რატომ არის პლანეტა ურანი უცნაურად დახრილი - ასტრონომებმა მიზეზი გაარკვიეს
რატომ არის პლანეტა ურანი უცნაურად დახრილი - ასტრონომებმა მიზეზი გაარკვიეს

ურანი უცნაურად გადახრილია. ის ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომლიც ფაქტობრივად „წამოწოლილი“ ბრუნავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ურანის ასეთი უცნაურობის მიზეზი უკვე იციან — შორეულ წარსულში მას დედამიწაზე ორჯერ დიდი კლდოვანი პლანეტა დაეჯახა.

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომის, ჯეიკობ კიგერეისის განცხადებით, როგორც დეტალური კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, მზის სისტემის მეშვიდე პლანეტას უზარმაზარი კლდოვანი სხეული შეეჯახა.

ურანი მზის სისტემაში უნიკალურია. მასიური პლანეტა დაახლოებით 90 გრადუსით არის გვერდზე გადახრილი. ასეთივე მდგომარეობაშია მისი ხუთი მოზრდილი მთვარეც. გადახრილია მისი მაგნიტური ველებიც, რომლებიც დედამიწის მსგავსად პოლუსებისკენ არ მიემართება. გარდა ამისა, ის ასევე ერთადერთი პლანეტაა სისტემაში, რომელსაც წიაღში ბირთვიდან წამოსული სითბო არ აქვს. თუმცა, აქვს სატურნის მსგავსი რგოლებიც, მაგრამ საკმაოდ მკრთალი და სუსტი.

კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ შეჯახებისა და ურანის გარდაქმნის პროცესი სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ჯეიკობ კიგერეისი ამ სასტიკი მოვლენის ანიმაციასაც აქვეყნებს.

NASA-ს უფროსი მეცნიერის, ჯიმ გრინის განცხადებით, ასევე შესაძლებელია, რომ დიდი ობიექტი, რომელიც ურანს შეეჯახა, დღემდე იმალებოდეს მზის სისტემის შორეულ ნაწილში. მისი თქმით, ეს სცენარი კარგად ხსნის ზოგიერთი სხეულის უცნაურ ორბიტას და ასევე ერგება თეორიას, რომლის მიხედვითაც, პლუტონს გადაღმა მეცხრე პლანეტა იმალება.

გრინი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ურანს პლუტონის ზომის პატარა სხეული დაეჯახა, მაგრამ ჯეიკობ კიგერეისი და პლანეტური მეცნიერი სკოტ შეფარდი უფრო დიდ ერთ ობიექტზე მიუთითებენ.

შეჯახება 3-4 მილიარდი წლის წინ მოხდა, სავარაუდოდ მანამდე, ვიდრე ურანის დიდი მთვარეები წარმოიქმნებოდა. მათ ნაცვლად იქ მატერიის დისკო იყო, რომლისგანაც თანდათან მთვარეები ჩამოყალიბდა. კიგერეისის თქმით, როცა ეს მოხდა, ურანის უცნაური დახრილობა გრავიტაციული ძალით მოქმედებდა ისე, რომ ექაჩებოდა და ხუთივე დიდ მთვარეს იგივე დახრილობა მიაღებინა.

კიგერეისის თქმით, ასევე უნდა წარმოქმნილიყო ყინულოვანი ქერქი, რომელიც ურანის შიდა სითბოს შიგნითვე კეტავს. ურანის ზედაპირის ტემპერატურა -216 გრადუსია.

ყინული გადამწყვეტი მახასიათებელია ურანისა და მისი მეზობელი პლუტონისთვის. დაახლოებით ათი წლის წინ, NASA-მ ამ ორ პლანეტას „ყინულოვანი გიგანტების“ კლასიფიკაცია მიანიჭა და სამუდამოდ გამოყო მზის სისტემის სხვა გიგანტური პლანეტების, გაზის გიგანტი იუპიტერისა და სატურნისგან.

მზისგან ბევრად უფრო შორს მდებარე ციცქნა პლუტონი, რომელიც ოფიციალურად პლანეტაც აღარაა, უკეთესადაა შესწავლილი, ვიდრე ურანი და ნეპტუნი. ამ ორი პლანეტის შესახებ ძირითადად ხომალდ Voyager 2-ის გადაფრენის შედეგად ვიცით, რომელმაც გასულ თვეში უკვე ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა.

შეფარდის თქმით, ურანი და ნეპტუნი მზის სისტემაში ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პლანეტებია.

თუმცა, მალე შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს. NASA ყინულის ამ ორ გიგანტთან ხომალდის გაშვებას გეგმავს.

ურანი 1781 წელს ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. მოგვიანებით, სახელი ბერძნული ცის ღმერთის პატივსაცემად უწოდეს.

მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.