მარსის ქანები შესაძლოა, 4 მლრდ წლის წინანდელი სიცოცხლის ნიშნებს მალავს
მარსის ქანები შესაძლოა, 4 მლრდ წლის წინანდელი სიცოცხლის ნიშნებს მალავს

რკინით მდიდარი ქანები მარსის უძველეს ტბათა სიახლოვეს, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცნობებს მალავდეს ოდესღაც იქ არსებული სიცოცხლის შესახებ. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

მკვლევართა თქმით, ტბის ღრმულში ჩამოყალიბებული ეს ქანები საუკეთესო ადგილებია მილიარდობით წლის წინანდელი სიცოცხლის განმარხებულ ნაშთთა საპოვნელად.

ახალი კვლევის ფარგლებში დაზუსტდა, სად შეიძლება ვეძებოთ მარსზე ციცქნა არსებების, მიკრობების კვალი. მიჩნეულია, რომ შესაძლოა, სიცოცხლის სწორედ ეს ფორმა არსებობდა წითელ პლანეტაზე ოთხი მილიარდი წლის წინ.

მკვლევართა ჯგუფმა განსაზღვრა, რომ გამხმარი ტალახისა და თიხის შემადგენელი დანალექი ქანები დიდი ალბათობით შეიცავს ნამარხებს. ეს ქანები მდიდარია რკინითა და სილიკატური მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს ნამარხთა შენარჩუნებას.

ისინი წარმოქმნილია მარსის ისტორიის ნოისურ და ჰესპერიულ ეპოქაში, 3-4 მილიარდი წლის წინ. იმ დროისათვის, პლანეტის ზედაპირზე უხვად იყო წყალი, რომელშიც შესაძლოა, სიცოცხლეც ყვაოდა.


მკვლევართა თქმით, ეს ქანები მარსზე გაცილებით უკეთესად არის შემონახული, ვიდრე იმავე ასაკის ქანები დედამიწაზე. ამის მიზეზია წითელ პლანეტაზე ფილების ტექტონიკის არარსებობა. ამ პროცესში, პლანეტის ქერქის შემადგენელი უზარმაზარი ფილები გადაადგილდება, რაც დროთა განმავლობაში ანადგურებს მათში არსებულ ქანებსა და ნამარხებს.

ჯგუფმა მიმოიხილა კვლევები დედამიწაზე არსებულ ნამარხთა შესახებ და შეაფასა მარსის გარემოს ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგები. ექსპერიმენტის მიზანი იყო წითელი პლანეტის იმ ყველაზე იმედისმომცემ ადგილთა განსაზღვრა, სადაც შესაძლებელია უძველესი სიცოცხლის კვალის კვლევა.

შედეგები შეიძლება, დიდად წაადგეს NASA-ს შემდეგი მავალის მისიას, რომლის მთავარი მიზანიც მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძებნა იქნება. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მავალი „მარს 2020“ შეაგროვებს და ანალიზებს ჩაუტარებს წითელი პლანეტის ქანების ნიმუშებს.

უახლოეს წლებში მსგავს მისიას გეგმავს ევროპის კოსმოსური სააგენტოც (ESA).

კვლევა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

„მარსზე უამრავი საინტერესო ქანი და მინერალია, რომლებშიც შეგვიძლია ვეძებოთ ნამარხები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მავალთა გაგზავნა ყველა მათგანთან შეუძლებელია, ვცდილობთ, დედამიწიდან განვსაზღვროთ ყველაზე იმედისმომცემი ადგილები, სადაც მომავალში მარსმავლები გაიგზავნება“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი სინ მაკმაჰონი.

მომზადებულია ed.ac.uk-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი