როგორ იბადება ვარსკვლავი — ჰაბლის ახალი, უნიკალური ფოტო
როგორ იბადება ვარსკვლავი — ჰაბლის ახალი, უნიკალური ფოტო

ზუსტად იმ დროს, როდესაც ფილმ „ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების“ ახალი, VII ეპიზოდი გამოვიდა, ნასას ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო ობიექტი, რომელიც კოსმოსურ, ორმახვილიან სინათლის ხმალს წააგავს.

სურათის ცენტრალური ნაწილში, ნაწილობრივ მტვრით დაბინდულ ზონაში ჩანს ახლად დაბადებული ვარსკვლავი, რომელიც კოსმოსში ორ ჭავლს ისვრის და მთელ სამყაროს აუწყებს დაბადების შესახებ.

ეს ციური სინათლის ხმალი ჩვენს გალაქტიკაში, ირმის ნახტომში მდებარეობს. მოქცეულია ვარსკვლავების ინკუბატორში, ტურბულენტურ, მგრგვინავ ზონაში, რომელსაც ორიონ B-ის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსს უწოდებენ, ჩვენგან 1350 სინათლის წლის მანძილზე.

როდესაც ცივი მოლეკულური წყალბადის გიგანტურ ღრუბლებში ვარსკვლავები იბადება, გარშემო არსებული მატერიის გარკვეული ნაწილი გრავიტაციის ძალით კოლაფსირდება და წარმოიქმნება მბრუნავი, გაბრტყელებული დისკო, რომელიც ახლად დაბადებულ ვარსკვლავს აკრავს გარს.

იქამდე, ვიდრე ამ დისკოსგან პლანეტები დაიბადება, პროტოვარსკვლავი ამ დისკოს ნაწილს ხარბად სანსლავს და მის ხარჯზე ზომაშიც იზრდება. ამ დროს სუპერცხელი მატერია ახალი ვარსკვლავის პოლუსებიდან წარმოუდგენელი სისწრაფით გაიტყორცნება.

ამ ჭავლების გასწვრივ წარმოიქმნება შოკური ტალღები, რომლებიც მიმდებარე გაზს ათასობით გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე აცხელებს. ამავე დროს, ჭავლები ეჯახება მიმდებარე გაზსა და მტვერს და ასუფთავებს საკმაოდ დიდ სივრცეს, დაახლოებით ისე, წყლის ჭავლით რომ ქვიშის ბორცვი დაშალო.

საბურველში გახვეული ვარსკვლავის მარჯვნივ, ორი კაშკაშა წერტილიც ახალგაზრდა ვარსკვლავია.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ამ პროცესს ინფრაწითელ დიაპაზონში დააკვირდა. ეს ახალგაზრდა ჭავლები იდეალური სამიზნე იქნება ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისთვის (გაეშვება 2021 წელს), რომელსაც ინფრაწითელ დიაპაზონში გაცილებით მძლავრი ხედვა ექნება და ახლად დაბადებულ ვარსკვლავთა მტვრის საბურველში უფრო ღრმად შეიხედავს.

მომზადებულია hubblesite.org-ის მიხედვით.