკის წარმოუდგენლად მლაშე ტბების მაჩვენებელზეც კი, რომლებიც მარილის შემცველობის გამო -13 გრადუსზე იყინება.

მიუხედავად ამისა, ჰიპოთეტურად მაინც შესაძლებელია, რომ ასეთ ტემპერატურაზე წყალი თხევადი იყოს. ცნობილია, რომ მარსზე უხვადაა ნატრიუმის მარილები, მაგნიუმი და კალციუმი. ეს ნაერთები ნაპოვნია წითელი პლანეტის ზედაპირზეც კი.

თუკი მათ წყალში დავშლით და დავამატებთ მის ზემოთ განთავსებული ყინულის ქუდის წნევას, გაყინვის წერტილი შეიძლება, -74 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს.

დედამიწაზე, მყინვარქვეშა ტბებში აღმოჩენილია სიცოცხლე. წარსულში გამოითქვა ვარაუდი, რომ სიცოცხლე შეიძლება ყვაოდეს მარსის მყინვარქვეშა ტბებშიც. ეს აღმოჩენა ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო ამყარებს.

„დედამიწის პოლარულ ყინულებქვეშ მიკრობული სიცოცხლე ყვავის. იქ ნახავთ მიკრობებს, რომლებიც ყინულის ძარღვებშიც კი ცოცხლობენ. მეორდება თუ არა იგივე სცენარი მარსზე, ამას შემოწმება სჭირდება. მარსის ზედაპირქვეშ თხევადი წყლის აღმოჩენა კოსმოსის კვლევის ახალ, მომაჯადოებელ ფანჯარას ხსნის“, — ამბობს ასტრობიოლოგი ბრენდან ბარნსი.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ მარილის წარმოუდგენლად დიდი კონცენტრაცია, რომელიც მარსის მიწისქვეშა ტბას გაყინვისგან იცავს, შესაძლოა სრულიად არახელსაყრელი იყოს სიცოცხლისთვის.

ამ დროისათვის არ არსებობს ამ წყლის არანაირი ნიმუში და ალბათ, არც უახლოეს მომავალში გვექნება.

თუმცა, ეს წყალი გაცილებით მარტივად მისაწვდომია, ვიდრე ზედაპირქვეშა წყალი ევროპასა და ენცელადზე, რომლებიც მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის არსებობის საუკეთესო კანდიდატებად მიიჩნევა. ეს წყალი მეცნიერებს ასევე მოუთხრობს საკვანძო დეტალებს მარსის კლიმატის ისტორიისა და მისი ჰიდროსფეროს შესახებ; გვეტყვის იმასაც, სად გაქრა მარსის ოკეანე დიდი ხნის წინ.

„აღმოჩენა გასაოცარია. ყინულებისა და თხევადი წყლის დინების კვალს მარსზე ათწლეულები ვეძებდით. ახლა კი გაირკვა, რომ წითელ პლანეტაზე თხევადი წყალი ამჟამადაც არსებობს, ზუსტად იმ სახით, როგორც დედამიწაზე, არქტიკისა და ანტარქტიკის ზედაპირქვეშა ტბებში“, — აღნიშნავს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ბრედ ტაკერი.

მარსზე ახალ-ახალი აღმოჩენები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა, რაც ალბათ საბოლოოდ მიგვიყვანს ერთი ფუნდამენტური კითხვის პასუხამდე — არსებობს თუ არა დედამიწის გარდა სიცოცხლე სადმე?

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.