გამოთხოვება სატურნთან - კასინის უკანასკნელი ფოტოების მოზაიკა
გამოთხოვება სატურნთან - კასინის უკანასკნელი ფოტოების მოზაიკა

როდესაც სამუდამოდ ეთხოვებოდა პლანეტას, რომელიც 13 წელიწადზე მეტხანს იყო მისი სამშობლო, ხომალდმა „კასინიმ“ სატურნსა და მის დიდებულ რგოლებს გადაუღო ერთი უკანასკნელი, საკმაოდ რთული კადრი; ამ დროს ის უანასკნელ გზაზე მიემართებოდა და ფოტოების მთელ სერიას იღებდა, რომლებიც შემდეგ მოზაიკად ააწყვეს.

2017 წლის 13 სექტემბერს, კასინის ფართოკუთხიანმა კამერამ გადაიღო 42 წითელი, მწვანე და ლურჯი ფოტო, სრულად დაფარა პლანეტა და მისი რგოლები ერთი ბოლოდან მეორემდე. ვიზუალიზაციაზე მომუშავე მეცნიერებმა ამ კადრებს ერთად მოუყარეს თავი, რათა საბოლოოდ, ბუნებრივი ფერის ხედი მიეღოთ. სცენა ასევე მოიცავს სატურნის მთვარეებს — პრომეთეს, პანდორას, იანუსს, ეპიმეთეს, მიმასსა და ენცელადს.

ამ მისიის დასასრული მრავალი რამის გამოა დასამახსოვრებელი და ღირსშესანიშნავი. სატურნისა და მისი გარემოს კასინისეული კვლევა იყო ღრმა, ყველმხრივი და ისტორიული.

„კასინის სამეცნიერო გულუხვობა ნამდვილად მომაჯადოებელი იყო — ახალ მონაცემთა ვრცელმა წყებამ ჩვენ წინაშე გადაშალა მრავალი ახალი ცნობა თუ სიურპრიზი, რგოლების ციცქნა ნაწილაკებიდან დაწყებული, ტიტანისა და ენცელადის ახალი ლანდშაფტებითა და თავად სატურნის ღრმა ინტერიერით დამთავრებული“, — აღნიშნავს რობერტ ვესტი, კასინის ფოტოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში.

კასინის ფოტოგრაფიის ჯგუფი სატურნთან გამოთხოვების ამ განსაკუთრებულ ხედს წლების განმავლობაში გეგმავდა. და მართლაც, როდესაც აღსასრული ბოლოსდაბოლოს მოვიდა, გამომშვიდობება მართლაც რთული აღმოჩნდა.

„ძალიან მარტივი იყო სატურნის სისტემიდან ფოტოების მიღება თითქმის ყოველდღიურად; ვხედავდით ახალ ადგილებს, ვუყურებდით, როგორ იცვლებოდა საგნები. ამ ყველაფერთან გამოთხოვება მართლა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ შეხედეთ, რამდენად იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ ამ ყველაფერს კასინის თვალებით ვხედავდით!“, — ამბობს კასინის ფოტოგრაფიის ჯგუფის წევრი ელიზაბეთ თართლი.

სხვებისთვის, სატურნთან კასინის გამოთხოვება დიდი ხნის წინ მომხდარი სხვა მოვლენის გახსენება იყო.

„პირადად ჩემთვის, მთელი 37 წლის განმავლობაში, სატურნისთვის ვოიაჯერ 1-ის მიერ გადაღებული უკანასკნელი ხედი ყველაზე სამახსოვორ ფოტო იყო, რაც კი ოდესმე გადაღებულა მზის სისტემის კვლევისას“, — ამბობს ვოიაჯერის ფოტოგრაფიის ყოფილი ჯგუფის წევრი და კასინის ფოტოგრაფიის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კაროლინ პორკო.

„იგივე განწყობით, „გამოთხოვება სატურნთან“ სამარადისოდ იქნება დრამატული დასკვნა და შემახსენებელი იმ საუცხოო დროისა, რომელიც კაცობრიობამ ჩვენი მზის საკულტო პლანეტარულ სისტემას მიუძღვნა“.

1997 წელს გაშვებული კოსმოსური ხომალდი „კასინი“ სატურნის ორბიტაზე 2004-2017 წლებში მოძრაობდა. მისიამ გააკეთა მრავალი დრამატული აღმოჩენა. მათ შორის აღსანიშნავია თუნდაც მოულოდნელი გეოლოგიური აქტივობა სატურნის მთვარე ენცელადზე და თხევადი მეთანის ზღვები სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე. კასინიმ მისია 2017 წლის 15 სექტემბერს დაასრულა, როდესაც სამუდამოდ ჩაეშვა და დაიწვა სატურმის ატმოსფეროში.

არსებობის უკანასკნელ წამებამდე, კასინი დედამიწაზე უნიკალურ სამეცნიერო მონაცემებს აგზავნიდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით

 

დატოვე კომენტარი