რასისტული განცხადებების გამო, „დნმ-ის მამას“ ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვეს
რასისტული განცხადებების გამო, „დნმ-ის მამას“ ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვეს

ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეიმს უოტსონი მსოფლიოს სამუდამოდ ემახსოვრება, როგორც „დნმ-ის მამა“. თუმცა, კაცობრიობა მას კიდევ ერთი რაღაცის გამო ვერ დაივიწყებს.

1962 წელს უოტსონმა დნმ-ის მოლეკულური სტრუქტურის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ მეცნიერად იქცა. თუმცა ახლახან, უოტსონს აკადემიური ტიტულები ჩამოართვეს. მიზეზი მისი აგრესიული რასისტული განცხადებებია, რის გამოც, მისი რეპუტაციის განადგურება ჯერ კიდევ ათი წლის წინ დაიწყო.

ბოლო რასისტული კომენტარები, რომლებიც უოტსონმა PBS-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში გააკეთა, უკვე საკმარისი აღმოჩნდა.

Cold Spring Harbor Laboratory (CSHL), რომელსაც უოტსონი ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მის განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება.

„დოქტორ უოტსონის განცხადებები სამარცხვინოა, არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან და არანაირად არ წარმოადგენს ჩვენს ხედვებს. ლაბორატორია გმობს მეცნიერების გამოყენებას ცრურწმენების გასამართლებლად“, — ნათქვამია ლაბორატორიის განცხადებაში.

ახალ დოკუმენტურ ფილმში უოტსონი აცხადებს, რომ შავკანიანებისა და თეთრკანიანების IQ ტესტების საშუალო მაჩვენებლები განსხვავებულია და ეს სხვაობა გენეტიკით არის გამოწვეული.

მსგავსი განცხადებები უოტსონს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. 2007 წელს, მან ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა განაცხადა, რომ აფრიკასთან მიმართებაში არსებითად უიმედოდ იყო განწყობილი, რადგან ყველა სოციალური პოლიტიკა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობები იგივეა, რაც ჩვენი, მაშინ, როცა ტესტები საპირისპიროს მეტყველებდა.

The Times-ის იმავე სტატიაში, უოტსონი აცნობიერებდა თავის განცხადებების სიმწვავეს, მაგრამ იქვე შენიშნავდა, რომ მის განცხადებებს დაემოწმებოდნენ ადამიანები, ვისაც შავკანიანებთან ერთად ოდესმე უმუშავიათ.

მოგვიანებით უოტსონმა მოიბოდიშა, მაგრამ საქმის გამოსწორება უკვე გვიანი აღმოჩნდა.

Cold Spring Harbor Laboratory-მ მას ყველა ადმინისტრაციული სტატუსი ჩამოართვა და მხოლოდ საპატიო ფიგურის სტატუსი დაუტოვა მეცნიერებაში მანამდე შეტანილი წვლილისთვის. ამჯერად, უკანასკნელი ჯილდოების ჯერიც დადგა და ბოლო განცხადებების გამო, ლაბორატორიამ უოტსონს ყველანაირი საპატიო ტიტულიც ჩამოართვა.

2014 წელს საქმე იქამდეც მივიდა, რომ რასისტული განცხადებების გამო შექმნილმა სიტუაციამ უოტსონი იძულებული გახადა, ნობელის პრემია გაეყიდა.

თუმცა, პატივისცემის ნიშნად, მყიდველმა ჯილდო კვლავ უოტსონს დაუბრუნა.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი