სამყაროში შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი პლანეტა, სადაც ალმასები წვიმს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სამყაროში შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი პლანეტა, სადაც ალმასები წვიმს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერთა ვარაუდით, მთელი სამყაროს მასშტაბით, ბევრ პლანეტაზე შეიძლება ალმასები წვიმდეს. ამ დასკვნამდე მკვლევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჩვეულებრივი პლასტმასი გამოიყენეს იმ უცნაური ნალექების აღდგენისთვის, რომლებიც მათი აზრით, ურანისა და ნეპტუნის სიღრმეში უნდა წარმოიქმნებოდეს.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ ყინულის გიგანტი პლანეტების სიღრმეში, ზედაპირიდან ათასობით კილომეტრის ქვეშ, უკიდურესად მაღალი წნევა და ტემპერატურა წყალბადსა და ნახშირბადს მყარ ალმასებად გარდაქმნის.

ამჯერად, ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ამ ნაზავში ჟანგბადიც ჩართეს და აღმოაჩინეს, რომ „ალმასის წვიმა“ სამყაროში იმაზე მეტად უნდა იყოს გავრცელებული, ვიდრე გვეგონა.

მიჩნეულია, რომ ნეპტუნისა და ურანის მსგავსი ყინულის გიგანტები მზის სისტემის მიღმა პლანეტის ყველაზე გავრცელებული ფორმა უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალმასის წვიმა შეიძლება მთელი სამყაროს მასშტაბით ხდებოდეს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გერმანიის ლაბორატორია HZDR-ის ფიზიკოსი დომინიკ კრაუსი ამბობს, რომ ალმასის ნალექი საკმაოდ უნდა განსხვავდებოდეს დედამიწისთვის ჩვეული წვიმისგან.

მისი განცხადებით, ასეთი პლანეტების ზედაპირქვეშ იმალება „ცხელი, მკვრივი სითხე“, სადაც ალმასები წარმოიქმნება და ნელ-ნელა იძირება კლდოვანი, პოტენციურად დედამიწის ზომის ბირთვისკენ, რომელიც ზედაპირიდან 10 000 კილომეტრზე მეტ სიღრმეში უნდა იყოს.

როგორც ფიზიკოსი აღნიშნავს, ასე ჩაცვენილი ალმასები იქ უნდა წარმოქმნიდნენ ვრცელ ფენას, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული.

მართალია, ეს ალმასები ისეთი ბრჭყვიალა არ იქნება, როგორც დედამიწაზე, მაგრამ იქაც იმავე ძალების მიერ უნდა წარმოიქმნებოდეს, როგორც დედამიწაზე.

ამ პროცესის გამეორების მცდელობისას, მკვლევართა ჯგუფმა ამისათვის საჭირო ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ნარევი აღმოაჩინა საკმაოდ ხელმისაწვდომ წყაროში — PET პლასტმასში, რომელიც ფართოდ გამოიყენება საკვების შესაფუთი მასალებისა ბოთლების წარმოებისთვის.

კრაუსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებმა ძალიან სუფთა PET პლასტმასი გამოიყენეს, „პრინციპში, ექსპერიმენტმა კოკა-კოლას ბოთლებითაც უნდა იმუშაოს“.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა პლასტმასს კალიფორნიის ეროვნული ამაჩქარებელი ლაბორატორია SLAC-ის ძლიერი ოპტიკური ლაზერი მიაშუქეს.

„უკიდურესად კაშკაშა, ძლიერ მოკლე რენტგენულმა ანთებებმა“ მათ ნანოალმასების წარმოქმნის პროცესის ნახვის საშუალება მისცა — ეს ალმასები იმდენად პატარები იყო, რომ შეუიარაღებელი თვალით არც ჩანს.

„ამ პლანეტებზე წარმოდგენილი დიდი ოდენობით ჟანგბადი ნახშირბადისგან წყალბადის ატომებს ისრუტავს და შესაბამისად, ეს ალმასები უფრო ადვილად წარმოიქმნება“, — ამბობს კრაუსი.

ეს ტექნოლოგია შეიძლება მიგვანიშნებდეს ნანოალმასების წარმოების ახალი გზისკენ, რომელსაც გამოყენების ფართო და მზარდი დიაპაზონი აქვს, მათ შორის წამლებში, სამედიცინო სენსორებში, არაინვაზიურ ქირურგიაში და კვანტურ ელექტრონიკაში.

„ნანოალმასების წარმოების ამჟამინდელი მეთოდი მოითხოვს ნახშირბადის ან ალმასების აფეთქებას. ლაზერულმა წარმოებამ შეიძლება შემოგვთავაზოს უფრო სუფთა და ადვილად კონტროლირებადი მეთოდი“, — ამბობს SLAC-ის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი ბანჟამინ ოფორი-ოკაი.

ალმასების წვიმის კვლევა ჰიპოთეტური რჩება, რადგან ცოტა რამ ვიცით მზის სისტემის შორეული პლანეტების, ურანისა და ნეპტუნის შესახებ.

ყინულის ამ ორ გიგანტს ჯერ მხოლოდ ერთმა ხომალდმა გადაუფრინა, NASA-ს ვოიაჯერ 2-მა; მის მონაცემებს კვლევებში დღემდე იყენებენ.

შემდეგ ათწლეულში NASA ახალ მისიებს განიხილავს.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.