ენცელადიდან ამოფრქვეულ გეიზერებში სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ენცელადიდან ამოფრქვეულ გეიზერებში სიცოცხლისთვის საჭირო ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

სატურნის თანამგზავრი ენცელადი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. თითქოს ჩაკარგულია პლანეტის რგოლებსა და სხვა მთვარეებს შორის.

თუმცა, როგორც მზის სისტემის სხვა მრავალი სხეულის საფუძველზე ვიცით, გარეგნობა შეიძლება სატყუარა იყოს. ენცელადი იმაზე მეტ რამეს მალავს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ახალი ანალიზების მიხედვით, ამ ყინულოვან მთვარეზე იმაზე მეტი ორგანული მოლეკულაა, ვიდრე წინა აღმოჩენები მიუთითებდა.

სატურნის სისტემაში გაგზავნილი კასინის მისიის მონაცემების დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ არსებული ოკეანიდან ამოფრქვეული თხევადი წყლის გეიზერებში არის ისეთი მოლეკულები, როგორებიცაა მეთანოლი, ეთანი და მოლეკულური ჟანგბადი.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ცნობილია, ენცელადის გლობალურ ოკეანეში შეიძლება არსებობდეს გარკვეული სახის ბიოქიმიისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები, ანდაც საერთოდ მიკრობები. ეს ყველაფერი კიდევ მეტ მხარდაჭერას მატებს მოწოდებას, რომ ენცელადზე სპეციალური მისია გაიგზავნოს არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ენცელადზე არის მრავალფაზიანი და შემადგენლობით მრავალფეროვანი ქიმიური გარემო, რომელიც შესაფერისია სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ზედაპირქვეშა ოკეანისთვის. აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებები ასევე მიუთითებს, რომ ეს ოკეანე ასევე შეიძლება შეიცავდეს იმ აუცილებელ საშენ მასალებს, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის აღმოცენებისთვის მნიშვნელოვანი ნაერთების სინთეზისთვის“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტისა და NASA-ს ასტრობიოლოგი იონა პიტერი ხელმძღვანელობდა.

ენცელადის შესახებ ძირითადად კასინის მისიისგან ვიცით, რომელიც სატურნს და მის თანამგზავრებს 2004-2017 წლებში იკვლევდა. ამ ციცქნა, ყინულოვანი მთვარის შესახებ იქამდე ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა, ამ ხომალდმა ენცელადის ყინულოვან ზედაპირზე არსებული ნაპრალებიდან ამოფრქვეული გეიზერები დააფიქსირა, მათში გაიფრინა და ცხადყო, რომ ამ ყინულების ქვეშ თხევადი წყლის ოკეანე იმალებოდა.

კასინის ინსტრუმენტის, იონური და ნეიტრალური მასური სპექტრომეტრის (INMS) მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ამ გეიზერებში არის ორგანული მოლეკულები — წყალი, ნახშირორჟანგი, მეთანი, ამიაკი და მოლეკულური წყალბადი.

თუმცა, INMS-ს მასის დაბალი რეზოლუცია აქვს, რაც ნაკლებად წარმოდგენილ ნაერთთა იდენტიფიცირებას ართულებს, რადგან არსებობს მონაცემებთან შესაბამისობის შესაძლო კომბინაციათა საკმაოდ ფართო სპექტრი. ამიტომ, ჭავლების სრული შემადგენლობითი სპექტრი ღია საკითხად რჩებოდა.

პიტერმა და მისმა კოლეგამ, NASA-ს პლანეტურმა მეცნიერმა და ასტრობიოლოგმა ტომ ნორდჰაიმმა IMNS-ის მონაცემები კიდევ ერთხელ დაამუშავეს.მათ სტატისტიკური მოდელირებით შეადარეს მასის ცნობილ სპექტრთა ფართო საცავს, რათა დაედგინათ, რას შეიძლება წარმოექმნა ის მახასიათებლები, რომლებიც კასინის მონაცემებში ჩანდა.

შედეგებმა დაადასტურა წინა აღმოჩენები და ასევე გამოავლინა სხვა ორგანულ მოლეკულათა ფართო კრებულიც, მათ შრის წყალბადის ციანიდი, აცეტილენი და პროპილენი; სწორედ ეს ნაერთები იყო ჩართული პრებიოტურ ქიმიაში — ქიმიაში, რომელმაც სიცოცხლის აღმოცენება განაპირობა.

არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ენცელადს აქტიური ჰიდროთერმული გარემო აქვს. სატურნის ორბიტაზე მოძრაობისას, პლანეტის გრავიტაცია მას კუმშავს და ჭიმავს, რაც მის წიაღს აცხელებს. ეს თერმული ენერგია შეიძლება გამოვიდეს ოკეანის ფსკერზე არსებული ხვრელებიდან, რაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის მზისგან ასე შორსაც კი. ცნობილია, რომ ასე ხდება ჩვენთან, დედამიწაზეც, ოკეანეების სიღრმეში.

ამ მომენტისთვის არ ვიცით, ნიშნავს თუ არა მეცნიერთა მიერ აქამდე დაფიქსირებული ნიშნები იმას, რომ ენცელადზე სიცოცხლე არსებობს. შეიძლება, ეს მხოლოდ მოლეკულათა კრებული იყოს, შემთხვევით მიმოფანტული. საბედნიეროდ, მეცნიერებს ლაბორატორიულ ექსპერიმენტთა ჩატარება შეუძლიათ, რაც კიდევ უფრო დაავიწროებს ენცელადზე სიცოცხლის არსებობის საკითხს. თუმცა, ამის დაზუსტებით გარკვევის ერთადერთი გზა კვლევების გაგრძელებაა.

ამჟამად არსებობს ენცელადის რამდენიმე შეთავაზებული მისია, მაგრამ ჯერ არცერთი არ დამტკიცებულა. მიუხედავად ამისა, მტკიცებულების ყველა წვეთს სულ უფრო ახლოს მოვყავართ ამ უცნაური მთვარის მონახულებასთან, რათა საბოლოოდ ვნახოთ, ყვავიან თუ არა იქ არამიწიერი ბაქტერიები.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს მდიდარი, ქიმიურად მრავალფეროვანი გარემოს არსებობაზე, ისეთზე, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს კომპლექსურ ორგანულ სინთეზს და იქნებ სიცოცხლის აღმოცენებასაც“, — წერენ მკვლევრები.

ვინ იცის…

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.