სატურნის მთვარეების საოცარი ფოტოები, რომლებიც შეიძლება, ნანახი არ გქონდეთ — #1tvმეცნიერება
სატურნის მთვარეების საოცარი ფოტოები, რომლებიც შეიძლება, ნანახი არ გქონდეთ — #1tvმეცნიერება

სატურნის ხსენებაზე დიდებული, რგოლებიანი პლანეტა წარმოგვიდგება, მაგრამ მზის სისტემის ეს გიგანტი მხოლოდ ამით როდია გამორჩეული.

სატურნის მიმდებარე სივრცე მისი ბუნებრივი თანამგზავრებით, ანუ მთვარეებით არის გადაჭედილი. ამ დროისათვის აღმოჩენილია სატურნის 156 მთვარე. 2004-2017 წლებში, სატურნის გარშემო მოძრაობდა და მის სისტემას იკვლევდა ხომალდი „კასინი“, რომელმაც წლების განმავლობაში, მის მთვარეებს მრავალი ფოტო გადაუღო.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს, მისიის დასრულებისას NASA-მ კასინი მიზანმიმართულად ჩაძირა სატურნის ატმოსფეროში, დაგვრჩა მის მიერ გადაღებულ ფოტოთა ვრცელი კატალოგი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულები ისინია, სადაც თავად პლანეტა არ ჩანს — სანაცვლოდ მოჩანს მისი რგოლები და ახლომდებარე მთვარეები.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, სატურნის ოთხი მთვარე ჩანს.

სატურნის მთვარეები

უკანა ფონზე, რგოლებს მიღმა, მოჩანს ტიტანი — მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი სხეული. ის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი მთვარეა, რომელსაც სქელი ატმოსფერო აქვს; ამ ატმოსფეროს მიღმა, ტიტანის ზედაპირზე, თხევადი მეთანის ტბებია, რომელშიც შეიძლება, ორგანული მოლეკულებიც იყოს. მეცნიერთა აზრით, ამ ტბებს ქვეშ, ტიტანის ქერქის დაბლა, შეიძლება წყლის და ამიაკის გლობალური ოკეანე იმალებოდეს.

ტიტანის წინ მოჩანს მთვარე დიონა; მისი ზედაპირი გამოირჩევა ყინულოვანი ქერქის ტექტონიკური დანაწევრების შედეგად წარმოქმნილი კლდეებით; მეცნიერთა აზრით, დიონას ყინულოვანი ქერქის ქვეშაც მლაშე წყლის ოკეანე იმალება.

დანარჩენი ორი მთვარე გაცილებით პატარაა. უკიდურეს მარჯვენა მხარეს,F რგოლის გარეთ მოჩანს პანდორა. სწორედ მისი წყალობით არის წარმოქმნილი რგოლების ვრცელი სისტემის ყველაზე გარე, თხელი რგოლი.

თუკი მარცხენა მხარეს დააკვირდებით, რგოლების სისტემაში ნაპრალს დაინახავთ. ეს ენკის ნაპრალია, რომელიც სატურნის დიდ A რგოლს ყოფს ორად და ეს ნაპრალი წარმოქმნილია მთვარე პანის მიერ, რომელიც სატურნის ყველაზე შიდა, ერთი ციცქნა მთვარეა.

სატურნის მთვარეთა სხვა გამორჩეულ ფოტოებს შორის არის ე. წ. ოჯახური პორტრეტი, რომელზეც მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით მოჩანან: იანუსი, პანდორა, ენცელადი, მიმასი, რეა. მოჩანს სატურნის რგოლების კიდეც.

შემდეგ ფოტოზე რგოლებს უკან მოჩანს ტიტანი თავის დაბინდული ატმოსფეროთი, რომელსაც მზის სინათლე ანათებს. წინ ენცელადი ჩანს — მზის სისტემის ის ერთ-ერთი სხეული, რომელზეც ყველაზე დიდი ალბათობით შეიძლება არსებობდეს არამიწიერი სიცოცხლე, ოღონდ მისი სქელი ყინულოვანი ქერქის ქვეშ დამალულ გლობალურ ოკეანეში.

კასინის მიერ გადაღებული ფოტოების არქივი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.