ექსპერტთა საბჭო NASA-ს ურანზე მისიის გაგზავნის ძლიერ რეკომენდაციას აძლევს და შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებს სთავაზობს — #1tvმეცნიერება
ექსპერტთა საბჭო NASA-ს ურანზე მისიის გაგზავნის ძლიერ რეკომენდაციას აძლევს და შემდეგი ათწლეულის პრიორიტეტებს სთავაზობს — #1tvმეცნიერება

პლანეტა ურანი რატომღაც მეცნიერების მხრიდან უგულებელყოფილია. სხვადასხვა დროს, ზონდები ესტუმრნენ მარსს, ვენერას, სატურნს, იუპიტერსა და მერკურის. უფრო მეტიც, საკუთარ კოსმოსურ ხომალდებს იუპიტერის მთვარეებსაც კი მოინახულებენ. თუმცა, მზის სისტემის შორეულ მოსადგომებში მდებარე ყინულის გიგანტებზე, ურანსა და ნეპტუნზე რაიმე კონკრეტული, მათთვის განკუთვნილი მისია არ იგეგმება.

ახალ მოხსენებაში, რომელშიც პლანეტური მეცნიერებისა და ასტრობიოლოგიის მთავარი პრიორიტეტებია წარმოჩენილი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების ექსპერტთა საბჭო ამ ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაციას გასცემს. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ინიცირებისთვის, საბჭო ურანის ზონდს მთავარ პრიორიტეტს ანიჭებს, როგორც შემდეგ ფლაგმანურ პლანეტურ მისიას.

მოხსენება, სახელად „წარმოშობა, პლანეტები და სიცოცხლე: პლანეტური მეცნიერებისა და ასტრობიოლოგიის დეკადური სტრატეგია 2023-2032“, მნიშვნელოვანი მოხსენებაა, რომელსაც NASA-ს მოთხოვნით ათწლეულში ერთხელ ამზადებს აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემია. მიზანი მომდევნო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამიზნეების გამოვლენაა.

და როგორც ჩანს, ამჯერად შეიძლება ურანის დროც დადგა.

„კომიტეტი ურანის ორბიტერსა და ზონდს ახალი ფლაგმანური მისიის უმაღლეს პრიორიტეტს ანიჭებს 2023-2032 ათწლეულში“, — წერს კომიტეტი მოხსენებაში.

მოხსენების რეკომენდაციით, ამ ზონდმა ურანზე მრავალწლიანი ორბიტული ტური უნდა განახორციელოს და შეისწავლოს მისი აქოთებული, მყრალი ატმოსფერო. მისიამ უპრეცედენტო რაოდენობის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს ზოგადად ყინულის გიგანტების და კონკრეტულად ურანისა და მისი მთვარეების შესახებ, რადგან ისინი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და იდუმალი ობიექტებია.

ეჭვგარეშეა, რომ ურანი ზედმეტად უცნაურია. ის მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელიც გვერდზეა გადაწოლილი, თანაც იმდენად, რომ მისი ბრუნვის ღერძი თითქმის ორბიტული სიბრტყის პარალელურია. მისი ატმოსფერო თითქმის ყველგან ჟონავს, მისი მაგნიტური ველი ძლიერ დაუბალანსებელია, აქვს ისეთი რგოლები, როგორც არც ერთ სხვა სხეულს მზის სისტემაში და ეს პლანეტა რენტგენულ სხივებსაც კი გამოყოფს.

ამ ყველაფრის საფუძველზე, ექსპერტთა კომიტეტი გვთავაზობს, რომ ურანი მნიშვნელოვან კვლევას იმსახურებს, არა მხოლოდ მისი გულისთვის, არამედ მთელი მზის სისტემის ევოლუციური ისტორიის უკეთ შესასწავლად; განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ზონდი, რომელმაც ამ პლანეტას ახლოს ჩაუარა, ვოიაჯერ 2 იყო 1986 წელს.

კომიტეტმა გაშვებისთვის იდეალური დროის რამდენიმე მონაკვეთი გამოავლინა 2030-იან წლებში; მათგან პირველია 2031 წელს. პლანეტურ ზონდებს ძალიან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო.

„ურანი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი სხეულია. დიდ გამოცანას წარმოადგენს მისი დაბალი შიდა ენერგია, ატმოსფეროს აქტიური დინამიკა და კომპლექსური მაგნიტური ველი.

