ენცელადზე არამიწიერი სიცოცხლის ძებნის მისიის გაგზავნა NASA-ს შეიძლება კერძო კომპანიამ დაასწროს
ენცელადზე არამიწიერი სიცოცხლის ძებნის მისიის გაგზავნა NASA-ს შეიძლება კერძო კომპანიამ დაასწროს

კერძო დაფინანსების მქონე ჯგუფმა შეიძლება NASA-ს დაასწორს სატურნის მთვარე ენცელადზე სიცოცხლის ძებნა.

Breakthrough Initiatives არის პროგრამა, რომელსაც ტექნოლოგიების ინვესტორი, მილიარდერი იური მილნერი აფინანსებს. მისი მთავარი მიზანია არამიწიერი სიცოცხლის ძიება და კოსმოსის კვლევის ხელშეწყობა. პროგრამა განიხილავს მისიის გაშვებას, რომელმაც უნდა გაიფრინოს ენცელადის სამხრეთ პოლუსის რეგიონში ამოტყორცნილი წყლისა და სხვა ნივთიერებების ჭავლში. ამის შესახებ მილნერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა The Economist magazine-ის მიერ ჩატარებულ გლობალურ კოსმოსურ სამიტ A New Space Age-ზე გამოსვლისას.

წყლის ჭავლი და მისი წარმომქმნელი 100-მდე გეიზერი NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“ 2005 წელს აღმოაჩინა. კასინის მიერ ჩატარებულმა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს გეიზერები ამოიფრქვევა ენცელადის მლაშე, თხევადი ოკეანიდან, რომელიც მთვარის 504 კმ სიგანის ყინულის ქერქის ქვეშაა ჩამარხული. სავარაუდოდ, ამ ოკეანეში სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობებია.

ამ ჭავლების მეშვეობით, შესაძლებელია ოკეანის ნიმუშების აღება ენცელადზე დაჯდომის გარეშე. სატურნის ეპიკური მისიის ფარგლებში, კასინიმ რამდენჯერმე გაიარა ენცელადის ჭავლებში, საბოლოოდ კი 20-წლიანი მისია 2017 წლის 15 სექტემბერს დაასრულა სატურნში ჩაყვინთვითა და დაწვით. სამწუხაროდ, კასინი აღჭურვილი არ ყოფილა სიცოცხლის ნიშნების დაფიქსირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებით. შესაბამისად, ასტრობიოლოგებს ძალიან სურთ ახალი მისიის განხორციელება.

იური მილნერი ენთუზიასტია, რომელმაც უკვე 100 $ მილიონი დახარჯა გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროგრამა Breakthrough Listen-ზე; გარდა ამისა, ასევე 100 $ მლნ დახარჯა ვარსკვლავთშორისი ფრენის პროექტ Breakthrough Starshot-ზე, რომელშიც სახელგანთქმული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგიცაა ჩართული და ითვალისწინებს ხომალდის გაგზავნას მზის სისტემის უახლოეს ეგზოპლანეტა პროქსიმა b-ზე, რომელიც შარშან აღმოაჩინეს.

„ამ იდეის გარშემო მცირე ვორკშოპიც ჩავატარეთ. შეგვიძლია თუ არა დავაპროექტოთ დაბალფასიანი, კერძო დაფინანსების მქონე მისია ენცელადისკენ, რომელიც შედარებით მალე გაეშვება, მის მიერ ამოტყორცნილ ჭავლებში გაივლის და შეეცდება გაარკვიოს რა ხდება სინამდვილეში? შეგვიძლია თუ არა ეს ყოველივე დავასწროთ NASA-ს, რომელიც ჯერ მხოლოდ ახლა განიხილავს უფრო ძვირადღირებულ მისიას და რომლის გაშვებასაც ალბათ 10 წელი დასჭირდება?“, — აღნიშნა მილნერმა.

NASA-ს ეს შესაძლო მისია უნდა განხორციელდეს სააგენტოს პროგრამა New Frontiers-ის ფარგლებში, რაც დაახლოებით 1$ მილიარდი დაჯდება. პროგრამა 2020-იანი წლების შუაში გაეშვება; დანიშნულების ადგილად სააგენტო ამჟამად 12 კანდიდატს განიხილავს, მაგრამ სავარაუდოდ, მისია ფოკუსირებული იქნება ენცელადზე.

წლის ბოლომდე, ამ სიას NASA რამდენიმე ფინალისტამდე შეამცირებს, საბოლოოდ შერჩეულ მისიას კი 2019 წელს გამოაცხადებს.

ენცელადის შესაძლო მისიის შესახებ მილნერს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, მაგალითად, ღირებულებასა და ხანგრძლივობაზე. მისი თქმით, ორგანიზაცია ამჟამად განხილვის აქტიურ ფაზაშია.

„რამდენად შევძლებთ, ისტორიაში პირველ კერძო პლანეტათშორისი მისიის დაპროექტებასა და გაშვებას? ახლა სწორედ ამის შესახებ ვფიქრობთ“, — ამბობს მილნერი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით