ჰაბლმა გადაიღო, როგორ იბადება ახალი ვარსკვლავი — #1tvმეცნიერება
ჰაბლმა გადაიღო, როგორ იბადება ახალი ვარსკვლავი — #1tvმეცნიერება

ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ღრუბლის ერთ პატარა კუთხეში, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჩვილი“ ვარსკვლავის განვითარების მომაჯადოებელი ეტაპი აღბეჭდა.

მას J025157.5+600606-ს უწოდებენ და მხოლოდ (შედარებით) ერთი ბეწო შებერილობაა გიგანტურ სულის ნისლეულში, კასიოპეას თანავარსკვლავედის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლის ეს მონაკვეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელოა დიდი ნისლეულის კომპლექსში, ბრწყინვალე ადგილია ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესის შესასწავლად.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ J025157.5+600606 ასახავს ე. წ. თავისუფლად დენად აორთქლებად გაზოვან ბურთულებს, იგივე FrEGG-ებს.

FrEGG-ები არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და ისინი განსაკუთრებულ გარემო პირობებს მოითხოვს.

ვარსკვლავურ ინკუბატორთა დიდ ღრუბლებში ვარსკვლავები იბადებიან მკვრივი მოლეკულური წყალბადის ცივი გროვებისგან, რომლებიც საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდებიან, ანუ, ვარსკვლავები სქელ მოლეკულურ ღრუბლებში იბადებიან.

როდესაც მასიური, კაშკაშა ვარსკვლავი აკაშკაშდება, მისი ძლიერი ულტრაიისფერი რადიაცია აიონიზებს წარმომშობ ღრუბელს და ქმნის იონიზებული გაზის დიდ, ცხელ ბუშტს, რომელსაც სტრიომგრენის სფეროს უწოდებენ.

FrEGG-ები ცივი გაზის მკვრივი გროვებია, რომლებიც სტრიომგრენის სფეროშია შეჯგუფებული და მრავალი მათგანი აქტიურად, საკუთრივ წარმოქმნის ვარსკვლავებს.

საზღვარი FrEGG-სა და სფეროს შორის ჰაბლის ფოტოზე მეწამულ ფერში მბრწყინავი რეგიონის სახით ჩანს, რადგან ახლომდებარე ცხელი ვარსკვლავისგან მომდინარე სითბო გაზის გარე ფენის ფოტოაორთქლებას ახდენს.

სიმკვრივის ასე დაკარგვა შიგნით შეხედვისა და ახალ ვარსკვლავების დაბადებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.

იმის გამო, რომ FrEGG-ები ასეთი მკვრივია, ეს პროცესი შიგნით ვარსკვლავთწარმოქმნას არ წყვეტს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც აბრკოლებს და ახშობს გაზის მიწოდებას, რაც შიგნით ვარსკვლავის წარმოქმნის პროცესს უნდა კვებავდეს.

ამ მიზეზის გამო, FrEGG-ებს შიგნით დაბადებული ვარსკვლავები შედარებით დაბალმასიანია, ვიდრე გაცილებით მასიური O და B-ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარ გაზს აორთქლებენ.

თუმცა, ასეთი რამ სულაც არ არის ცუდი. პატარა და ცივი ვარსკვლავები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ცხელები და მასიურები. შესაძლოა, სწორედ ასე დაიბადა მილიარდობით წლის წინ ჩვენი მზეც.

J025157.5+600606-ის სრულმასშტაბიანი ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ვებგვერდზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.