აღმოჩენილია უცნაური გალაქტიკა, რომელიც უკვე მკვდარი იყო მაშინ, როცა სამყარო ჯერ ძლიერ ახალგაზრდა იყო — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია უცნაური გალაქტიკა, რომელიც უკვე მკვდარი იყო მაშინ, როცა სამყარო ჯერ ძლიერ ახალგაზრდა იყო — #1tvმეცნიერება

როდესაც გალაქტიკა გაზისა და მტვრის მარაგს ამოწურავს, ვარსკვლავების დაბადების პროცესი წყდება. ამას მილიარდობით წელი სჭირდება.

თუმცა, ირკვევა, რომ სულ მცირე ერთი გალაქტიკა უკვე მკვდარი იყო მაშინ, როცა სამყარო ჯერ სულ რაღაც 700 მილიონი წლის იყო. საინტერესოა, რატომ, რა დაემართა?

სწორედ ამის გარკვევა სურდა ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფს.

„სამყაროს პირველი რამდენიმე მილიონი წელიწადი ძლიერ აქტიური ფაზა იყო, მაშინ გაზის ბევრი ღრუბელი კოლაფსირდებოდა და ახალ ვარსკვლავებს ბადებდა. ამისათვის, გალაქტიკას გაზის დიდი მარაგი სჭირდება და ადრეული სამყარო ამ მხრივ მართლაც მდიდარი იყო“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის კოსმოლოგი ტობიას ლუზერი.

როდესაც გალაქტიკა JADES-GS-z7-01-QU-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დააკვირდა, მასში მიმდინარე ვარსკვლავთწარმოქმნის ბევრი ნიშანი არ შეიმჩნეოდა. ამას ასტრონომები „ჩამქრალ“ მდგომარეობას უწოდებენ და ხდება მაშინ, როცა ვარსკვლავთა წარმოქმნა დაწყებიდან მალევე ჩერდება.

იმის გარკვევა, თუ რატომ ემართება ასეთი რამ ახალგაზრდა გალაქტიკას, მნიშვნელოვანი ნაბიჯია კოსმოლოგიაში. რატომ წყდება ვარსკვლავთა წარმოქმნა? ვარსკვლავთა წარმოქმნაზე მაშინაც ის ფაქტორები მოქმედებდა, რომლებიც დღეს?

ასტრონომთა ვარაუდით, ვარსკვლავთწარმოქმნის ჩაქრობა სწრაფად არ ხდება.

„გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმოქმნის შეწყვეტას მხოლოდ გვიანდელი პერიოდის სამყაროში ვხედავთ ან შავი ხვრელის, ან რაღაც სხვა მიზეზის გამო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის კოსმოლოგი ფრანჩესკო დ’ეუგენიო.

როგორც წესი, ვარსკვლავები გაზის ღრუბლების გაერთიანებით იბადებიან. ასეთი ინკუბატორები ძირითადად გაზით მდიდარი ადგილებია, მათ შორის, გალაქტიკები. JADES-GS-z7-01-QU-ის შესახებ ჯეიმს ვების მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ახალგაზრდა გალაქტიკაში, მისი დაბადების შემდეგ, ვარსკვლავთწარმოქმნის ძლიერ ინტენსიური პერიოდი იდგა. დაახლოებით 30-90 მილიონი წლის განმავლობაში, მასში ვარსკვლავთა წარმოქმნა გაშმაგებით მიმდინარეობდი, შემდეგ კი უცბად შეწყდა.

ეს სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ ასტრონომებმა ბოლომდე მაინც არ იციან, რატომ მოხდა ასე. აშკარაა, რომ მან გაზის მარაგი ამოწურა. შესაძლოა, მის ცენტრში არსებულმა სუპერმასიურმა შავმა ხვრელმა ვარსკვლავების წარმოქმნისთვის საჭირო ბევრი მასალა შთანთქა. პროცესზე დიდ გავლენას ახდენს შავი ხვრელიდან წამოსული სწრაფად მოძრავი ქარები და ჭავლებიც, რომლებიც ვარსკვლავთა წარმოქმნისთვის საჭირო მასალას მთლიანად ფანტავს გალაქტიკიდან.