როგორც საბჭო შენიშნავს, მზის სისტემის პირველყოფილ ეპოქაში მომხდარ გიგანტურ შეჯახებას უნდა გამოეწვია ურანის უკიდურესი ღერძული დახრილობა (ურანი თითქმის გვერდზე დაწოლილი ბრუნავს), სავარაუდოდ, ეს შეჯახება უნდა ყოფილიყო მისი რგოლებისა და თანამგზავრების წარმოქმნის მიზეზიც, მაგრამ ეს დაზუსტებით არ ვიცით. საბჭოს ექსპერტთა განცხადებით, ურანის დიდი, ყინულ-კლდოვანი მთვარეები ვოიაჯერ 2-ის შეზღუდულ მონაცემებში გეოლოგიური აქტივობის უცნაურ ნიშნებს ავლენენ და სავარაუდოდ, მათ წიაღში ოკეანეები იმალება.

ოკეანის მქონე პლანეტური სხეულები ასტრობიოლოგთა დიდი ინტერესის საგანია. მეცნიერთა აზრით ამ გეოლოგიურად აქტიურ სხეულთა ოკეანის ფსკერზე, ვულკანურმა ღრმულებმა შეიძლება არსებობის საშუალება მისცეს ქემოსინთეზურ კვების ჯაჭვზე დაფუძნებულ მთელ ეკოსისტემებს, ზუსტად ისეთს, როგორიც აქ, დედამიწაზეა ჰიდროთერმულ ღრმულებში.

რამდენიმე ასეთი სხეული მზის სისტემაში უკვე გამოვლენილია და ყველაზე იმედისმომცემი კანდიდატებია არამიწიერი სიცოცხლის საპოვნელად.

შედეგად, მეორე მთავარ პრიორიტეტად კომიტეტმა განსაზღვრა სატურნის ასეთი ოკეანური თანამგზავრი ენცელადი და პოტენციურ მისიას Enceladus Orbilander-ი უწოდა. ამ ყინულით დაფარულ მთვარეზე აღმოჩენილია წყლის ორთქლის ჭავლები, რომლებიც მისი ზედაპირქვეშა ოკეანიდან იფრქვევა. ამ ჭავლებიდან ნიმუშების აღებით, შეიძლება გაირკვეს ენცელადის ოკეანის სიცოცხლისთვის ხელსაყრელობა და ვინ იცის, იქნებ სიღრმეში არსებული სიცოცხლის ნიშნებიც დაფიქსირდეს.

დეკადური მოხსენების რეკომენდაციას საკმაოდ დიდი წონა აქვს, მაგრამ მისიის განხორციელების გარანტია ნამდვილად არ არის. წინა, 2013-2023 წლების მოხსენებაში ასევე იყო ურანისა და ენცელადის მისიების რეკომენდაცია, მაგრამ უფრო დაბალი პრიორიტეტით.

ურანის მისიის ღირებულებამ შეიძლება 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, მაგრამ ფასდაუდებელი იქნება პოტენციური სამეცნიერო სარგებელი. ასეთივე სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ენცელადის მისიასაც.

წინა მოხსენების ორი ყველაზე პრიორიტეტული მისია იყო მარსიდან ნიმუშების ჩამოტანისა და იუპიტერის ყინულოვანი, ასევე ოკეანური მთვარე ევროპას მისიები. ორივე ეს მისია ამჟამად განხორციელების ფაზაშია.

ახალი მოხსენების სხვა რეკომენდაციებს შორისაა მარსიდან ნიმუშების ჩამოტანის მისიის გაგრძელება; მარსის კვლევის პროგრამის აღდგენა; მთვარის კვლევის გაგრძელების მხარდაჭერა; და პირველად მოხვდა რეკომენდაცია NASA-ს იმ პროგრამის გაუმჯობესების შესახებ, რომელმაც დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ასტეროიდები უნდა იპოვის და უთვალთვალოს.

ამ მიზნების მიღწევამდე ალბათ ძალიან დიდი დროა, მაგრამ ვარსკვლავებამდე მოგზაურობა ხომ მცირე ნაბიჯებით იწყება.

„ეს მოხსენება წარმოაჩენს ამბიციურ, მაგრამ პრაქტიკულ ხედვას პლანეტური მეცნიერების, ასტრობიოლოგიის და პლანეტური თავდაცვის წინსვლის საზღვრებს შემდეგ ათწლეულში“, — ამბობს მოხსენების ერთ-ერთი ავტორი, კომიტეტის თანათავმჯდომარე რობინ კანაპი.

მისი განცხადებით, რეკომენდებულ მისიათა პორტფოლიო, მაღალპრიორიტეტული კვლევითი აქტივობები და ტექნოლოგიური განვითარება გარდამქმნელ წინსვლას მოგვცემს ადამიანთა ცოდნასა და წარმოდგენაში მზის სისტემის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ, ისევე როგორც სიცოცხლისა და დედამიწის მიღმა სხვა პლანეტურ სხეულთა სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შესახებ.

მოხსენების სრულად ნახვა შესაძლებელია აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.