ჯუჯა პლანეტა ცერერაზე იმაზე მეტი ორგანული მოლეკულაა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ
ჯუჯა პლანეტა ცერერაზე იმაზე მეტი ორგანული მოლეკულაა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე ორგანული მოლეკულები იმაზე უხვადაა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ.

შარშან, NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Dawn-მა ცერერას ზედაპირზე ორგანული ნივთიერებები, კონკრეტულად კი ნახშირბადზე დაფუძნებული ნაერთები აღმოაჩინა. ამაღელვებელმა აღმოჩენამ წარმოშვა შესაძლებლობა, რომ ცერერა შეიძლება, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს ან უფრო მეტიც — ამ კლდოვან სხეულზე ოდესღაც უკვე არსებობდა სიცოცხლე.

მისიის მიერ შეგროვებული მონაცემების ახალი ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ცერერას ზედაპირზე არსებული ორგანული ნივთიერებები ამ მოლეკულებს საკმაოდ დიდი ოდენობით შეიცავს.

ახალი ანალიზები მხოლოდ ორგანულ ნივთიერებათა სიუხვეზე როდი მიუთითებს; ასევე წარმოშობს დამატებით კითხვებს, მაგალითად, საიდან მოდის ეს ორგანული მოლეკულები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანული მოლეკულების არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ პლანეტეზე სიცოცხლე არსებობს ან ოდესმე არსებობდა. ორგანული ნივთიერებები შეიძლება, წარმოქმნილი იყოს ზედაპირზე მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შედეგად, ანდაც მოტანილი იყოს მეტეორიტთა მიერ. ამ საკითხზე მეცნიერები აქტიურად მუშაობენ.

ორგანული ნივთიერებები ცერერაზე მკვლევრებმა პირველად Dawn-ის ხილული და ინფრაწითელი სპექტრომეტრის გამოყენებით აღმოაჩინეს. მაშინ ივარაუდეს, რომ სპექტრული სიგნალის 6-10 პროცენტი ორგანულ ნაერთებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

თუმცა, ახალი ანალიზების შედეგად დგინდება, რომ ორგანულ ნივთიერებებთანაა დაკავშირებული სპექტრული სიგნალის 40-50 პროცენტი. წინა შეფასებასთან შედარებით, განსხვავება მართლაც შთამბეჭდავია.

ასეთ დასკვნამდე მკვლევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხომალდ Dawn-ის მიერ შეგროვებული მონაცემები შეადარეს კოსმოსიდან მოსულ (მეტეორიტების მიერ მოტანილ) ორგანულ ნივთიერებათა მონაცემებს.

კვლევის ავტორის, ჰანა კაპლანის განცხადებით, ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცერერასთვის, არამედ სამომავლო მისიებისთვისაც, რომლებმაც ორგანულ ნივთიერებათა შემცველი ასტეროიდები უნდა გამოიკვლიონ.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.