ასევე შესაძლებელია, რომ მარაგი უბრალოდ JADES-GS-z7-01-QU-ში მიმდინარე ვარსკვლავთწარმოქმნის ძლიერ სწრაფმა პროცესმა ამოწურა. ლუზერის განცხადებით, ეს სულაც არაა შეუძლებელი.

„როგორც ჩანს, ადრეულ სამყაროში ყველაფერი სწრაფად და უფრო დრამატულად მიმდინარეობდა. მათ შორის, გალაქტიკები ვარსკვლავთწარმომქმნელი ფაზიდან სწრაფად გადადიოდნენ ჩამქრალ ფაზაში“, — ამბობს ლუზერი.

ჯეიმს ვების ამჟამინდელი მონაცემებით უცნობია, რა დაემართა ამ პატარა გალაქტიკას სამყაროს გარიჟრაჟზე. ასტრონომები მონაცემებს ჯერ კიდევ სწავლობენ.

„არ ვართ დარწმუნებული, შეუძლია თუ არა ამ რომელიმე სცენარს იმის ახსნა, რასაც ახლა ვხედავთ ვებით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი რობერტო მაიოლინო.

მისი განცხადებით, ამ დრომდე, ადრეული სამყაროს შესასწავლად თანამედროვე სამყაროზე დაფუძნებულ მოდელებს ვიყენებდით. თუმცა, ახლა, როცა შეგვიძლია დროში გაცილებით უფრო უკან გახედვა და დანახვა, რომ ვარსკვლავთწარმოქმნა ამ გალაქტიკაში ასე სწრაფად შეჩერდა, თანამედროვე სამყაროზე დაფუძნებულ მოდელებს შეიძლება უკვე გადახედვა ესაჭიროებოდეს.

ეს კი ნიშნავს უფრო მეტ დაკვირვებას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით.

„ამჟამად ადრეულ სამყაროში ამის მსგავს სხვა გალაქტიკებს ვეძებთ, რაც დაგვეხმარება გარკვევაში, როგორ და რატომ აჩერებდნენ გალაქტიკები ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნას. არ არის გამორიცხული, რომ ადრეულ სამყაროში გალაქტიკები კვდებოდნენ და შემდეგ ისევ ცოცხლდებოდნენ. ამის ზუსტად დასადგენად, მეტი დაკვირვება გვჭირდება“, — ამბობს ეუგენიო.

არსებობს ერთი შესაძლებლობა, რომლის შემოწმებაც ასტრონომებს სურთ. JADES-GS-z7-01-QU მკვდარი ჩანს მისი სიცოცხლის იმ დროში, როცა მას ჯეიმს ვები დააკვირდა. თუმცა, შესაძლებელია, რომ ვარსკვლავთწარმოქმნის შეჩერება მხოლოდ დროებით მოხდა. ამის მიზეზი შეიძლება ვარსკვლავთწარმომქმნელი მასალების ვარსკვლავთშორის სივრცეში პერიოდული გადინება იყო (რასაც შავი ხვრელი განაგებს). ვარსკვლავთწარმოქნმნის დროებითი შეჩერება სხვა გალაქტიკებშიც არის შემჩნეული, მაგრამ გაცილებით უფრო დიდებში.

ვინ იცის, იქნებ JADES-GS-z7-01-QU-მა ვარსკვლავთწარმოქმნა მოგვიანებით განაახლა. ამ შემთხვევაში, ის გაცილებით მასიური უნდა გამხდარიყო კოსმოსის ისტორიის გვიანდელ ეპოქაში.

ეს კი დამაინტრიგებელ იდეას გვთავაზობს — იქნებ სხვა ჩამქრალ გალაქტიკებსაც შესვენება აქვთ აღებული და ვარსკვლავთწარმოქმნა მოგვიანებით განაახლეს, სხვა გალაქტიკებთან შეჯახების შედეგად დიდი ოდენობით გაზის შედინებისას და ვარსკვლავთა ახალი თაობებიც წარმოქმნეს. ჯეიმს ვებმა შეიძლება უფრო მეტი ასეთი გალაქტიკა აღმოაჩინოს, რაც ასტრონომებს ჩაქრობის ფაზის უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას მისცემს.

მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით.