სატურნის მთვარე ენცელადზე კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს
სატურნის მთვარე ენცელადზე კომპლექსური ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს

მარილიანი წყლის ჭავლები, რომლებიც სატურნის ყინულოვან მთვარე ენცელადზე იფრქვევა, სიცოცხლისათვის საჭირო ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს შეიცავს — ნახშირბადით მდიდარ ვრცელ ორგანულ მოლეკულებს.

როგორც ეს აღმოჩენა გვთავაზობს, ენცელადის ოკეანის ზედა ფენა მდიდარი უნდა იყოს ორგანული ნაერთებით, ზუსტად ისე, როგორც დედამიწის ოკეანის ზედაპირის მიკროფენაა.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ჰიპოთეზას, რომ ენცელადის ყინულოვანი საფარის სიღრმეში შესაძლოა, წყლის მარტივი სიცოცხლე ყვაოდეს, ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო.

სატურნის მთვარეზე მარტივი ორგანული მოლეკულები წარსულშიც აღმოაჩინეს, მაგრამ მათი ატომური მასა 50-ს ქვემოთ იყო და შეიცავდა ნახშირბადის მხოლოდ რამდენიმე ატომს.

„ენცელადმა ყველა კიდევ ერთხელ გაგვაოცა. აღმოვაჩინეთ ორგანული მოლეკულები, რომელთა ატომური მასაც 200-ს აღემატება. ეს მეთანზე ათჯერ მძიმეა“, — ამბობს გეოქიმიკოსი და პლანეტარული მეცნიერი კრისტოფერ გლაინი.

მისი თქმით, თხევადი წყლის ოკეანითა და მასში არსებული ორგანული მოლეკულებით, ეს მთვარე დედამიწის შემდეგ ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში, რომელიც სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ მზიდან ასე შორს მდებარე ენცელადი, რომელიც ყინულის სქელი ქერქით არის დაფარული — ძალიან შეუფერებელი ადგილი იყოს არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად. მაგრამ სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა.

შარშან, NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მონაცემებმა გამოავლინა, რომ ენცელადის ზედაპირიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები შეიცავს მოლეკულურ წყალბადს. ეს უკანასკნელი კი ის შესაძლო წყაროა, რომლის საშუალებითაც, ჰიდროთერმული პროცესების შედეგად ოკეანის წყლის ქანებთან ურთიერთქმედებს.

იგივე პროცესი მიმდინარეობს დედამიწაზე, ჰიდროთერმული ღრმულების გარშემო. ჰიდროთერმული ღრმულები არის ოკეანის ფსკერზე არსებული ვულკანური ხვრელები, რომლებიც მიმდებარე წყალში სითბოს გააფრქვევენ.

დედამიწის ჰიდროთერმულ ღრმულებამდე როგორც წესი, სიცოცხლის მიმნიჭებელი მზის სხივები ვერ აღწევს. სწორედ მზის სინათლე წარმართავს ფოტოსინთეზს, რომელზეც არის დამოკიდებული დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების აბსოლუტური უმრავლესობა.

ენცელადის სტრუქტურა

მაგრამ ხვრელებიდან ამოსული სითბო იწვევს სხვანაირ პროცესს — ქემოსინთეზს. ღრმულების გარშემო არსებული ბაქტერიები იყენებენ ქიმიურ ენერგიას, მაგალითად, რეაქციას ღრმულიდან ამოსულ წყალბადის სულფიდსა და ზღვის წყლის ჟანგბადს შორის. ამ რეაქციის შედეგად, წარმოიქმნება ბაქტერიებისათვის საჭირო საკვები.

„წყალბადი წარმოადგენს ქიმიური ენერგიის წყაროს, რომელიც ასულდგმულებს დედამიწის ჰიდროთერმული ღრმულების ბინადარ მიკრობებს. მას შემდეგ, რაც აღმოაჩენ მიკრობთათვის საჭირო საკვების პოტენციურ წყაროს, ისმის შემდეგი შეკითხვა — როგორია ოკეანეში კომპლექსურ ორგანულ ნაერთთა ბუნება? ეს კვლევა წარმოადგენს ამ საკითხში გარკვევის გზაზე გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯს. ირკვევა, რომ ენცელადის ორგანული ქიმიის კომპლექსურობა ჩვენს მოლოდინებს სცდება!“, — ამბობს კასინის ჯგუფის წევრი, ფიზიკოსი ჰანტერ ვეიტი.

წყლის ჭავლები ენცელადზე

 

მოლეკულები NASA-ს ხომალდმა „კასინიმ“ მანამ დააფიქსირა, სანამ შარშან სექტემბერში განზრახ გაანადგურებდნენ სატურნის ატმოსფეროში.

კასინის სხვადასხვა ხელსაწყოებმა ანალიზები ჩაუტარა როგორც ენცელადის წყლის ჭავლებს, ისე სატურნის ყველაზე გარე E რგოლს. ენცელადი სწორედ ამ რგოლის სიახლოვეს მოძრაობს. იგი წარმოქმნილია ამ მთვარის (ენცელადი) გრავიტაციას გაქცეული ნაწილაკებისაგან.

შესაძლებელია, რომ სამომავლოდ, ჭავლებში ჩასასვლელად ახალი ხომალდი გაუშვან. იგი აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი გარჩევადობის მასის სპექტრომეტრითა და უფრო მოწინავე ტექნოლოგიებით, რათა ორგანულ მოლეკულებს უფრო დეტალური ანალიზები ჩაუტაროს.

ამასობაში, მეცნიერები აქტიურად სწავლობენ ჰოდროთერმულ ღრმულებს აქ, დედამიწაზე. მათ შესახებ ატარებენ მრავალ ექსპერიმენტს, რათა გარკვეული წარმოდგენა მაინც შეექმნათ, თუ როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლე ენცელადზე.

სატურნის ყინულოვან მთვარეზე სიცოცხლის შესაძლებლობის ანდაც მისი პოვნის მიზნით, არსებობს მრავალი სხვადასხვა ხომალდის გაგზავნის გეგმა. მაგრამ სამწუხაროდ, მუშაობა ჯერ არც ერთ მათგანზე არ მიმდინარეობს და ნებისმიერ ასეთ მისიამდე მრავალი წელი გვაშორებს, საერთოდ თუ შედგა ოდესმე.

თუმცა, რაც უფრო მეტად სწავლობენ მეცნიერები კასინის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს, ეს მთვარე სულ უფრო დამაინტრიგებელი ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ მისია დასრულდა და კასინი აღარ არსებობს, ეს ციცქნა ხომალდი დღემდე განაგრძობს ჩვენს გაოცებას და მრავალ ახალ ცნობას გვაწვდის ენცელადის იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ამ მთვარეს ასტრობიოლოგიის დარგის გაფართოებაში აქვს“, — აღნიშნავს გეოქიმიკოსი და პლანეტარული მეცნიერი კრისტოფერ გლაინი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი