NASA-მ კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადადო
NASA-მ კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადადო

მას შემდეგ, რაც გაეშვება, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი და ტექნიკურად კომპლექსური კოსმოსური ტელესკოპი გახდება.

უმძლავრეს ინფრაწითელ ინსტრუმენტთა გამოყენებით, ეს ტელესკოპი შეისწავლის სამყაროს ადრეულ ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს, ახლომდებარე ვარსკვლავებთან არსებულ ეგზოპლანეტებს, ისევე როგორც მზის სისტემის მთვარეებსა და ასტეროიდებს.


იმის გამო, რომ ტელესკოპი ძალიან კომპლექსურია და სჭირდება ბევრი ტესტირება, სამწუხაროდ, მისი გაშვება უკვე არაერთხელ გადაიდო. 28 მარტს NASA ავრცელებს ინფორმაციას ჯეიმს ვების გაშვების კიდევ ერთხელ გადადების შესახებ.

სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტელესკოპი დაახლოებით 2020 წლის მაისისთვის გაეშვება.

გადაწყვეტილება პროექტის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო, რადგან მათი აზრით, გაშვებამდე კიდევ დარჩენილია ფინალური ტესტები, რადგან მიმდინარე ტესტირებისას გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი.


NASA-ს ხელმძღვანელი გორდონ ლაიტფუტი შეშფოთებულია, მაგრამ მაინც იმედიანად განწყობილი.

„ვები სააგენტოს მაღალპრიორიტეტული პროექტია. გარდა ამისა, წარმოადგენს აშშ-ის ისტორიაში უმსხვილეს საერთაშორისო კოსმოსურ პროექტს.

ტელესკოპის ფრენისთვის საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა დასრულებულია, მაგრამ გაირკვა, რომ ამ ამბიციური და კომპლექსური ობსერვატორიის სრულყოფისთვის, კვლავ რჩება რამდენიმე მცირე დეტალი“.


ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მსოფლიოს მოწინავე ინფრაწითელი კოსმოსური ობსერვატორია იქნება შემდეგ ათწლეულში. ვები კაცობრიობას დაეხმარება მზის სისტემის საიდუმლოების ამოხსნაში, მახვილ მზერას მიაპყრობს შორეულ ვარსკვლავებთან მოძრავ სხვა პლანეტებს, შეისწავლის მრავალ იდუმალ სტრუქტურას, სამყაროს წარმოშობას და ჩვენს ადგილს.

ჯეიმს ვები NASA-ს საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ის ევროპისა და კანადის კოსმოსურ სააგენტოებთან ერთად ახორციელებს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი