ჯეიმს ვებმა ურანს ამ დროისთვის ყველაზე დეტალური ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა ურანს ამ დროისთვის ყველაზე დეტალური ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ეს კვლავ მოახერხა — პლანეტა ურანი ახალ, საოცარ დეტალებში გადაიღო.

ფოტოზე ჩანს ყინულოვანი ცისფერი პლანეტის მოუხელთებელი რგოლები, ატმოსფერული შტორმები და მისი 27 მთვარე. ფონზე მოჩანს შორეული გალაქტიკებიც.

აღსანიშნავია, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ურანის მკრთალ რგოლებს ძლივს აფიქსირებდა.

ურანი

ფოტოებზე ჩანს პლანეტის სეზონური „ღრუბლის ქუდიც“, რომელიც ურანის ჩრდილოეთ პოლუსზე მორევივით ტრიალებს.

მეცნიერთა განცხადებით, პოლარული ქუდი უფრო გამოკვეთილი ხდება, როცა ურანი თავის 21-წლიან ზამთარში მზისკენ იხრება. ამ ქუდს ქვემოთ კაშკაშად მოჩანს შტორმებიც.

„შტორმების რაოდენობა, სიხშირე და ადგილი, სადაც ისინი ჩნდება ურანის ატმოსფეროში, შეიძლება განპირობებული იყოს სეზონურ და მეტეოროლოგიურ ეფექტთა კომბინაციით“, — წერს NASA.

ურანი

ურანი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პლანეტაა, რადგან ფაქტობრივად, გვერდზე დაწოლილი ბრუნავს, 98-გრადუსიანი კუთხით.

ამის გამო, მას მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე ექსტრემალური სეზონები აქვს.

მაგალითად, ურანის ერთი წელიწადი ჩვენს 84 წელიწადს გრძელდება. უკიდურესი დახრილობის გამო, მზე ურანის წელიწადის მეოთხედის განმავლობაში მის მხოლოდ ერთ პოლუსს ანათებს, რის გამოც, მისი ზამთარი ძალიან ხანგრძლივია და დედამიწის 21 წელიწადს გრძელდება.

ურანი

ურანი ამჟამად უახლოვდება კრიტიკულ მომენტს მზის გარშემო ორბიტაზე. 2028 წელს, პლანეტა შემდეგ მზებუდობას მიაღწევს და ჩრდილოეთ პოლუსი პირდაპირ მზისკენ იქნება მიმართული.

NASA-ს განცხადებით, ასტრონომები ემზადებიან, რათა დააკვირდნენ, როგორ გარდაქმნის ეს პროცესი პლანეტის შტორმების სისტემას, პოლარულ ქუდს და სხვა მახასიათებლებს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.