ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალს როზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქმევა
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მარსმავალს როზალინდ ფრანკლინის სახელი დაერქმევა

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) თავის ახალ „ეგზომარს“ მავალს როზალინდ ფრანკლინს დაარქმევს. როზალინდ ფრანკლინი ინგლისელი ბიოფიზიკოსი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა დნმ-ის სტრუქტურა.

მავალი წითელ პლანეტაზე 2021 წელს დაჯდება და მისი ზედაპირის შესწავლას დაიწყებს.

„მოწინავე მეცნიერი დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში, თავის სიმბოლურ კვალს 2021 წელს მარსზეც დატოვებს“, — ნათქვამია ესას განცხადებაში.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ, მავალი მარსზე წარსულში სავარაუდოდ არსებული სიცოცხლის ნიშნებზე ინადირებს. იგი გაბურღავს ზედაპირს და ქანებს შესაბამის ანალიზებს ჩაუტარებს იმის იმედით, რომ იპოვის ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა ერთ დროს იქ არსებულმა არამიწიერმა სიცოცხლემ დატოვა.

სახელი ექსპერტთა საბჭომ შეარჩია საჯაროდ შეთავაზებული ვერსიებიდან. ონლაინ-შეთავაზების კამპანია 2018 წლის აგვისტოში გაიხსნა და მასში მონაწილეობა ევროპის კოსმოსური სააგენტოს წევრ სახელმწიფოთა 36 000-მა მოქალაქემ მიიღო.

როზალინდ ფრანკლინი

„როზალინდ ფრანკლინი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მეცნიერებაში, მართლაც გასაოცარი იყო მისი წვლილი დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში. სიმბოლურია, რომ მისი სახელის მატარებელი რობოტი სიცოცხლის სამშენებლო ბლოკებს მარსზე მოძებნის, რაც მან დედამიწაზე გააკეთა“, — ამბობს გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტოს საერთაშორისო დირექტორი ელაის ბანი.

„ეს სახელი შეგვახსენებს, რომ კვლევა ადამიანის გენებში დევს. მეცნიერება ჩვენს დნმ-შია, ყველაფერში, რასაც ესაში ვაკეთებთ. მავალი „როზალინდი“ ამ სულს დაიჭერს და ყველა ჩვენგანს კოსმოსის კვლევის მწვერვალებზე აგვიყვანს“, — ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ესა) გენერალური დირექტორი იოჰან-დიტრიხ ვერნერი.

ფრენსის კრიკთან და ჯეიმს უოტსონთან ერთად, როზალინდ ფრანკლინი ცენტრალური ფიგურა იყო დნმ-ის აღმოჩენაში. თუმცა, მისი წვლილი ამ საქმეში, ისტორიამ სათანადოდ ვერ დააფასა. კრიკმა და უოტსონმა დნმ-ის კვლევისათვის 1962 წელს ნობელის პრემია მიიღეს, როზალინდი კი ყველამ მიივიწყა. 1990-იან წლებამდე მის სახელს ვერც სამეცნიერო წიგნებში ნახავდით. თუმცა, ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მისი ღვაწლის აღიარება ამ პიონერულ კვლევაში.

უკვე შერჩეულია ადგილიც, სადაც 2021 წელს მავალი დაჯდება. ეს რეგიონი ერთ დროს დიდი ტბით იყო დაფარული, რომელშიც სავარაუდოდ, სიცოცხლეც ყვაოდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თავის ინსტრუმენტებით „როზალინდი“ ამ სიცოცხლის კვალს იპოვის.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.