მავალმა Curiosity-მ მარსზე აღმოაჩინა სიცოცხლის საშენი ახალი მასალები, რომლებიც აქამდე იქ დაფიქსირებული არ იყო — #1tvმეცნიერება
ქიმიურ ექსპერიმენტში, რომელიც სხვა პლანეტაზე აქამდე არასოდეს ჩატარებულა, NASA-ს მავალმა Curiosity-მ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის საშენი მასალა აღმოაჩინა.
NASA-ს ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ორგანული მოლეკულები წარსულში სიცოცხლის არსებობის გადამწყვეტი მტკიცებულება არ არის, რადგან ისინი წითელ პლანეტაზე არაბიოლოგიური პროცესებითაც შეიძლება წარმოიქმნას, თუნდაც მეტეორიტების დაცემის შედეგად.
თუმცა, ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ეს მნიშვნელოვანი მინიშნებები მარსის ზედაპირზე უკვე სამ მილიარდ წელიწადზე მეტია, რაც ინახება.
მიჩნეულია, რომ მაშინ, მარსის ზედაპირზე გადაჭიმული იყო უზარმაზარი ტბები და თხევადი წყლით სავსე მდინარეები — წყალი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის საკვანძო ინგრედიენტია.
2012 წელს, NASA-მ მავალი Curiosity დასვა გეილის კრატერში, რომელიც შორეულ წარსულში ტბის ფსკერი იყო; მას შემდეგ, მავალი იქ წარსულში შესაძლო სიცოცხლის ნიშნებს ეძებს.
„ეს ექსპერიმენტი სხვა პლანეტაზე აქამდე არასოდეს ჩატარებულა“, — ამბობს Curiosity-ს მისიის ასტრობიოლოგი ემი უილიამსი.
ექსპერიმენტი 2020 წელს ჩატარდა და 20-ზე მეტი ორგანული მოლეკულა დააფიქსირა, მათ შორის რამდენიმე ისეთი, რომელიც იქამდე მარსზე არასოდეს იყო დადასტურებული.

მათ შორის იყო მოლეკულა, სახელად ბენზოთიოფენი, რომელიც ასევე გვხვდება მეტეორიტებსა და ასტეროიდებში.
„იგივე მასალა, რაც მარსზე მეტეორიტების სახით წვიმდა, წვიმდა დედამიწაზეც და სავარაუდოდ, ამან უზრუნველყო ჩვენი პლანეტა სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის საშენი მასალით“, — ამბობს უილიამსი.
მისივე თქმით, აზოტის შემცველი კიდევ ერთი მოლეკულა „წინამორბედია იმისა, თუ როგორ აშენდება დნმ საბოლოოდ.
„ჩვენ მარსზე ვხედავთ სიცოცხლის საშენ მასალებს, პრებიოტურ ქიმიას, რომელიც ამ ქანებში მილიარდობით წლის განმავლობაშია შემორჩენილი“.
თუმცა, ვერცერთი ეს მოლეკულა ვერ ამტკიცებს სიცოცხლის არსებობას, ციცქნა მიკრობული ორგანიზმებისაც კი, რომლებიც ერთ დროს შეიძლება მარსზე არსებობდნენ.

ერთი გზა, რომლითაც ეს შეიძლება დადასტურდეს, არის მარსის ქანების დედამიწაზე ჩამოტანა და უფრო დეტალურად შესწავლა.
NASA-ს მავალმა Perseverance-მა სპეციალურ კაფსულებში უკვე შეაგროვა ქანების ნიმუშები სამომავლო მისიისთვის, რომელსაც მარსის ნიმუშების დაბრუნება (Mars Sample Return) უწოდეს.
თუმცა, აშშ-ის კონგრესში იანვარში გამართული კენჭისყრის შედეგად, ეს მისია გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, Curiosity-ს ექსპერიმენტები სხვა მისიებს ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მავალი როზალინ ფრანკლინი მარსისკენ 2028 წელს გაეშვება და აქვს Curiosity-ზე გაცილებით გრძელი ბურღი და შესაძლებლობები.
ქიმიური ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო აღჭურვილობა გააჩნია NASA-ს შვეულმფრენ Dragonfly-საც, რომელსაც ასევე 2028 წელე გაუშვებენ სატურნის მთვარე ტიტანისკენ.
კვლევა nature communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nasa.gov-ისა და Agence France-Presse-ის მიხედვით.