სატურნის მთვარე ენცელადს სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს
სატურნის მთვარე ენცელადს სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს

სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილ ფორმას სულ სამი რამ სჭირდება: ენერგია, წყალი და ქიმია.

როგორც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ სატურნის სისტემაში მისიის ბოლო წლებში დაამტკიცა, რგოლებიანი პლანეტის ყინულოვან მთვარე ენცელადს ყველა მათგანი აქვს.

სატურნის შემოგარენის კვლევისას, „კასინის“ სენსორებმა დააფიქსირა გაზის გეიზერები, რომლებიც ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან იფრქვეოდა. ეს ჭავლები შეიცავს ნახშირორჟანგს, ამიაკს და ისეთ ორგანულ ნაერთებს, როგორიცაა მეთანი.

რაც ყველაზე გადამწყვეტია, ჭავლები ასევე შეიცავდა მოლეკულურ წყალბადს — ერთმანეთთან გადაბმულ წყალბადის ორ ატომს, რომელიც დედამიწაზე მიკრობთა სამეფოს მთავარი სამჭედლოა ენერგიის მისაღებად.

ენცელადის ყინულის სქელი საფარის ქვეშ გაწოლილია თხევადი წყლის ოკეანე. თუმცა, ძალიან მწირადაა წარმოდგენილი ჟანგბადი. სიღრმეში სრული წყვდიადია, რადგან ენცელადის ყინულოვანი საფარი მზის სინათლის 90%-ს უკან ირეკლავს.


მიუხედავად ზედაპირის უკიდურესად დაბალი ტემპერატურისა, მიჩნეულია, რომ ფსკერზე წყალი 90 °C-ს უნდა აღწევდეს.

რაც არ უნდა სასტიკი იყოს ენცელადის გარემო, ბოლო ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ენცელადზე სრულიად შესაძლებელია დედამიწაზე არსებულის მსგავსი ორგანიზმების არსებობა.

ახლახან ავსტრიელ და გერმანელ მკვლევართა ჯგუფმა ლაბორატორიულ პირობებში ენცელადის გარემოს სიმულირება მოახდინა. გაირკვა, რომ იქ არსებობა თავისუფლად შეუძლიათ მიკრობთა იმ კოლონიებს, რომლებიც დედამიწაზე ოკეანეების სიღრმეებში, ჰიდროთერმულ ღრმულებთან ყვავის.

„ენცელადის გარემოს შექმნა ლაბორატორიაში ვცადეთ“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარი სიმონ რიტმენი, რომელიც არქეების სახელით ცნობილ მიკრობებს სწავლობს.

არქეები მიკროსკოპული, ერთუჯდრედიანი ორგანიზმებია. თუ გავადიდებთ, ვნახავთ, რომ ისინი ბაქტერიებს ჰგვანან. მიუხედავად ამისა, არქეებს ცხოვრების თავისი წესი აქვთ — ისინი ადამიანებთანაც ისე ახლო კავშირში არიან, როგორც ბაქტერიებთან.

ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლები. ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო

ჰიდროთერმული ღრმულების სიახლოვეს, იქ, სადაც მზის სინათლე ვერ აღწევს, მათ მხოლოდ ქიმიური საკვები ასაზრდოებს.

ენცელადის გარემოს სიმულირების მიზნით, რიტმენმა და მისმა კოლეგებმა რამდენიმე დიდი კამერა ააგეს. ყოველი მათგანის რეცეპტში შედიოდა მოლეკულური წყალბადი.

ასტროფიზიკოსთა ვარაუდით, წყალბადის ამ მოლეკულებს წარმოქმნის პროცესი, რომელსაც უწოდებენ სერპენტინიზაციას (ქიმიური რეაქცია ენცელადის კლდოვან ბირთვსა და ოკეანის ცხელ წყალს შორის).

ენელადის გარემოს გაურკვევლობის ზუსტად ასახვისთვის, მეცნიერები ცვლიდნენ ორგანიზმებისთვის ხელმისაწვდომი მოლეკულური წყალბადის ოდენობას. მათ ასევე შეცვალეს pH — წნევისა და გაზის კონცენტრაცია სატესტო ჰაბიტატში.

„ვცადეთ, რაც შეიძლება ფართო ვყოფილიყავით ვარაუდებში. არავის შეუძლია დაზუსტებით იმის თქმა, მართლაც ასეთი გარემოა თუ არა ენცელადის ყინულის საფარს მიღმა. თუმცა, გამოვიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე“, — ამბობს რიტმენი.

ენცელადის გარემოში კვლევა ჩაუტარეს არქეის ერთ-ერთ სახეობა Methanothermococcus okinawensi-ს.

ეს ორგანიზმი მეცნიერებმა იაპონიის კუნძულ ოკინავას სიახლოვეს, ჰიდროთერმული ხვრელების სისტემასთან აღმოაჩინეს, ზღვის დონიდან 914 მეტრის სიღრმეში. ნახშირბადის წყაროდ M. okinawensi ნახშირორჟანგს იყენებს, ენერგიისთვის კი მოლეკულურ წყალბადს. სავარაუდოდ, ასევე უნდა იქცეოდნენ ენცელადის მიკრობები.

M. okinawensi არა მხოლოდ გადაურჩა მკვლევართა მიერ შექმნილ მრავალ სხვადასხვა გარემოს, მათ შორის უმაღლეს წნევას, არამედ ზრდასთან ერთად, არქეამ მეთანიც გამოყო.

როგორც მეცნიერები კვლევაში ასკვნიან, ის ფაქტი, რომ ენცელადზე წარმოდგენილია მეთანი, შეიძლება ახსნას სწორედ ასეთი ორგანიზმების არსებობამ.

თუმცა, არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორიც. „კასინიმ“ ენცელადზე დააფიქსირა ფორმალდეჰიდი, რომელსაც შეუძლია სასიცოცხლო ციკლი მოუშალოს ყველაზე მტკიცე არქეებსაც კი.

M. okinawensi-ს შეუძლია გადაურჩეს ფორმალდეჰიდის გარკვეულ კონცენტრაციას, მაგრამ ნაწილობრივ, გარკვეულ მომენტებში. მან ზრდა ვერ შეძლო ფორმალდეჰიდთა ძალიან მაღალი კონცენტრაციის პირობებში.

კვლევა ასევე უშვებს, რომ ენელადზე არსებობს ჰიდროთერმული სისტემა. თუმცა, რიტმენის განცხადებით, ეს მაინც ვარაუდად რჩება.

„არ გაგვაჩნია ამ სისტემების მტკიცებულება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ენცელადზე მეთანის არსებობის ასახსნელად, ბიოლოგია აუცილებელი არაა. ამ აირის წარმოქმნა არაბიოლოგიურ პროცესებსაც შეუძლია“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის მკვლევარი სიმონ რიტმენი.

მისივე თქმით, ყველაზე საჭირო ნაბიჯია იმ ბიომარკერთა იდენტიფიცირება, რომლებიც მზის სისტემის სხვადასხვა სხეულის ღრმა და ბნელ ზღვებში არსებული სიცოცხლის მანიშნებელი იქნება.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ენცელადიდან ამოფრქვეული წყლის ჭავლები. გრაფიკული გამოსახულება

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი